ქუთაისმა არმიას დრამატული მატჩი მოუგო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკა  

გალერეა  VIDEO”ქუთაისმა”
ნახევარფინალურ სერიაში “არმიას” ანგარიში გაუთანაბრა, თან ეს ისე მოახერხა,
რომ ბოლო წუთებზე სიტუაცია არ დაძაბულა. არადა, შესაძლებელი იყო, მალხაზ კოხრეიძის
გუნდს არა მარტო წაეგო, მთლიანად ჩემპიონატიდანაც მოხსნილიყო. ყველაფერი მესამე მეოთხედში
მოხდა, რაც გახდა კიდეც თამაშის გარდატეხის მომენტი.

მესამე პერიოდის
მეორე წუთზე ქუთაისელების ძირითადი გამთამაშებელი – აზერბაიჯანელი ზაურ ფაშაევი თამაშიდან
გააძევეს. იმერული გუნდის ლეგიონერმა ტექნიკური დაიმსახურა, რის შემდეგაც მსაჯს შეურაცხყოფა
მიაყენა და დისკვალიფიკაცია მიიღო. ამ მომენტისთვის არმიელები 9 ქულით იგებდნენ, გიორგი
შარაბიძემ კი ტექნიკური სროლებიც ჩააგდო და კოტე ტუღუშის გუნდი 54:42 დაწინაურდა.

ეს ფაქტობრივად
დამღუპველი იყო ქუთაისელებისთვის, სტუმართა გუნდი წასაგებად გაიწირა და გარკვეული ხანი
თამაშის გაგრძელებაზე უარს ამბობდა იმ მიზეზით, თითქოს მსაჯმა არასამართლიანად გააძევა
მათი გამთამაშებელი. საბოლოოდ, ქუთაისლებმა თამაშის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს
– თამაშის დატოვებით მათ  ჩემპიონატიდან მოხსნა
და ფულადი სანქცია ელოდათ. ქუთაისლები მოედნზე დაბრუნდნენ და ისე ათამაშდნენ, 12-ქულიანი
ჩამორჩენა მეოთხედის ბოლომდე გაბათილეს (60:60) და შემდეგ ხელჩასაჭიდი უპირატესობაც
მოიპოვეს – 68:60 თამაშის დასრულებამდე 6,30 წუთით ადრე.

ფაშაევის გაგდებამ
ქუთაისლები გააერთიანა. მოედანზე დაბრუნებული სტუმრები ისე ათამაშდნენ, რომ არმიელები
მათი შემჩერებლები ვერ გამოდგნენ. გოგა ცეკვავას, რევაზ დიდიას და გიორგი ბარბაქაძის
ქულებით სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, ბოლო მეოთხედში კი როგორც ვთქვით, უპირატესობა
კიდევ უფრო გაზარდეს და გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ. ძალიან საჭირო სამქულიანები
ჩააგდო გუნდის ახალგაზრდა მოთამაშე ლევან გრძელიძემ.

გამარჯვებულთაგან
15 ქულით და 21 მოხსნით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი. 15 ქულა და 9 პასი მიითვალა
ცეკვავამ, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ თამაში 15 
ქულით დაასრულა. 12 ქულა ჰქონდა დისკვალიფიცირებულ ზაურ ფაშაევს, რომლის საკითხსაც
დისციპლინარები განიხილავენ და აზერბაიჯანელ ლეგიონერს სანქციას დაუწესებენ.

“არმიას”
რომ მოეგო, მატჩის გმირი ლაშა ფარღალავა გახდებოდა, რომელმაც 30 ქულა მიითვალა. ფარღალავას
შრომა ვერ დაფასდა და არმიელებმა მისი შედეგიანი თამაშის მიუხედავად მარცხი განიცადეს.

სერიის მომდევნო
2 შეხვედრა ქუთაისში – 13 და 14 მაისს გაიმართება.
,,არმია” – ,,ქუთაისის”თამაშს სპორტის სასახლეში ბავშვთა სახლ ,,მომავლის გზის” აღსაზრდელებიც დაესწრნენ. 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): ვფიქრობ,
ორი თამაშის მომსწრე გავხდით – ინციდენტამდე და ინციდენტის შემდეგ, ერთი ძალიან კარგი
და მეორე პირიქით, ძალიან ცუდი. ამიტომ თამაშის ანალიზს ვერ გავაკეთებ. ვერ გავექცევით
იმ ფაქტს, რომ ამ ინციდენტმა დიდი გავლენა მოახდინა მატჩზე. თამაშის წინ ჩვენ წავიკითხეთ
მიმართვა ღირსეული და სამართლიანი თამაშის ნორმების შესახებ, სამწუხაროდ, მეტოქემ დღეს
ყველა ეს ნორმა დაარღვია. ნამდვილად არ მინდა ,,ქუთაისს’’ ვაწყენინო, გამოვხატავ ამ
გუნდის მიმართ ჩემს პატივისცემას, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ასეთი საქციელი არ მახსოვს.
არ გავურბივარ არც ჩემს პასუხისმგებლობას, ამ ინციდენტის შემდეგ ვერ მოვახერხე გუნდის
დალაგება და მობილიზება. იმედს ვიტოვებ, ქუთაისსში მსგავს პრეცედენტებს ადგილი არ ექნება,
დაე მოიგოს უძლიერესმა. კარგი იქნება, გავაკეთოთ მსაჯობის შესახებ ჩანაწერები, რომლებიც
განხილული იქნება, რადგან ასეთი შემთხვევებისგან არც ერთი გუნდია არაა დაზღვეული.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): ნამდვილად ყოველთვის
არის შემართება იმისა, რომ თამაში სამართლიანად ჩატარდეს და გამარჯვებული მოედნიდან
ღირსეულად გავიდეს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ შევწვიტეთ და შემდეგ გავაგრძელეთ თამაში.
როდესაც მსაჯმა მიიღო გადაწყვეტილება მოთამაშის დისკვალიფიკაციისა, მოვითხოვეთ ამ ნაჩქარევი
გადაწყვეტილების განმარტება. თუმცა არც კომისარმა და არც მსაჯმა სიტუაცია არ აგვიხსნა.
რთულია მოითმინო, როცა ერთ-ერთ ლიდერ მოთამაშეს ასე აგდებენ. ვფიქრობთ, რომ თამაში
უნდა გაჩერებულიყო რამდენიმე წუთით, უნდა ახსნილიყო თუ რატომ მიიღო მსაჯმა ასეთი რადიკალური
გადაწყვეტილება. მოედანზე დაუბრუნებლობის შემთხვევაში  კი გამოვეთიშებოდით ასპარეზობას, ამიტომ გადავწყვიტეთ
თამაშის გაგრძელება და ჩვენი შესაძლებლობების დამტკიცება.