პაატა გურასპაული თბილისის ასაკობრივ ჩემპიონატებსა და გამგეობის სხდომასთან დაკავშირებით

პაატა გურასპაული თბილისის ასაკობრივ ჩემპიონატებსა და გამგეობის სხდომასთან დაკავშირებით

  ოქტომბრის თვეში ახალი საკალათბურთო სეზონი იწყება. 

დუდუ დადიანის მემორიალთან ერთად სტარტს აიღებს თბილისის ჩემპიონატი 16-წლამდელთა შორის. ამ ასაკობრივი ჩემპიონატის ორგანიზატორი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირია, რომელმაც კალათბურთის ფედერაციასთან მიმდინარე წლის დასაწყისში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. განვითარების კავშირი კიდევ რამდენიმე ასაკობრივ ჩემპიონატს ჩაატარებს და გამოავლენს იმ საუკეთესო გუნდებს, რომლებიც ნოემბრის თვიდან საქართველოს ჩემპიონატში ჩაებმებიან. გვესაუბრება თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული, რომელიც ამავდროულად კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრია და ასაკობრივი ჩემპიონატების თემასთან ერთად მოახლოვებულ გამგეობის სხდომაზეც გავესაუბრეთ.
– როდის იწყება თბილისის ჩემპიონატები და რატომ გადაწყდა მათი ჩატარება?
– როგორც წესი, რეგიონის შიდა ჩემპიონატები უნდა ტარდებოდეს. ეს ხელს უწყობს გუნდებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას, ზრდის თამაშების რაოდენობას, რაც ახალგაზრდების განვითარებას ხელს უწყობს. ასევე გამოავლენს საქართველოს ჩემპიონატისთვის ძლიერ გუნდებს და ქვეყნის პირველობაში თავს კონკურენტუნარიანი კლუბები მოიყრიან. ოქტომბრის დასაწყისში სტარტს აიღებს 16-წლამდელთა ჩემპიონატი, ხოლო მალევე მას 18-წლამდელთა ჩემპიონატი მოჰყვება. თბილისის ჩემპიონატებს კალათბურთის ფედერაციის დახმარებით და მასთან მიმდინარე წლის დასაწყისში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ვატარებთ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალი
– თბილისის მასშტაბით მხოლოდ 16 და 18 წლამდელთა ჩემპიონატებს ჩაატარებთ?
– ნოემბერში 13 და 14 წლამდელთა თბილისის პირველობებსაც გავმართავთ, ხოლო 20-წლამდელებში თბილისის ჩემპიონატის ჩატარება არ იგეგმება.
– რამდენი გუნდი მიიღებს მონაწილეობას ასაკობრივ ჩმპიონატებში და რამდენი მათგანი გადაინაცვლებს საქართველოს პირველობაზე?
– ჩემპიონატებში მონაწილე გუნდების რაოდენობა საბოლოოდ ამ კვირის ბოლოს დადგინდება, ამ ეტაპზე კი 16-წლამდელებში 20 გუნდია რეგისტირებული, ხოლო 18-წლამდელებში – 14. ამ  ვითარებაში, სავარაუდოდ, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო 10, ხოლო 18-წლამდელებიდან 8 საუკეთესო გუნდი მიიღებს. შესაძლოა, კვირის ბოლომდე მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდოს და საბოლოო კვოტებიც ამის შემდეგ დადგინდება.
– იგეგმება თუ არა თბილისის მსგავსად შიდა ჩემპიონატების ჩატარება საქართველოს სხვა რეგიონებშიც?
– როგორც გავიგე, აპირებენ სხვადსხვა რეგიონშიც ჩაატარონ შიდა ჩემპიონატები, რაც ძალიან კარგი იქნება.
– კალათბურთის განვითარების კავშირმა გასულ გაზაფხულზე 2000 და 2001 წლებში დაბადებულთა ტურნირებიც ჩაატარა…
– ის საქართველოს ჩემპიონატი არ ყოფილა. უბრალოდ, ფესტივალი ჩავატარეთ 12 და 13 წლამდელებს შორის, რომლებმაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰპოვა, ისევე როგორც ”მზიურში” ორგანიზებულმა საკალათბურთო მარათონმა. ამ ტურნირებში ძალიან ბევრი მოზარდი მონაწილეობდა, რომლებმაც დიდი მუხტი და გამოცდილება მიიღეს.
– თქვენ ბრძანდებით კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი, რომლის სხდომაც 25 სექტემბერსაა დაგეგმილი. რაზე აპირებს ფედერაციის გამგეობა მსჯელობას?
– გამგეობა იმ საკითხებზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომლებიც დღესდღეობით აქტუალურია. დაადგენს კალათბურთის ფედერაციის მომავალი ყრილობისა და არჩევნების თარიღებს. გაიმართება მუშაობა ახალ წესდებაზე, რომელიც ფედერაციის მომავალმა ყრილობამ უნდა მიიღოს. აღნიშნულ წესდებას მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ გავაცნობთ ყველა იმ ჯგუფს, რომელსაც ქართულ საკალათბურთო სამყაროში დამსახურება აქვს და სიტყვა ეთქმის. ეს საფუძველი იქნება იმისა, რომ ყველასთვის მისაღები წესდება შემუშავდეს და შესაბამისად, მომავალი არჩევნები თანაბარ პირობებში ჩატარდეს. მართალია, ჯერ ფედერაციაში ოფიციალურად არავის შემოუტანია განაცხადი, რომ პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობა სურს, თუმცა ეს მალე მოხდება და ყველა კანდიდატი აბსოლუტურად თანაბარ პირობებში უნდა იყოს. ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს იმ საკალათბურთო სამყარომ, რომელსაც სიტყვა ეთქმის და ამას იმსახურებს.