ქუთაისისა და რაშის მატჩით სუპერლიგის მე-3 ტური დასრულდა

ქუთაისისა და რაშის მატჩით სუპერლიგის მე-3 ტური დასრულდა

დღეს, თბილისი არენაზე 1 მატჩი გაიმართა, რომელიც წინა, მე-3 ტურის გადადებული შეხვედრა გახლდათ. “ქუთაისი 2010” ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობს, რის გამოც სპეციფიკური გრაფიკი აქვს და ამის გამო “რაშთან” გადადებული მატჩის ქუთაისის ნაცვლად თბილისში ჩატარება აწყობდა. ასეც მოხდა: მე-3 ტურის მატჩში (ქუთაისი-რაში) მასპინძელი შეიცვალა და ნაცვლად 26 ოქტომბრისა, 3 ნოემბერს თბილისი არენაზე დაინიშნა.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა თბილისი არენაზე გუშინაც ითამაშეს და “კავკასიასთან” დრამატულ ბრძოლაში 90:92 დამარცხდნენ. დღეს კი გაიმარჯვეს. კავკასიისგან განსხვავებით, “რაში” ნაკლებად ამბიციური გუნდია, რაზეც შედეგებიც მეტყველებს. სანდრო ნოზაძის გაწვრთნილი გუნდი ერთადერთია, რომელსაც მიმდინარე სუპერლიგაში თამაში არ მოუგია.

რაშმა ქუთაისთან მატჩი საბოლოოდ 10 ქულით – 94:104 (სტატისტიკა) დათმო. იმერულმა კლუბმა 2 ლიდერის – გიორგი კორსანტიასა და ელია ჯოინერის გარეშე ითამაშა, რომლებმაც დაისვენეს, ხოლო ბექა ბექაური ტრავმირებულია. მათ არყოფნაში სამოქმედო არეალი გაეხსნა მარქილ სმიტს, რომელიც მთელი თავისი შესაძლებლობებით წარმოჩინდა. მან შეხვედრა 35 ქულით, 8 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა და ქუთაისელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. 14 ქულა ბაქარ ბერეკაშვილმა მოაგროვა, ხოლო მიხეილ ბერიშვილმა – 13 ქულა. აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც კავკასიასთან არ ითამაშა, ამჯერად მოედანზე იყო და 22 წუთში თავი 12 ქულას და 4 მოხსნას მოუყარა. 30 ქულით რაშის შემადგენლობაში საუკეთესო იყო ჯარედ ჰენდერსონი.

ასე და ამგვარად, მე-3 და მე-4 ტურები ერთ დღეს დასრულდა და სატურნირო ცხრილმა, სადაც 1 დაუმარცხებელი (თსუ) და ერთიც მოგების არმქონე (რაში) გუნდია, საბრძოლო შესახედაობა მიიღო.