სუპერლიგის მორიგი ტური საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მატჩით დასრულდა. საკალათბურთო კლუბმა “ვერამ”, რომელიც პირველი წრის შემდეგ 8 მოგებითა და 2 მარცხით მეორე ადგილს იყოფდა, მეორე წრეში მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო და სატურნირო მდგომარეობასთან ერთად იმიჯიც გვარიანად გაიუარესა. ლიდერებიდან “ვერა” აუტსაიდერებში გადავიდა, თუმცა პირველ წრეში მოპოვებული ბევრი გამარჯვებები ადგილს ცხრილის ზედა ნაწილში ჯერჯერობით უნარჩუნებდა.
სწორედ ამის გამო, იმიჯის აღსადგენად და ცხრილში უიმედო დაქვეითების თავიდან ასაცილებლად ვერელებს რეაბილიტაცია სჭირდებოდათ, რასაც უთუოდ მოუტანდა დღევანდელი მეტოქის ძლევა, თუმცა “ოლიმპი” რიგითი გუნდი არ გახლავთ. დავით როგავასა და დავით არწივიძის გაწვრთნილმა გუნდმა , რომელიც ცხრილში “ვერას” მეზობელი და შესაბამისად უშუალო კონკურენტია, დიდებულად ითამაშა და ისეთი შეხვედრა მოიგო, რომლის მოგონებებიც დიდ ხანს გაჰყვებათ მოთამაშეებსაც და ქომაგებსაც.
“ვერამ” ძალიან მობილიზებულად დაიწყო თამაში და ლიდერობას თავიდანვე დაეპატრონა. პირველი პერიოდი დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა ვერელებმა 23:15 მოიგეს, ხოლო მეორე ათწუთეული ფრედ – 19:19 დასრულდა და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. მესამე პერიოდში საარაკო ამბავი მოხდა. ოლიმპელებმა მეტოქეს ისეთი გაქცევა მოუწყეს, რომლის ანალოგიც არათუ სუპერლიგაში, ზოგადად კალათბურთში იშვიათად მოიპოვება. დაახლოებით 6-წუთიანი მონაკვეთი როგავას გუნდმა 30:4 მოიგო და 13-ქულიანი ჩამორჩენა (36:49) 13-ქულიან ლიდერობად აქცია (66:53).
ასეთი კატასტროფული 6 წუთის შემდეგ ვერელებმა საკუთარ თავში ძალა მონახეს და თამაშში ხომ დაბრუნდნენ. მოსაგებადაც გაიწიეს. ბოლო პერიოდის დასაწყისში ობრი მაკალპინის, ზაკ სელიასის, ვახტანგ ქადარიას და გიორგი ვახანიას მექულეობას ვერელთა დაწინაურება მოჰყვა – 74:67 შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე. ახლა კვლავ ოლიმპელებს გაუხდათ თამაში გადასარჩენი, რაც კახაბერი ჯინჭარაძის, გივი ბაქრაძის… ზოგადად გუნდის შეკრული და ბრძოლისუნარიანი თამაშთ მოახერხეს კიდეც.
ოლიმპმა” ლიდერობა შეხვედრის დასრულებამდე სამწუთნახევრით ადრე, იმორას ეიჯის შედეგიანი შეტევის შემდეგ დაიბრუნა (77:76), რასაც გივი ბაქრაძის უბადლო თამაში მოჰყვა და დავით როგავას გუნდმა გამარჯვება გაინაღდა. საბოლოოდ 85:80 (სტატისტიკა) და “ოლიმპმა” ვერას მე-3 ადგილი წაართვა.
სუპერლიგის მომდევნო ტურის მატჩები 10 და 11 აპრლილს გაიმართება, მანამდე კი საქართველოს თასის გათამაშების ოთხთა ფინალი ჩატარდება.