სტატისტიკა
გალერეა
23-ე ტურის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს „სოხუმი“ და
„ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ. სატურნირო თვალსაზრისით ქუთაისელებისთის ამ მატჩის შედეგს
მნიშვნელობა არ ჰქონდა, სოხუმელთათვის კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან პლეი ოფში
გასასვლელი მეოთხე ადგილი ჯერაც ვაკანტურია და მისთის ყველა ის გუნდი იბრძვის, რომელიც
სამეულში არაა.
მიუხედავად ამისა, ქუთაისელებმა არაფერი დათმეს და
„სოხუმს“ მარცხი აგემეს. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, დიდი შესვენების
შემდეგ კი იმერული კლუბის წევრები შედეგიანად ათამაშდნენ და ისე მივიდნენ გამარჯვებამდე,
მატჩი არც დაძაბულა.
საბოლოოდ „ქუთაისმა“ 16 ქულით – 81:65 მოიგო და სეზონის
მე-17 გამარჯვება მოიპოვა. იმერულ კლუბს გიორგი ცინცაძემ 20 ქულით ულიდერა. 17 ქულა
და 11 მოხსნა მოაგროვა ბექა ბექაურმა. აკაკი ლომოურისა და გოგა ცეკვავას ანგარიშზე
11-11 ქულა დაგროვდა. „სოხუმში“ 16 ქულით ბომბარდირი გახდა ალექსანდრ ტიშჩენტო. 15
ქულა დაგროვდა დავით ბარბაქაძის ანგარიშზე.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვიტალი ჩერნი (სოხუმის მთავარი მწვრთნელი):
არსებობს წაგების როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური
მიზეზები, მაგრამ მთავარი და დასანანი ისაა, რომ უკვე მერამდენე მატჩია, თანაბარი ტაიმის
შემდეგ, გადამწყვეტ ეპიზოდში ფარხმალს ვყრით და ვაგებთ. ძალიან მინდა, ეს პრობლემა
აღმოვფხვრათ და დარჩენილ მატჩებში წარმატების მიღწევით პლეი ოფის საგზური მოვიპოვოთ.
კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): ყოველი გამარჯვება ჩვენთვის სასიხარულოა. სოხუმი მებრძოლი გუნდია და იბრძვის ოთხეულში მოსახვედრად. როგორც მოსალოდნელი იყო კარგი და დაძაბული თამაში გამოვიდა. შედეგით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, თუმცა უკმაყოფილო ვარ თამაშის დონით. რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება და პლეიოფებისთვის უნდა მოვემზადოთ. იმედი გვაქვს რომ გამოვასწორებთ, რამოდენიმე მოთამაშეს ტრავმებიც აწუხებდა, მაგრამ იმედიანად ვუყურებთ მომავალს