გუშინ რეგიონებში დაწყებული სუპერლიგის მორიგი ტური დღეს თბილისში გრძელდება. შეხვედრაა დაგეგმილი ბათუმშიც, თუმცა მანამდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 შეხვედრა უნდა გაიმართოს. პირველი მატჩი დასრულდა, რომელშიც “დინამო” დამარცხდა და სუპერლიგიდან “ა” ლიგაში დაქვეითების ზღვარზე მივიდა. დინამოელებს სუპერლიგაში დარჩენის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩათ, რომლის პრაქტიკაში განხორციელება ძალიან რთული იქნება.
“დინამომ” იბრძოლა, მაგრამ ბოლო მატჩებში გამარჯვების გზებზე შემდგარ “ოლიმპს” ვერაფერი მოუხერხა. დავით როგავას გაწვრთნილ ოლიმპელებს წინა 3 შეხვედრა მოგებული ჰქონდათ და წარმატებული მატჩების სერია 4-ამდე გაზარდეს. ამ გამარჯვებამ როგავას გუნდს ცხრილში მე-3 ადგილი მოუტანა და დარჩენილ 4 ტურში “ოლიმპი” კიდევ უფრო მაღლა ასვლას შეეცდება, რათა “ქუთაისს” გადაასწროს და პლეი ოფში შეხვედრის შემთხვევაში იმერულ კლუბთან მოედნის უპირატესობა ჰქონდეს.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს “ოლიმპმა” საბოლოოდ იოლად კი მოიგო, მაგრამ პირველ ნახევარში გაუჭირდა. დინამოელებმა საწყისი პერიოდი შესანიშნავად ჩაატარეს და ათწუთეულის შემდეგ 22:18 იგებდნენ. მეორე მეოთხედში ოლიმპელებმა თამაში დაცვის ხარჯზე გამოასწორეს. საქმეში კარგად ჩაერთო ლუკა კალატოზიშვილი, რომელიც ფარქვეშ იდეალურად შეუწყვილდა ილია ლონდარიძეს, თუმცა უკანა ხაზსაც ეხმარებოდა პერიმეტრზე სწორი ტაქტიკური მოქმედებითა და ზუსტი შორი სროლებით. როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე იყო კახა ჯინჭარაძე, რომლის ლიდერობითაც “ოლიმპმა” დიდი შესვენებისთვის ლიდერობა მოიპოვა – 43:38.
მესამე პერიოდში ჟოლივეტ ტუჯანის გაწვრთნილი დინამოელები გადაღლილები ჩანდნენ, რომლებიც ვერ აჰყვნენ ოლიმპს სწრაფ თამაშში და დიდი ანგარიშით ჩამორჩნენ. მესამე პერიოდი ოლიმპმა 10 ქულის სხვაობით მოიგო და გამარჯვებულის ვინაობაც საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გაარკვია. საბოლოოდ ოლიმპელებმა 91:73 (სტატისტიკა) იმარჯვეს, რაშიც ლომის წილი 14 ქულით, 9 მოხსნით და 5 პასით იმორას ეიჯმა დაიდო. 20 ქულით ბომბარდირი კახა ჯინჭარაძე გახდა, ხოლო ლუკა კალატოზიშვილის ანგარიშზე 15 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. დინამოში 20-20 ქულით ბენჯამინ ქოლეჯი და ჯოშუა თრედველი გამოირჩნენ.