ოლიმპმა ოვერტაიმში იმარჯვა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

მიმდინარე სუპერლიგის პირველი ოვერტაიმი. დამატებითი
დრო „დინამოსა და „ოლიმპის“ დაპირისპირებაში დაფიქსირდა. მატჩის ძირითადი დრო
73:73 დასრულდა, თუმცა „ოლიმპმა“, რომელიც თითქმის მთელი

 თამაშის მანძილზე ლიდერობდა,
გამარჯვება მოიპოვა.  

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა თამაშის პირველი
მეოთხედი 19:16 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის უკვე 9 ქულით იგებდნენ. მესამე მეოთხედში
სპორტის სამინისტროს გუნდის უპირატესობამ 12 ქულა შეადგინა, თუმცა დინამოელები არ ნებდებოდნენ.
ამერიკელმა ლეგიონერებმა – ლამარ კარიმმა და ფლინ კლეიმანმა, ასევე ქართველმა კალათბურთელებმა
– იოსებ ლეჟავამ, თორნიკე ნინიაშვილმა და ბექა ჩიკვილაძემ შედეგიანობას უმატეს და ეს
ანგარიშზეც აისახა. დინამოელები „ოლიმპს“ ბოლო მეოთხედში 1 ქულით მიუახლოვდნენ –
57:58.

ამ დროს დინამოელთა ლიდერთაგანმა, ბექა ჩიკვილაძემ მე-5
პერსონალური მიიღო და მოედანი დატოვა. მიუხედავად ამისა, ირაკლი ხოშტარიას გუნდი არ
გატყდა და ბოლომდე იბრძოლა. შეხვედრის ბოსოსწინა წუთზე კლეიმანის გარღვევის შემდეგ
„დინამო“ 2 ქულით დაწინაურდა, მაგრამ მალევე 71:73 ჩამორჩა და იმავ კლეიმანმა საჯარიმოებით
წონასწორობა აღადგინა. „დინამოს“ მოგებაც შეეძლო, მაგრამ საფინალო სირენამდე 3 წამით
ადრე ნინიაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა და თამაში დამატების დროში გადაიზარდა.

ოვერტაიმში „ოლიმპის“ მეფარე აკაკი დვალიშვილმა თავისი
გუნდის 3 შეტევა წარმატებით დააგვირგვინა და „ოლიმპი 79:73 დააწინაურა. დარჩენილ დროში
ოლიმპელებმა მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და დაგეგმილი გამარჯვება
მოიპოვეს.

„დინაოში ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა გამოსახა თავისი
მონაგარი ორნიშნა რიცხვით, რომელთაგან საუკეთესო კლეიმანი (18), ლეჟავა (16) და ნინიაშვილი
(13) იყვნენ. რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, „ოლიმპშიც“ ხუთმა კალათბურთელმა მიაღწია
10-ქულიან ზღვარს: ტუტუსი 14, ფაცაცია 13, მილოშევიჩი 11, დვალიშვილი 11.

მომდევნო მატჩში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
გუნდი და „არმია“ დაუპირისპირდებიან.

გია კაზანჯიანი (ოლიმპი): დიდი
მადლობა ჩვენს მეტოქეს ასეთი კარგი მატჩისთვის. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, თავდასხმაში
თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ დაცვაში გვაქვს ძალიან ბევრი ხარვეზი. მორიგი თამაში
გვაქვს შსს აკადემიასთან და ვეცდებით რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ.

ირაკლი ხოშტარია (დინამო): მივულოცავ
მოგებულ გუნდს გამარჯვებას. თამაშის ფავორიტად მაინც ოლიმპი ითვლებოდა, ვფიქრობ დამსახურებულად
გაიმარჯვეს. გვქონდა შეცდომები და ვიმუშავებთ ამ ხარვეზების გამოსწორებაზე.

სტენ სოკი (ოლიმპი): მოხარული
ვარ, რომ გავიმარჯვეთ. ,,დინამო“ ძლიერი გუნდია და კარგი თამაში შედგა. მეტოქემ დიდი
წინააღმდეგობა გაგვიწია. რაც შეგვეხება ჩვენ, დაცვაში სათანადოდ ვერ გავისარჯეთ.

ფლინ კლაიმენი (დინამო):  ჩვენ გვქონდა ბევრი შეცდომა, რამაც განაპირობა წაგება.
თუმცა, მე ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით, რომელებიც არიან  ახალგაზრდა მოთამაშეები. ვფიქრობ ,,დინამომ“ დღევანდელ
მატჩში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს.