კიდევ ერთი ოვერტაიმიანი და დაძაბულობით გამორჩეული მატჩი. „ოლიმპისა“
და „დინამოს“ დაპირისპირების ძირითადმა 40 წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
დამატებით
დროში კი ძირითადი ხუთეულის 3 წევრის გარეშე დარჩენილმა დინამოელებმა უშანსოდ წააგეს
– 82:92.
არადა, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილ დინამოელებს გამარჯვება თითქმის გარანტირებული
ჰქონდათ, მაგრამ „ოლიმპმა“ იმდენი მოახერხა, რომ თითქმის უიმედო სიტუაციაში მყოფმა
შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. თავად განსაჯეთ: ძირითადი დროის დასრულებამდე
23 წამით ადრე „დინამო“ 3 ქულით იგებდა, ხოლო შოთა გელაზონიას საჯარიმოს ხაზიდან უპირატესობის
გაზრდა შეეძლო. ახალგაზრდა კალათბურთელმა, რომელიც მოედანზე 5 პერსონალურის მიმღები
მილან ოლუიჩის ნაცვლად იმყოფებოდა, ორივე სროლა ააცილა.
79:82 ჩამორჩენილმა „ოლიმპმა“ შეტევა წამოიწყო და ანგარიშის შორი სროლით
გათანაბრება დააპირა, მაგრამ ჯერ ჯერ ლევან ფაცაციამ ააცილა სამქულიანი, ხოლო შემდეგ
ესტონელმა ტენ სოკმა. ამ უშედეგო სროლებისას ოლიმპელები ასხლეტილი ბურთის მოსაპოვებლად
ბოლომდე იბრძოდნენ და გარჯა დაუფასდათ კიდეც. სოკის აცილებული ფაცაციამ მოხსნა, პერიმეტრზე
კოკა ტომარაძე მონახა და ამ უკანასკნელმა ძირითადი დროის დასრულებამდე 6 წამით ადრე
ზუსტი სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა – 82:82.
მთავარი ამბები შემდეგ, ძირითადი დროის ბოლო 6 წამში მოხდა. დინამოელებმა
ბურთი გვერდითი ხაზიდან უხეიროდ შემოიტანეს და სოკმა მორიგი ჩაჭრა მიითვალა. ოლიმპელებს
შესატევად 3 წამი ჰქონდათ. გია კაზანჯიანმა შეცვლა განახორციელა, რითაც მატჩი კინაღამ
ძირითადშივე მოიგო. მოედანზე დაბრუნებულმა
აკაკი დვალიშვილმა ბურთი მიიღო, ფარქვეშ შევიდა და ისეთი პოზიციიდან ვერ ჩააგდო, საიდანაც
სხვა სიტყუაციაში ალბათ 10-დან 10-ს ჩააგდებდა. ბურთი კი აცდა, მაგრამ დინამოელთა ერთ-ერთი
დამცველი ფარის ბადეს შეეხო. ოლიმპელები ითხოვდნენ, რომ მსაჯს ბურთი ჩაეთვალა, რადგან
მათი მტკიცებით, დინამოელის აქტიურობამ ფარის ვიბრაცია გამოიწვია. მსაჯებმა 2 ქულა
არ ჩათვალეს და შეხვედრა დამატებით დროში გადაიზარდა.
ოვერტაიმში ის იქნებოდა მოულოდნელი, რომ „დინამოს“ მოეგო. ხოშტარიას გუნდი
სასტარტო ხუთეულის სამი წევრის – მილან ოლუიჩის, ირაკლი კეიდიასა და იოსებ ლეჟავას
გარეშე იყვნენ დარჩენილები და დამატებით ხუთწუთეულში ისე დამარცხდა, წარმატების შანსი არ მისცემია.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
გია
კაზანჯიანი(ოლიმპი): ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. ისეთივე
საინტერესო მატჩი გამოდგა, როგორიც წინა ტურში სოხუმსა და რუსთავს შორის იყო.
დინამოსთან ყოველთვის დაძაბული თამაშები გვაქვს, გასული წლის პლეი–ოფშიც ოვერტამმა
გამოავლინა გამარჯვებული. გუნდში ისევ პრობლემებია – თენეიშვილის ტრავმა,
მილოშევიჩს დრო სჭირდება ფორმაში შესასვლელად. მომდევნო ტურამდე 2 კვირაა, ამ დროს
მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რათა დაცვაში თამაში გავაუმჯობესოთ.
მამუკა
ტურაშვილი(დინამო, ასისტენტი): მივულოცავ ოლიმპს გამარჯვებას. ფარი
22ბურთით წავაგეთ, რაც ძალიან ბევრია. ამაზე სამუშაო გვაქვს. ტრავმები ისევ
სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის. ბოლოს 3 ძირითადი მოთამაშის გარეშე დავრჩით,თუმცა
ბიჭებმა მაინც ბოლომდე იბრძოლეს.
კოკა ტომარაძე(ოლიმპი):
დაცვაში დიდი ხარვეზები გვაქვს, მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხეთ მოგება.
დინამოს კარტერი აკლდა, რომელიც გუნდისთვის სერიოზული ძალაა.
ირაკლი კეიდია(დინამო):
პირველ რიგში, ვულოცავ ოლიმპს გამარჯვებას. დაძაბული და საინტერესო
თამაში იყო. ვიბრძოლეთ, თუმცა ბოლოს ძალა აღარ გვეყო. ფარი წავაგეთ, რამაც
განაპირობა ჩვენი მარცხი.
ოლიმპი – დინამო 92:82