ოლიმპმა რუსთავი დაამარცხა (მატჩისშემდგომი კომენტრები)

სპორტის სამინისტროს გუნდმა ზედიზედ მეორე ფავორიტი
დაამარცხა. სუპერლიგის მე-9 ტურის მატჩში „ოლიმპმა“ რუსთავში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება
მოიპოვა.

 გია კაზანჯიანის გუნდმა იმ დარბაზში იმარჯვა, სადაც 1 კვირის წინ რუსთაველებმა
„არმია“ დაამარცხეს.

გარდამტეხი გამოდგა მატჩის მესამე მეოთხედი, რომელშიც
მანამდე შედარებით ინერტულმა ოლიმპელებმა მასპინძლებს 22:14 მოუგეს. არადა, რუსთაველებმა
პირველი მეოთხედი 24:18 მოიგეს, პერიოდულად კი მასპინძელთა ლიდერობა 10 ქულასაც აჭარბებდა.

მეორე მეოთხედიდან მოედანზე „ოლიმპის“ ჩეხი მოთამაშე ივო ჰოგერი გამოჩნდა, რომელმაც ფარქვეშ ყველა მეტოქე დაჯაბნა და კაზანჯიანის გუნდს
საქმე გაუიოლა. თამაშში ჰოგერის ნაცვლად დაბრუნებული თბილისელთა ცენტრი სტევან მილოშევიჩმა
სამწამიანში შედეგიანი თამაში გააგრძელა და როცა უკანა ხაზიდან „ოლიმპს“ ლევან ფაცაციაც
შეეშველა, ანგარისი გათანაბრდა.

მესამე პერიოდის შემდეგ მოპოვებული სოლიდური უპირატესობა
ოლიმპელებმა ხელიდან აღარ გაუშვეს და მატჩი ისე ჩამთავრდა, რუსთაველებს წარმატების
შანსი აღარ მისცემიათ. გამარჯვებულებს 19 ქულითა და 11 მოხსნით მილოშევიჩმა ულიდერა,
19 ქულა ჰქონდა ასევე ლევან ფაცაციას.

მატჩის ბომბარდირი გახდა რუსთაველთა ამერიკელი გამთამაშებელი,
ნეით ბოუი, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. ათქულიანი ზღვარი მეორე ამერიკელმაც გადალახა
– კაილი ნელსონმა 11 ქულა მიითვალა.

მიხეილ ბერუაშვილი

„ოლიმპი არაა ის გუნდი, რომლის დამარცხებაც არ შეგვიძლია,
უბრალოდ დღეს ბევრი შეცდომები დავუშვით. გუნდმა ვერ შეასრულა ის დავალება, რაც მიცემული
ჰქონდა. ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციები ვერ შევასრულეთ, პლუს ამას, სროლებიც
არ წაგვივიდა და დავმარცხდით. ვეცდებით, დარჩენილი მატჩები მოვიგოთ და ეს მარცხი მალევე
დავივიწყოთ“.

გია კაზანჯიანი

„შსს-აკადემიასთან“ მოგებული მატჩის შემდეგ რიგი მიზეზების
სრულფასოვანი ვარჯიში ვერ გავმართეთ. დვალიშვილს და ბერიშვილს ტრავმები აწუხებდათ და
მიუხედავად ამისა, კარგად ითამაშეს. გამარჯვება დაცვაში კარგი თამაშის წყალობით მოვიპოვეთ.
კარგად ითამაშეს ტანმაღალმა კალათბურთელებმა, რომლებმაც მეტოქეებს ბევრი ჯარიმები მიაღებინეს
და შეტევაშიც კარგად გაისარჯნენ“.
სუპერლიგა მე-9 ტური
ქუთაისი – შსს აკადემია  70:87