მე-5 ტურის თბილისური მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში
მიმდინარეობს. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „ოლიმპი“ და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი
დაუპირისპირდნენ.
გამარჯვება გასული სეზონის ვერცხლისმედალოსან სპორტის სამინისტროს
გუნდს დარჩა.
ფავორიტისა და აუტსაიდერის დაპირისპირება სანახაობრივი
ვერ გამოდგა და მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. „ოლიმპმა“ მედიკოსებს მხოლოდ პირველ
მეოთხედში მისცა გალაღების საშუალება და 4-ქულიანი მარცხი აკმარა. მეორე ათწუთეულიდან
კი სპორტის სამინისტროს გუნდმა სისწრაფე აკრიფა, სამიზნეც გაისწორა და დიდი შესვენებისთვის
53:32 დაწინაურდა.
ოლიმპელთაგან ლევან ფაცაცია და ნიკოლა ტუტუსი გამოირჩეოდნენ.საერთოდ
კი სამინისტროს გუნდში ყველა გამოირჩეოდა, ვინც მოედანზე გამოვიდა. გუნდური თამაშის
წყალობით „ოლიმპმა“ თამაშის ბედი მესამე მეოთხედის ბოლო გადაწყვიტა. მატჩის ბოლო პერიოდის
დაწყებამდე სამინისტროს გუნდი 37 ქულით იგებდა.
საბოლოოდ „ოლიმპმა“ 43 ქულის სხვაობით გაიმარჯვა და
მიმდინარე სუპერლიგაში კვლავაც დაუმარცხებელია. მატჩის საუკეთესო შედეგი ოლიმპელ ლევან
ფაცაციას ჰქონდა, რომელმაც 17 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა. 16 ქულა და 12 მოხსნა კი
მისი თანაგუნდელის სტივენ მილოშევიჩის ანგარიშზეა.
დამარცხებულთაგან ორმაგი დუბლი (13 ქულა, 10 მოხსნა) გიორგი რევაზაშვილმა მიითვალა.
ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელიც 14 საათზე დაიწყება,
ერთმანეთს „რუსთავი“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდებიან.
მატჩიშემდგომი პრესკონფერენცია:
გია კაზანჯიანი
(ოლიმპი): შესაძლოა ითქვას, რომ ჩემპიონატი
ჩვენთვის ახლა იწყება. გუნდი ნელ-ნელა შედის ფორმაში და ძლიერ გუნდებს სრული მომზადებით
ვეთამაშებით. პირველ ტაიმში გარკვეული ხარვეზები გვქონდა, თუმცა მეორეში ნახევარში თამაში გავაუმჯობესეთ. ვფიქრობ,
დაცვაში ჯერ კიდევ შესათამაშებლები ვართ და ბევრი სამუშაო გვაქვს.
კახა შენგელია
(თსსუ): მატჩი ლოგიკურად დასრულდა. მაგრამ მაინც არ ველოდით ასეთი სხვაობით დამარცხებას.
ვფიქრობ, მცირე მომენტებში ჩვენმა გუნდმა
გაიბრწყინა,რაც იმის იმედს მაძლევს,
რომ ჩვენი გუნდი ჩემპიონატში სასურველ შედეგს აჩვენებს.
საბა ლობჟანიძე
(ოლიმპი): თავიდან თამაში არეულად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ მოვახერხეთ მობილიზება და
თამაში დავალაგეთ, რაც შედეგეც აისახა.