სტატისტიკასუპერლიგის მე-12 ტური დღეს ერთი მატჩით დასრულდა. იმერეთის
მთავარ ქალაქში „ქუთაისმა“ „ბათუმს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 80:77 დაამარცხა.
ამ გუნდებს შორის მატჩებს ყოველთვის განსაკუთრებული
ინტერესი და ინტრიგა ახლავს. რეგიონალური დერბი ყოველთვის დაძაბული და საინტერესოა.
გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა იყო.
პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 2 ქულით – 29:27 მოიგეს,
რის შემდეგაც მასპინძლებმა შედეგიანობა კიდევ უფრო გააუმჯობესეს და დიდი შესვენებისთვის
უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდეს – 53:47.
მეორე ნახევარში ბათუმელებმა თამაშის გამოსწორება იწყეს,
თუმცა მასპინძლები სტაბილურად თამაშობდნენ და მართალია, ლიდერობას ვერ ზრდიდნენ, მეტოქესთვის
არც არაფერი დაუთმიათ. მესამე პერიოდი ფრედ – 10:10 დასრულდა, ხოლო ბოლო ათწუთეულში
სტუმრებმა მაქსიმუმი გაიღეს, რაც მხოლოდ ჩამორჩენის შემცირებას ეყო.
საბოლოოდ მასპინძლებმა 3 ქულით – 80:77 გაიმარჯვეს,
რაშიც ლომის წილი ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ცინცაძემ დაიდო, რომელმაც 24 ქულა
მიითვალა. 15 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა ანატოლი ბოისამ. ბათუმელთაგან 19 ქულით ბომბარდირი
კახა ჯინჭარაძე გახდა, ხოლო კრისტოფერ პელჩერმა პირად ანგარიშზე 18 ქულა და 14 მოხსნა
ჩაიწერა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): ბათუმი პრინციპული
მეტოქეა და კარგია რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ რაც ჩემ გუნდს ვუთხარი აქაც იგივეს გავიმეორებ:
მთელი თამაში ძირითადად მოდუნებულები ვიყავით და უამრავი შეცდომა დავუშვით. ამჯერად
გაგვიმართლა, მაგრამ მსგავსი მიდგომით აუცილებლად ფეხი დაგვიცდება თუ ასე გავაგრძელებთ.
დავით უსტიაშვილი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი): დაძაბული
და სანახაობრივი თამაში გამოვიდა. თავიდან დაცვაში ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მოგვიანებით
გამოვასწორეთ. თამაშების თარიღები გადაება და ახლოსაა ერთმანეთთან, შემდეგი თამაში
ბათუმში გვიწევს და მოვემზადებით. ქუთაისს ვულოცავ გამარჯვებას.