ქართველმა გოგონებმა ევროტურნირი გამარჯვებით დაიწყეს

ქართველმა გოგონებმა ევროტურნირი გამარჯვებით დაიწყეს

 გალერეა
 სტატისტიკა LIVE!ევროპის 18-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონმა დღეს სტარტი თბილისის
ახალ სპორტის სასახლეში აიღო. ფიბა-ს მიერ საქართველოში ორგანიზებული პირველი საერთაშორისო
შეჯიბრება საინტერესოდ და ქართველი კალათბურთელების წარმატებული თამაშით დაიწყო. თუმცა,
სანამ ქართველები ითამაშებდნენ, ჯგუფური ეტაპის 2 მატჩი და გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

ტურნირის პირველ მატჩში ერთმანეთს გიბრალტარი და მალტა
დაუპირისპირდნენ. პირველივე მეოთხედში გამოჩნდა მალტელთა სიძლიერე, რომლებმაც პერიოდი
18:5 მოიგეს. გიბრალტარი ეცადა, მაგრამ მეორე ათწუთეულში ვერაფერი შეცვალა. აღნიშნული
პერიოდი კუნძულელებმა 18:4 მოგეს და მატჩის ბედი დიდი შესვენებისთვის გადაწყვიტეს.

საბოლოოდ მალტელებმა 65:32 მოიგეს და ტურნირზე ერთ-ერთი
ფავორიტი გუნდის იმიჯი შეიქმნეს. მეორე მატჩშიც არ შედგა ბრძოლა. სომხეთის ნაკრებმა
26 ქულის სხვაობით – 66:40 დაამარცხა ანდორა. ჩვენმა მეზობლებმა საკმაოდ დამაჯერებლად
ითამაშეს და ისე დაამარცხეს ანდორელები, პრობლემა არ შექმნიათ.

პირველი დღის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები კოსოვოს
დაუპირისპირდა და ამ შეხვედრამდე დარბაზში მოსულ მაყურებლებს სიტყვით ტურნირის საორგანიზაციო
კომიტეტის ხელმძღვანელმა ზვიად კოტრიკაძემ და ტურნირს ბულგარელმა კომისარმა, კამინ
ტოშევმა მიმართეს. ფიბა-ს ემისრის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ტურნირი გახსნილად
გამოცხადდა. მატჩის დაწყებამდე დარბაზში მოსულ გუშემატკივრებსა და ტურნირის მონაწილეებს
მთიულური ცეკვა შესთავაზა ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „რუსთაველები“.
დღის მთავარი, საქართველოსა და კოსოვოს მატჩი დაძაბულ
ბრძოლაში დაიწყო. კოსოვოელებმა ქართველებს ხისტი და თამაში შესთავაზეს, რითაც თავს
კარგად იცავდნენ, ხოლო შეტევაში ფონს ძირითადად შორი სროლებით გადიოდნენ. პირველი პერიოდი
სტუმრებმა 15:12 მოიგეს, თუმცა ლელა ცანავას გაწვრთნილი ქართველები გონს მალევე მოეგნენ.
ჩვენმა ნაკრებმა დაცვაში თამაში გამოასწორა და ვიქტორია გეგეშიძის შორი სროლებით ჯერ
ჩამორჩენა აღმოფხვრა და წინ გავიდა, შემდეგ კი ნატალია ოთხმეზურის შედეგიანი თამაშის
წყალობით ლიდერობა საიმედოდ გაიმყარა.

ქართველებმა განსაკუთრებით კარგად ჩაითამაშეს პირველი
ნახევრის ბოლო წუთები, რა დროსაც პრესინგის კარგმა გათამაშებამ მეტოქეს დიდი პრობლემები,
მასპინძლებს კი 16-ქულიანი უპირატესობა მოუტანა. ცანავას გუნდმა მეორე პერიოდი 26:5
(!) მოიგო და დიდ შესვენებაზე გულდამშვიდებული გავიდა.

მეორე ტაიმში კოსოვოელებმა ჩამორჩენის 9 ქულამდე შემცირება
მოახერხეს, თუმცა ეს იყო მათი მაქსიმუმი. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა 65:49 გაიმარჯვა
და ტურნირი წარმატებით დაიწყო. საქართველოს ნაკრებს 24 ქულით, 8 პასით, 8 ჩაჭრით და 5 მოხსნით ოთხმეზურმა ულიდერა.
13 ქულა დააგროვა ელენე მანდარიამ, ხოლო გეგეშიძის ანგარიშზე 8 ქულა დაგროვდა. უქულოდ
დაასრულა შეხვედრა მარი ღარიშვილმა, თუმცა მისი დაცვითი თამაში გუნდისთვის ფასდაუდებელი
იყო. ტანმაღალმა ღარიშვილმა 11 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

9 ივლისს ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართება.
ანდორა უელსს (14:30) შეხვდება, კოსოვო – მალტას (17:00), საქართველო – გიბრალტარს
(19:30).

