„ოლიმპისა“ და
„არმიას“ პირველმა ნახევარფინალურმა მატჩმა მოლოდინი არ გაამართლა. გია კაზანჯიანის
გაწვრთნილმა ოლიმპელებმა მეტოქე ძალიან იოლად – 36 ქულის სხვაობით დაამარცხეს და სერიაში
1:0 დაწინაურდნენ.
არმიელებმა, რომლებმაც
მეოთხედფინალში „დინამოსთან“ დიდი ბრძოლა გადაიტანეს, მორიგ მეტოქეს წინააღმდეგობა
ვერ გაუწიეს. მატჩი სავარაუდოდ უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ არა არმიელთა 2 მეფარის
– გიორგი შარაბიძისა და ზვიად ბაბიაშვილის არყოფნა. ამ კალათბურთელებმა დღევანდელი
მატჩი ტრავმის გამო გამოტოვეს.
„ოლიმპმა“ პირველი
მეოთხედი 27:8 მოიგო, მეორის შუაწელში კი 44:14 დაწინაურდა. სპორტის სამინისტროს გუნდის
წევრებს შორი სროლებიც მისდიოდათ და ფარქვეშა ბრძოლებშიც გვარიანი უპირატესობა ჰქონდათ.
სტევან მილოშევიჩი სამწამიანი ზონიდან ქულებს უხვად იხვეჭდა, ხოლო შორი დისტანციიდან
ოლიმპელებმა პირველ ტაიმში 7 სამქულიანი (ფაფაციამ – 3, ანდრიუკაიტისმა- 2, გულისაბედაშვილმა
და ბერიშვილმა – თითო) ჩააგდეს. დიდი შეხვენებისთვის კაზანჯიანის გუნდი 47:32 ლიდერობდა
და ცხადი იყო, გამარჯვების მოპოვებაში წინ ვეღარავინ დაუდგებოდა.
მეორე ტაიმში
არაფერი შეცვლილა. უფრო სწორედ, ის შეიცვალა, რომ ოლიმელებმა ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს
და ბოლო მეოთხედში მათმა უპირატესობამ 40 ქულას გადააჭარბა. საბოლოოდ, კაზანჯიანის
გუნდმა 103:6 7 გაიმარჯვა და სერიაში დაწინაურდა. გამარჯვებულთაგან 7-მა კალათბურთელმა
გამოსახა საკუთარი მონაგარი ორნიშნა რიცხვით. ყველაზე მეტი, 18 ქულა სტევან მილოშევიჩმა
მიითვალა, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე 16 მოხსნაც ჩაიწერა. არმიელთაგან ბომბარდირი
გიორგი გამყრელიძე გახდა, ხოლო გიორგი ჯგერენაიამ მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა –
12 ქულა, 13 მოხსნა.
ამ გუნდებს შორის
ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი ხვალ, 9 მაისს, სპორტის სასახლეში, 20 საათზე გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
გია კაზანჯიანი(ოლიმპი): მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. აღვნიშნავ თავდასხმაში
და განსაკუთრებით დაცვაში კარგ თამაშს. არმიას 2 ძირითადი მოთამაშე აკლდა და ამანაც
იქონია გავლენა. თუმცა არც ჩემს ბიჭებს დავუკარგავ ბრწყინვალე ასპარეზობას.
კოტე ტუღუში(არმია): პირველ რიგში, მოგილოცავთ აღდგომის დღესასწაულს.
რაც შეეხება თამაშს, ძალიან მძიმეა ჩემთვის კომენტარის გაკეთება. სამწუხაროა, რომ საქართველოს
ჩემპიონატის ნახევარფინალის თამაშს ორგზის ჩემპიონი ასეთი ანგარიშით ვაგებთ. სეზონში
ორჯერ გუნდის სრულიად სახეცვლილება ძალიან რთულია, იანვრის შემდეგ მოგვიწია ამის გაკეთება და ნახევარფინალების წინ კიდევ ერთხელ დავდექით ასეთი სირთულის წინაშე. დაგვაკლდა
2 წამყვანი მოთამაშე 4-5 ნომერზე. გულშემატკივარს ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რომელსაც
შეჩვეულები არიან. თუმცა სერია გრძელდება და მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი შანსები
გამოვიყენოთ. მძიმე თამაშები გველის, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ მოგებისთვის. მივულოცავ
ოლიმპს გამარჯვებას.
სტეფან მილოშევიჩი(ოლიმპი): მოსაგებად გამოვედით
და გავიმარჯვეთ. კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით
დაცვაში. ვამაყობ ჩემი გუნდით.
ზვიად ბაბიაშვილი(არმია): მივულოცავ
,,ოლიმპს’’ გამარჯვებას. ძალიან კარგად ითამაშეს, გუნდი მობილიზებულად გამოიყურებოდა.
მიუხედავად შემადგენლობაში დანაკლისისა, ბიჭები ძალიან მონდომებულები ვართ. მადლობა მათ ასეთი
თავდადებისთვის, მართლა გაუჭირდათ. სამწუხაროდ, მე და შარაბიძე ვერ დავეხმარეთ გუნდს.
ოლიმპი – არმია 103:67
შსს აკადემია – ქუთაისი 83:62