სტატისტიკა
გალერეა ძალიან საჭირო და პრინციპული გამარჯვება მოიპოვა თბილისის
„ოლიმპმა“. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატის 5
მატჩიდან 2 ბრძოლაში, ბოლო წუთებზე წააგო და ცხრილის ქვედა ნახევარში განთავსდა, უშუალო
კონკურენტ „დინამოს“ შეხვდა და გამარჯვების შემდეგ ქულებით გაუთანაბრდა.
„ოლიმპის“ მწვრთნელი, გია კაზანჯიანი აქამდე წაგებულ
მატჩებს თავისი გუნდის წევრების ინერტულობას აბრალებდა. მისი განცხადებით, მოთამაშეები
არ იბრძოდნენ სათანადო დონეზე და გამარჯვებას უფრო მონდომებულ ოპონენტებს რჩებოდათ.
დღევანდელ მატჩზე კი ამას კაზანჯიანი ვერ იტყოდა, რადგან სწორედ ბრძოლით და დაამარცხა
„ოლიმპმა“ „დინამო“.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო მეოთხედში დინამოელებმა
ძალიან ბევრი სროლა ააცილეს, რაც, ცხადია, ოლიმპელთა კარგი დაცვის დამსახურებაა. არადა,
„დინამომ“ ის ჩამორჩენა, რომელიც მეორე მეოთხედში დაფიქსირდა, მესამე პერიოდში გააბათილეს
და ხელჩასაჭიდი უპირატესობაც მოიპოვეს. ბევრით არა, მაგრამ 6-8 ქულით ოლიმპელები დიდ
შესვენებამდე ლიდერობდნენ, თუმცა „დინამომ“ მესამე ათწუთეულში თამაში დაალაგა და გუნდური
ძალისხმევით, პერიოდის 23:9 მოგებით 49:43 დაწინაურდა.
ეს ანგარიში დაფიქსირდა მესამე მეოთხედის ბოლოს, რის
შემდეგაც ოლიმპელებმა კარგი თამაშით ვითარება კარდინალურად შეცვალეს. კაზანჯიანის გუნდმა
საიმედო დაცვითი ზღუდის შექმნით „დინამოს“ ქულების მოპოვება მაქსიმალურად შეუზღუდა
თავად კი სწრაფი შეტევებით და შორი სროლებით უხვად იხვეჭდა და ამით იმხელა უპირატესობა
მოიპოვა, თამაშის ბედი საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე გადაწყდა. „ოლიმპის“ ლიდერობამ
10 ქულას გადააბიჯა და „დინამომ“ წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა. ცნობისთვის: ბოლო
პერიოდი „ოლიმპმა“ 24:6 მოიგო.
გამარჯვებულებს 17 ქულით, 6 მოხსნით და 4 ჩაჭრით ჯერემი
ბაინამმა ულიდერა, 12-12 ქულა მოაგროვეს რეზო როგავამ და სერგეი ალფიოროვმა, სერბ მილან
ოლუიჩს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 10 ქულა და 9 მოხსნა მოიხვეჭა. „დინამოში“
10 ქულა და ამდენივე მოხსნა ჰქონდა გიორგი შარაბიძეს, ხოლო მიხეილ ბერიშვილმაც 10 ქულა
დააგროვა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია
(„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): სულ რაღაც 1 ტური რჩება პირველი წრის დასრულებამდე.
ფაქტია, თუ არ გავაუმჯობესეთ თამაში სპორტული
კუთხით ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით და ძალიან გაგვიჭირდება. ასევე გუნდში არ გვყავს გამთამაშებელი და ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა.
გია კაზანჯიანი („ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): კარგი მატჩი შედგა, თანაბარი
გუნდებით და დაპირისპირებით. დაცვაში ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, ასევე კარგად გამოგვივიდა
თავდასხმაში თამაშიც. გადამწყვეტ მომენტში
გუნდმა კარგად შეასრულა კონკრეტული დავალება და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.
„დინამოს“ წარმატებებს ვუსურვებ.
მომდევნო შეხვედრაში „აკადემია“
„რუსთავს“ შეხვდება.