ქუთაისის იოლი გამარჯვება (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკა
 გალერეა

სუპერლიგაში მეორე
გამარჯვება იზეიმა “ქუთაისმა”. პირველ ტურში “სოხუმის” დამარცხების
შემდეგ მალხაზ კოხრეიძის გუნდმა ქუთაისში ქვემოქართლურ “რუსთავს” უმასპინძლა
და ზედმეტი პრობლემების გარეშე – 100:67 დაამარცხა.

გასული სეზონისგან
განსხვავებით, რუსთაველებს არც ლეგიონერები ჰყავთ და არც შემადგენლობა ჰყავთ ამბიციური.
გასაკვირი არ ყოფილა, რომ ქუთაისში, მასპინძლებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის
ბედი ფაქტობრივად პირველი მეოთხედის შემდეგ გაირკვა – საწყისი 10-წუთეული მასპინძლებმა
24:5 (!) მოიგეს. დიდი შესვენებისთვის ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა, რის
შემდეგაც მატჩმა ინტრიგა დაკარგა.

ქუთაისელთა გუნდში
21 ქულით საუკეთესო შედეგი აკაკი დვალიშვილმა უჩვენა, ხოლო 13-13 ქულა ზაურ ფაშაევისა
და რევაზ დიდიას ანგარიშზე დაგროვდა. დამარცხებულებს 16 ქულით ზურა მაჭავარიანმა ულიდერა,
ხოლო ლევან ხმელიძემ პირად ანგარიშზე 13 ქულა ჩაიწერა.
მატჩისშემდგომი კომენტარები

მალხაზ კოხრეიძე(,,ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი): დღევანდელ
შეხვედრაში არ ყოფილა ძალების თანაფარდობა. ბიჭები სათანადოდ გაისარჯნენ, თავიდანვე
დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ და შეხვდრა მეორე სათადარიგო ხუთეულით დავასრულეთ. რუსთავს
კალათბურთში  დიდი შრომა აქვს გაწეული და გაძლიერებას
ვუსურვებ. ეს გუნდი ამას ნამდვილად იმსახურებს.
ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის” მთავარი მწვრთნელი):  შეხვედრა თავიდანვე ცუდად დავიწყეთ, მეტოქემ ძალიან
იოლად დაგვამარცხა, ვერ დავალაგეთ თამაში და ტრავმებმაც ხელი შეგვიშალა. თითქმის ნახევარი
გუნდი ტრავმირებულია, ლიდერი არ გვყავს, ამიტომ ჩვენს გუნდს ამ ეტაპზე ძალიან უჭირს.
ვფიქრობ დრო გვჭირდება, ტექნიკის მხრივ არავის ჩამოვუვარდებით და იმედია გარკვეული
პერიოდის შემდეგ დავლაგდებით.

სუპერლიგის მეორე ტურის დარჩენილი 2 მატჩი ხვალ, 26
ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება: “დინამო “სოხუმს”
შეხვდება, “ოლიმპი” – “მაკაბის”.