ოლიმპმა სუპერლიგაში პირველი გამარჯვება ბათუმთან იზეიმა

ოლიმპმა სუპერლიგაში პირველი გამარჯვება ბათუმთან იზეიმა

სანაკრებო პაუზის შემდეგ სუპერლიგის გათამაშება გაგრძელდა. მე-4 ტური დღეს თბილისში დაიწყო. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი უკვე დასრულდა. გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონმა “ოლიმპმა”, რომელიც ამჯერად პირველობას უმიზნებს, მაგრამ უკვე 2 დამარცხება აქვს, პირველი გამარჯვება იზეიმა. დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა “ბათუმს” უმასპინძლეს და ისე, რომ დიდი ჯაფა არ დასდგომიათ, მოგება გაიფორმეს.

ოლიმპელებს წლეულს საჩემპიონო ამბიცია აქვთ. შემადგენლობა ამის საფუძველს იძლევა და დანარჩენი უკვე მათ მარიფათზეა. თუკი ისე მონდომებით და მიზანმიმართულად ითამაშებენ, როგორც ბათუმთან, როგავას გუნდს ოქროს მოგების კარგი შანსი ექნება. პირველივე წუთებიდან ოლიმპმა უპირატესობა დაცვისა და შეტევაზე უსწრაფესი გადაწყობით მოიპოვა. ბათუმელები თავიდან ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ფონს გადიოდნენ, მეტოქეს წინ შორს არ უშვებდნენ, თუმცა ამ იარაღმა მეორე პერიოდიდან აზრი დაკარგა.

აჭარული გუნდი ვერ აჰყვა ოლიმპს ვერც სისწრაფეში და ვერც კომბინაციურ თამაშში, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. პირველი პერიოდის 28:21 მოგების შემდეგ თბილისელებმა მეორე ათწუთეული 25:13 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის თითქმის ყველაფერი გარკვეული იყო: ოლიმპი 19 ქულას იგებდა და თუკი ბათუმელებს გამარჯვების ამბიცია ჰქონდათ, თამაშის დინამიკა მალევე უნდა შეეცვალათ. ვერ შეცვალეს. მაქსიმუმი, რაც მოიმოქმედეს, მესამე პერიოდის საწყის წუთებში მოწყობილი მცირე გარღვევა იყო, რის ხარჯზეც ჩამორჩენა 13 ქულამდე შეამცირეს. 

თამაში თანაბრად გაგრძელდა, ანუ ოლიმპის ხელჩასაჭიდ უპირატესობას, დრო ისე გადიოდა, არაფერი ემუქრებოდა და საბოლოოდ ყველაზე ნაკლები სხვაობა ბოლო წამზე დაფიქსირდა – ოლიმპმა 93:83 (სტატისტიკა) დაამარცხა აჭარული გუნდი და მოგებათა ანგარიში სუპერლიგის მიმდინარე სეზონში გახსნა. გამარჯვებაში ლომის წილი ამერიკელმა ლინტონ ესლაისმა დაიდო, რომელმაც 24 ქულა ისე მოინაგრა, მხოლოდ 1 ბურთი ააცილა: 10-დან 9 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო. ლუკა ლიკლიკაძემ 14 ქულა და 9 პასი მოაგროვა, ვლადიმერ თავაქარაშვილის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. ბათუმელთაგან 21 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო კაილი რიდლი. 16 ქულა ზღვისპირელთა ახალწვეულმა – ალონზო სტეფორდმა მოაგროვა.