სტატისტიკასუპერლიგის მე-5 ძალიან დაძაბული მატჩით დაიწყო, რომელსაც
ქუთაისმა უმასპინძლა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა თბილისის „ოლიმპს“ უმასპინძლეს
და მთელი მატჩის განმავლობაში თანაბრად მიმდინარე შეხვედრის კვანძი სათავისოდ ბოლო
წუთზე გახსნეს.
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა „ოლიმპმა“ სუპერლიგის ლიდერთა
შორის მყოფ „ქუთაისს“ ტოლი არაფერში დაუდო და ერთხანს, მეორე პერიოდის შუაწელში 9 ქულითაც
(28:19) იგებდა, თუმცა სამქულიანები ის იარაღი იყო, რამაც მასპინძლებს თამაში მოაგებინა.
სამჯერ, როცა ქუთაისელები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ,
მასპინძელთა გუნდმა ვითარებიდან გამოძრომა შორი სროლებით შეძლო. პირველი შემთხვევა
ხსენებული მეორე პერიოდის შუაწელი იყო, როცა თბილისელები 28:19 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა
სწრაფი თამაშით და რაც მთავარია, სამქულიანებით ეს ჩამორჩენა მყისიერად აღმოფხვრეს
და დიდ შესვენებაზე ქულიანი ლიდერობით გავიდენ – 39:38. ანუ მეორე პერიოდის ბოლო ხუთწუთეული
ქუთაისელებმა 10:0 მოიგეს.
მეორედ ეს მოხდა მესამე პერიოდის ბოლო წუთზე, როცა ოლიმპელები ზუსტი უკანახაზელის, ჯერემი ბაინუმის შედეგიანობით 53:49 დაწინაურდნენ,
თუმცა გიორგი ბარბაქაძის მიჯრით ჩაგდებული 2 სამქულიანით მასპინძლები ბოლო შესვენებაზე
2-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 55:53. დაბოლოს, უკანასკნელი წუთები. შეხვედრის ბოლოსწინა
წუთზე ანგარიში თანაბარი – 63:63 იყო, როცა რიჩარდ მათიაშვილის ორქულიანსა და ზუსტ
საჯარიმოს იმავე ბარბაქაძემ სტუმრთა წელში გამტეხი სამიანი მოაყოლა – 69:63 შეხვედრის
დასრულებამდე 50 წამით ადრე.
დარჩენილ დროში „ოლიმპმა“ ვეღარაფერი შეცვალა და საბოლოოდ
ანგარიშით 64:71 წააგო. ბოლოს სამქულიანების თანაფარდობაზეც ვთქვათ: ქუთაისელებმა
11 სამიანი ჩააგდეს, „ოლიმპმა“ კი – მხოლოდ 4. გამარჯვებულებს ცენტრალურმა თავდამსხმელმა,
რიჩარდ მათიაშვილმა ულიდერა, რომელმაც თავის პოზიციასთან ნაკლებადთავსებადი 2 სამქულიანი
ჩააგდო. 14 ქულით დაასრულა შეხვედრა გიორგი ბარბაქაძემ, რომელმაც 4 სამიანი მიითვალა.
„ოლიმპში“ 25 ქულით საუკეთესო იყო ჯერემი ბაინუმი.
სუპერლიგის მე-5 ტურის 3 მატჩს ხვალ, 14 ნოემბერს, თბილისის
ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
გია კაზანჯიანი („ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი):
„მერამდენე თამაშია ჩვენივე შეცდომებით ბოლო წუთებზე ვმარცხდებით. ძნელია დადებით შედეგზე ფიქრი, როცა მეტოქე შენს
ფართან 16-ჯერ მოგიხსნის ბურთს. ცხადია, უიმედოდ არ ვართ და მომდევნო მატჩებში ხარვეზებს
გამოვასწორებთ. ქუთაისის გუნდს წარმატებებს ვუსურვებ.“
კოტე ტუღუში („ქუთაისი 2010“-ს მთავარი მწვრთნელი):
„მორიგი სერიოზული მეტოქე შეგვხვდა. დაძაბული თამაში იყო. შევძელით და გავიმარჯვეთ. ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, ჩემპიონატში
ყველაფერია მოსალოდნელი. წინ უამრავი მატჩია. ვეცდებით ეტაპობრივად გავაუმჯობესოთ თამაში. მორიგი გამარჯვებით, რაღა
თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ. შემდეგი შეხვედრა ბათუმში გვაქვს, კიდევ ძლიერ მეტოქესთან
და სათანადოთ უნდა მოვემზადოთ.“