მატჩისშემდგომი კომენტარები
მალტა – გიბრალტარი 65:32
კიარა  სენე (გიბრალტარის  გოგონათა 18-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
დღეს ჩემპიონატში პირველი თამაში გვქონდა  და
ძალიან ვინერვიულეთ. შევხვდით მალტას ძალიან ძლიერ გუნდს, რომელსაც მანამდეც შევხვედრილვართ.
მეც მითამაშია მსგავს ჩემპიონატზე და მათ  ტრადიციულად,
  ყოველთვით ძლიერი გუნდი ჰყავთ.
კრისტინა ბელენ
ანტონიუ (გიბრალტარის გოგონათა 18-წლამდე ნაკრების მოთამაშე):
მალტა ჯგუფში ერთ-ერთი ძლიერი
გუნდია რომელსაც დავუპირისპირდით. ვიცნობთ მეტოქეს და ამ გუნდის შესაძლებლობებიც კარგად
ვიცით.
სანდრო  ფარუჯია (მალტას გოგონათა 18-წლამდე ნაკრების მთავარი
მწვრთნელი): ტურნირის პირველი დღეა და არავინ იცის რა შედეგით დასრულდება
მატჩები. მოწინააღმდგე გუნდის მწვრთნელმა აღნიშნა რომ ძალიან ნერვიულობდნენ, მაგრამ
ჩვენი მოთამაშეებიც არანაკლებ ღელავდნენ. ჩვენ ძალიან  მოტივირებულები ვიყავით და დაცვაში კარგად ვითამაშეთ,
რამაც განაპირობა კიდეც ჩვენი გამარჯვება.

სოფი აბელა (მალტას
გოგონათა 18-წლამდე ნაკრების მოთამაშე): სასიხარულოა, რომ პირველ შეხვედრაში
წარმატებით ვიასპარეზეთ. პირველ ტაიმში ძალიან ვნერვიულობდით, თუმცა მეორე ნახევარში
დავწყნარდით და მეტად დალაგებული თამაში ვაჩვენეთ.

სომხეთი – ანდორა 66:40
კარლა საავედრა
(ანდორას გოგონათა 18-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
ვფიქრობ რომ ნერვიულად დავიწყეთ თამაში, მაგრამ მეორე ნახევრის შემდეგ დაცვაში უკეთ
ვთამაშობდით ვიდრე მანამდე. ეს უკვე გვიანი, მათ ძლიერი გუნდი ყავთ, ვიდრე ჩვენ. მაინც
ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ, მიუხედავად იმისა რომ დავმარცხდით.
მარია მოლინე
(ანდორას გოგონათა 18-წლამდე ნაკრების  მოთამაშე):
მატჩის დასაწყისში ძალიან ვნერვიულობდით. როცა დაცვაზე გადავედით, უფფრო კარგად წაგვივიდა
თამაში. კარგი იქნებოდა თავიდანვე ასე დაგვეწყო. კარგი გაკვეთილი მივიღე და ვეცდები
აღარ გავიმეორო მსგავსი შეცდომები შემდეგ თამაშში.

ვაჰან ჰარუტინიანი
(სომხეთის გოგონათა 18-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
პირველი თამაში ვითამაშეთ და რთული იყო. მადლობა ჩემი გუნდის წევრებს, მათ კარგად შეასრულეს
ყველა მითითება. აგრეთვე დიდი მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს, ისინი ძლიან სწრაფ თამაშის
სტილს იყენებდნენ. მათ კარგი დაცვა ქონდათ. დასაწყისში ცოტა ვინერვიულეთ, მაგრამ მოგვიანებით,
დაახლოებით 2 წუთის მერე ეს მღელვარება მოგვეხსნა და კალაპოტს დავუბრუნდით.

ვიქტორია ტონოიანი
(სომხეთის გოგონათა 18-წლამდე ნაკრების  მოთამაშე):
არც კი ვიცი საიდან დავიწყო. სწრაფი თამაში შემოგვთავაზა მოწინააღმდეგემ, მაგრამ ჩვენ
სიმაღლეში ვაჯობეთ და ვთვლი რომ ადვილად მოვიპოვეთ გამარჯვება. 

 საქართველო – კოსოვო  65:49
ლელა ცანავა
(საქართველოს გოგონათა 18-წლამდე ნაკრების წევრი): ძალიან დიდი
მადლობა  ყველა გულშემატკივარს, რომელმაც დღეს
მხარი დაგვიჭირა და გვერდით დაგვიდგა.  ძალიან
ვნერვიულობდით და მოულოდნელი იყო ეს გამარჯვება ჩვენთვის.  უპირატესობის მოპოვების  შემდეგ, ყველაფერი გავაკეთეთ მისი შენარჩუნებისთვის.
გოგონებმა ბოლომდე იბრძოლეს და მინდა  დიდი
მადლობა გადავუხადო მათ.
თეონა მაჩალაძე
(საქართველოს გოგონათა 18-წლამდე ნაკრების მოთამაშე):
საერთაშორისო ასპარეზზე პირველ ნაბიჯებს ვდგამთ და ჩვენთვის უმნიშვენლოვანია გულშემატკივრის
მხარდაჭერა. მადლობა ყველა იმ  ქომაგს,  რომელიც დღეს ჩვენს გევრდით იდგა და მთელი  თამაში გვამხნევებდა.
 ქიმეტე ჰალიტი
(კოსოვოს გოგონათა 18-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): გუშინ  ჩამოვედით საქართველოში, ფრენამ ძალიან დაგვღალა
და დღევანდელ თამაშს შედარებით მოუმზადებლები შევხდით. ვფიქრობ მომდევნო თამაშზე  მეტად კონცენტრირებულნი ვიქნებით და ბევრად უკეთესად
ვიასპარეზებთ.

რინა ჰოდა (კოსოვოს გოგონათა 18-წლამდე ნაკრების მოთამაშე): დაღლილობის გამო სათანადოთ ვერ ვიასპარეზეთ, ამასთან
ტურნირის პირველი დღეა და  ძალიან ვნერვიულობდით.
საქართველოს ნაკრებმა  ძალიან კარგი თამაში
აჩვენა, განსაკუთრებით კი პრესინგში.