სუპერლიგას ახალი ლიდერი ჰყავს, თუმცა თუ ხვალ თსუ-მ, ან გურჯაანმა ამ ტურის თამაშები მოიგეს, იმერული კლუბი პირველი ადგილიდან ჩამოინაცვლებს. თუმცა თუ ორივემ წააგო, იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისს პირველ წრეში თსუ-ც დამარცხებული ჰყავს და გურჯაანიც, კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი ლიდერობას შეინარჩუნებს.
სუპერლიგის მე-18 ტური დღეს იმერეთში დაიწყო, სადაც ორ ქალაქში – ტყიბულსა და ქუთაისში მორიგი მატჩები გაიმართა. ქუთაისით დავიწყეთ და ბარემ თემას გავაგრძელებთ და გამცნობთ, რომ კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა მორიგი, იოლი გამარჯვება მოიპოვა. ქუთაისელთა მეტოქე სუპერლიგის დებიუტანტი და ერთ-ერთი აუტსაიდერი გორის ივერიონი იყო. შიდა ქართლის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ლიდერს მისსავე მოედანზე სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 75:89 (სტატისტიკა) დამარცხდა.
პირველი ნახევრის შემდეგ ქუთაისელებმა 18-ქულიანი ლიდერობა დაიბევეს და დარჩენილ დროში ეს უპირატესობა შეინარჩუნეს. გორელებს მონდომება დარჩენილი 2 პერიოდის მინიმალური სხვაობებით მოგებად დაუფასდათ, თუმცა ეს საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ქუთაისელებმა გუნდურად ითამაშეს – 5 კალათბურთელი ასცდა ათქულიან ზღვარს. საუკეთესო შედეგი მარკუს გისონმა დააფიქსირა – 19 ქულა, 8 მოხსნა. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი გიორგი კორსანტიამ მიითვალა – 15 ქულა, 10 მოხსნა. 15 ქულა დააგროვა დეტრიკ ბრაუნინგმაც. გორელთა გუნდში 25 ქულით საუკეთესო იყო კვენტინ ჰარდრიქტი. 19 ქულა გეგი ბაქრაძემ მიითვალა.
გაცილებით დაძაბული გამოდგა მატჩი ტყიბულში, სადაც ერთმანეთს ცხრილის მეზობლები – ორბი და კავკასია შეხვდნენ. ორივე გუნდი ცხრილის შუაშია და იმისთვის იღვწიან, რომ პლეი ოფი გაინაღდონ და რაც შეიძლება, კარგი პოზიციით. მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა, ძირითადი დრო კი ფრედ – 89:89 დასრულდა. მასპინძელი ტყიბულელები მარცხს კენი კუპერმა გადაარჩინა, რომელმაც 87:89 ჩამორჩენილ ორბს სირენამდე 3 წამით ადრე გამთანაბრებელი ორქულიანი მიუთვალა. კავკასიამ შეტევის ორგანიზება კი მოასწრო, მაგრამ ლუკა მაზიაშვილის სირენის თანხლებით ნასროლი ბურთი მიზნს ოდნავ ასცდა.
დამატებით 5-წუთეულში კი მასპინძლებმა იძალეს, თუმცა მეორე ოვერტაიმის დანიშვნას ნახევარი წამი დააკლდა. ჯავაუნ დენიელსმა კი ჩააგდო ბურთი, მაგრამ მას საფინალო სირენამ ბურთის ხელიდან გაშვებამდე მოუსწრო – 99:97 (სტატისტიკა) ორბის სასარგებლოდ.
ტყიბულის გუნდში 30 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო კენი კუპერი. 24 ქულა დააგროვა მაიკლ ედვარდსმა. ჯონ ნეიგლის ანგარიშზე კი 15 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. კავკასიელთაგან 22 ქულითა და 9 პასით საუკეთესო შედეგი ლუკა მაზიაშვილმა დააფიქსირა 16 ქულა ჯასტინ ფორესტის ანგარიშზეა.
სუპერლიგის მე-18 ტურის 3 შეხვედრა ხვალ თბილისში (რაში-ბათუმი, გაუ-თსუ) და რუსთავში (გურჯაანის წინააღმდეგ) გაიმართება. რუსთავი კახურ გუნდს ახალ სპორტულ არენაზე უმასპინძლებს, რომელიც ხვალვე საზეიმოდ გაიხსნება.