საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” ფიბა ევროპის თასის გათამაშებაში ჩაება. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა სლოვაკეთში, ადგილობრივ “პრევიძასთან” 69:77 (სტატისტიკა) წააგო. ქართულმა კლუბმა ლეგიონერების გარეშე ითამაშა და თავი ღირდსეულად წარმოაჩინა. ქუთაისელებს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ შეცდომებისა და უფრო გამოუცდელობის გამო დამარცხდნენ.
იგივე გააკეთა 1 წლის წინ თსუ-მაც, რომელმაც 5-წლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირში პირველად იასპარეზა. შესაბამისად, მითი, რომ ქართული საკლუბო დონე უსაშველოდ ჩამორჩება ევროპულს და ჩვენს გუნდებს ევროსარბიელზე შანსი არ გააჩნიათ, დამსხვრეულია. მეტი წარმატება მეტი გამოცდილების შემდეგ და გუნდებში შემადგენლობის უფრო სხვა გათვლებით დაკომპლექტების შემდეგ მოვა. მთავარია, რომ ევროტურნირებში ქართული კლუბის მონაწილეობის ტრადიცია მკვიდრდება და მომავალში სეზონში თითო გუნდით აღარ შემოიფარგლება.
რაც შეეხება თამაშს. ქუთაისელებმა სადებიუტო მცირე ჩამორჩენის შემდეგ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და ერთი ხანობა 8 ქულითაც ლიდერობდნენ. მასპინძლები ნელ-ნელა ახერხებდნენ ჩამორჩენის გაბათილებას, თუმცა დიდ შესვენებამდე ეს ვერ მოახერხეს. დიდი შესვენებისთვის იმერული კლუბი 40:37 უგებდა მასპინძლებს და საკვანძო მესამე პერიოდი გამოდგა. აღნიშნული 10-წუთეული პრიეზიძელებმა ორმაგი სხვაობით – 24:12 მოიგეს და ხელჩასაჭიდ ლიდერობას თავად დაეპატრონნენ.
ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები 9 ქულით იგებდნენ, რისი გაბათილებაც ქუთაისმა არაერთხელ სცადა, მაგრამ სულ ვერა, მაგრამ რამდენჯერმე სხვაობის განახევრება კი მოახერხა. მეტისთვის ტუღუშის გაწვრთნილ გუნდს დრო არ ეყო. შეხვედრა სლოვაკებმა 8 ქულის სხვაობით მოიგეს.
ქუთაისის რიგებში საუკეთესოები გიორგი კორსანტია (24 ქულა, 11 მოხსნა) და აკაკი დვალიშვილი (18 ქულა, 5 მოხსნა) იყვნენ. გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე 9 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასია. ნაკრებიც წევრ გიორგი ოჩხიკიძეს მხოლოდ 3 ქულა ჰქონდა, თუმცა მის ანგარიშზე 7 პასი და 5 მოხსნაა. ქუთაისის რიგებში 8 კალათბურთელმა ითამაშა და მათგან ერთიც არ ყოფილა ლეგიონერი. იმერულ კლუბს სლოვაკეთში ახლდა ელია ჯოინერი, მაგრამ მას ხელის ტრავმა აწუხებს და არ უთამაშია. გამარჯვებულთა რიგებში 17 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა კიტ ჯორდანს, 12 ქულა და 16 მოხსნა – ჰანტერ გრინს.
ქუთაისმა ძირითადად საჯარიმოებისა და ფარზე ვერმოხსნილი ბურთების გამო წააგო. საჯარიმოს ხაზიდან 41.2% რომ ჩააგდებ, მოგებაზე ფიქრი რთულია, მით უფრო, როცა მეტოქე მოხსნებში 55:38 გაჯობებს.
16 ოქტომბერს ქუთაისი 2010 ესპანურ ბილბაოს თბილისში უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ქუთაისმა ევროთასები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩით დაიწყო, ლევიცესთან 87:111 წააგო და ფიბა ევროპის თასზე გადმოერთო.