ოლიმპის გამარჯვება კაკტუსთან

ოლიმპის გამარჯვება კაკტუსთან

სტატისტიკა გალერეა

სუპერლიგის მე-13 ტურის რიგით მესამე შეხვედრა დღეს
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. ერთმანეთს „კაკტუსი“ და „ოლიმპი“ დაუპირისპირდნენ.
დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლა „ოლიმპის“ გამარჯვებით – 79:76 დასრულდა.

შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გაირკვა, მანამდე კი „ოლიმპი“
ლიდერობდა – ძირითადად მცირედით, თუმცა მესამე პერიოდის მიწურულს ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა
ოლიმპელებმა 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 55:43.

არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი „კაკტუსის“ მოთამაშეებმა მოინდომეს
და ეს ჩამორჩენა მალევე გააბათილეს და შემდეგ დაწინაურებაც მოახერხეს. მატჩის დასრულებამდე
6 წუთით ადრე „კაკტუსი“ 63:61 გალიდერდა, თუმცა ამან დიდ ხანს არ გასტანა. „ოლიმპმა“
ლიდერობა დაიბრუნა, რომელიც მატჩის ბოლომდე, დიდი ბრძოლის შედეგად შეინარჩუნა და
79:76 იმარჯვა.

„ოლიმპში“ 18 ქულითა და 8 პასით საუკეთესო იყო რევაზ
როგავა. 15 ქულა მოაგროვა თრე ბურნეთმა. რაც შეეხებათ კაკტუსელებს, 20 ქულით თავი ტაილერ
უაითმა გამოიჩინა, ჯონ ფლოვიესის ანგარიშზე კი 13 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ოლიმპს დამსახურებულ გამარჯვებას. ჩვენ გუნდში ალბათ რაღაც სახის კრიზისია, სამი თამაშია დაცვაში ცუდად ვთამაშობთ. შევეცდებით დაცვაში თამაში გამოვასწოროთ, ამ დაცვით ჩვენც არცერთ გუნდთან არ გვაქვს შანსი. 
ლეონიდ ივატინი (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ დაცვის ხარჯზე მოვიგეთ ეს თამაში. ყველა ყველას აზღვევდა და ცდილობდა ერთმანეთის შეცდომები გამოესწორებინა მოედანზე, რაც არ გვქონია გასულ თამაშებში. ასე ვიტყვი: წინა თამაშში სხეულებით იატაკზე ვეგდეთ და ცნობიერება დაკარგული გვქონდა, მთელ გუნდს ჩემი ჩათვლით. ჩვენ ვიცით კარგი კალათბურთის თამაში, როტაციაც კარგად გამოგვდის, თუმცა ვფიქრობ რომ კონცენტრაცია და თვითდაჯერება არ გვყოფნის რიგ შემთხვევებში. დღევანდელ თამაშზე ბევრი ვიმუშავეთ, ვიცოდით რა გველოდა და გეგმის განხორციელება გამოგვივიდა. ვულოცავ ჩემ გუნდს გამარჯვებას.