საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრებმა საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლებთნ მორიგი, რიგით მე-4 შეხვედრა გამართეს. გამგეობის გადაწყვეტილებით ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანო სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს ხვდება. დღეს რუსთავში ფედერაციის გამგეობის წევრები აღმოსავლეთ საქართველოს საკალათბურთო ფენებს შეხვდნენ, რომლებთანაც იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც ყველაზე აქტუალურია.
შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის, თელავის, ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის, მარნეულის, ლაგოდეხის და ყვარლის საკალათბურთო წრეების წარმომადგენლები – მწვრთნელები, მსაჯები, ვეტერანი კალათბურთელები, რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტები და თანამშრომლები. საუბარი ძირითადად ახალ წესდებას და არჩევნებში დელეგატთა განსაზღვრას, ხმათა გადანაწილებას შეეხებოდა. რეგიონის წარმომადგენლებმა თავიანთი აზრი დააფიქსირეს აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით და მომავალ არჩევნების შესახებ გამგეობის წევრთა შეხედულებებს მოუსმინეს.
აღმოსავლეთის საკალათბურთო წრეებთან შეხვედრაზე დასმულ საკითხებს გამგეობის წევრები იმ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინებენ, რომელიც წესდების შემუშავებასა და საარჩევნო სისტემის განსაზღვრას შეეხება. მორიგ შეხვედრას ფედერაციის გამგეობა 4 ნოემბერს, თბილისის საკალათბურთო კლუბებთან და ბავშვთა საკალათბურთო სკოლებთან გამართავს.