ქუთაისმა კაკტუსს სძლია და ფინალში გავიდა

ქუთაისმა კაკტუსს სძლია და ფინალში გავიდა

 სტატისტიკა  გალერეა
„ქუთაისი” სუპერლიგის
პირველი ფინალისტია. წინა სეზონის ჩემპიონმა იმერულმა გუნდმა ნახევარფინალური სერია
„კაკტუსს“ 3:1 მოუგო. ქუთაისში მოპოვებული 2 გამარჯვების შემდეგ კოტე ტუღუშის გუნდმა
გუშინ „კაკტუსთან“ შეხვედრა დათმო, დღეს კი სერიის მე-3 გამარჯვება მოიპოვა და ფინალში
გავიდა. 

გადამწყვეტი მატჩი ქუთაისელთა სოლიდური უპირატესობით
დაიწყო. პირველი პერიოდის 23:11 მოგების შემდეგ სტუმრებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს,
რაც გუნდური თამაშის წყალობით მოხდა. გუნდის ყველა წევრი ბოლომდე იბრძოდა და როგორც
დაცვაში, ისე შეტევაში შედეგიანად ირჯებოდა. 

ეროვნული ნაკრების ძირითადი გამთამაშებელი, გიორგი
ცინცაძე ძირითადად შეტევების ორგანიზებით იყო დაკავებული და საბოლოოდ პლეი ოფში სარეკორდო
– 16 პასი დაუგროვდა. დიდი შესვენებისთვის სტუმრებმა ლიდერობა 27 ქულამდე გაზარდეს
და მატჩთან ერთად სერიის მოგებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთეს. თუმცა მესამე პერიოდის
მიწურულსა და ბოლო  ათწუთულის დასაწყისში „კაკტუსმა“
თამაში დაალაგა და ჩამორჩენის გვარიანად შემცირება მოახერხა. 

მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე „ქუთაისის“ უპირატესობიდან
9 ქულაღა (69:60) დარჩა, რითაც ვითარება დაიძაბა. არჩილ ჟღენტის გუნდს თამაშის გადარჩენის
შანსი მიეცა, თუმცა სტუმრები მალევე გამოერკვნენ, რამდენიმე სწრაფი შეტევა და სამქულიანი
მიითვალეს და თამაშის ბედი გაარკვიეს. საბოლოოდ „ქუთაისმა“ 81:68 მოიგო და ფინალში
გავიდა. 

„ქუთაისში“ 21 ქულით საუკეთესო ბობარდირი ბექა ბექაური
გახდა. 11 ქულა დააგროვა გიორგი ბარბაქაძემ, ხოლო ვახტანგ ქადარიამ ორმაგი დუბლი –
10 ქულა და 12 მოხსნა მიითალა. ქუთაისელთა გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ 5 ქულა, 6
მოხსნა და 16 პასი დააგროვა. „კაკტუსში“ 17 ქულით, 11 მოხსნით და 5 პასით ბექა ჩიკვილაძე
გამოირჩა. 12-12 ქულა-მოხსნა დააგროვა ჯონ ფლოვიესმა, ხოლო ტაილერ უაითის ანგარიშზე 11 ქულა
დაგროვდა. 

მეორე ნახევარფინალურ სერიაში „დინამო“ „რუსთვს“
2:0 უგებს. მომდევნო მატჩი 15 მაისს რუსთავში გაიმართება.  

მატჩისშემდგომი კომენტარები

კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემი გუნდის წევრებს, რომლებმაც განსაკუთრებულად პირველ ტაიმში საოცარი თამაში აჩვენეს. ეს არის სწორედ ის, რასაც ისინი იმსახურებენ, რასაც ვარჯიშობდნენ  და ეს მათ დაიმსახურეს. რა თქმა უნდა სირთულეები გვქონდა მეორე ტაიმში და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ვიცოდით კაკტუსი ბოლომდე იბრძოლებდა. კაკტუსს დიდი მადლობა ღირსეული წინააღმდეგობისთვის, ძალიან კარგი ოპონირება გაგვიწია. მე ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მოვახერხეთ ფინალში გასვლა და ხვალიდანვე უკვე დავიწყებთ ფინალისთვის მომზადებას. 

აჩიკო ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი): ძლიერმა გაიმარჯვა – მივულოცავ ქუთაისს გამარჯვებას. ჩემს მოთამაშეებს მადლობას ვეტყვი, რადგან დღეს ისინი ნამდვილად ბოლომდე დაიხარჯნენ და იბრძოლეს. მოვემზადებით მესამე ადგილისთვის თამაშისთვის.