სტატისტიკა გალერეა
ფინალური სერია
გრძელდება. მალხაზ კოხრეიძისა და მედეა მხეიძის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” საჩემპიონო
სერიის მე-3 მატჩში, საკუთარი გულშემატკივრებით გადავსებულ დარბაზში 89:84 დაამარცხა
“დინამო” და საერთო ანგარიში 1:2 გახდა. დინამოელებს 1 მოგება აკლდათ ჩემპიონობამდე,
მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხეს და ხვალ, 25 მაისს, ქუთაისის სპორტის
სასახლე სერიის მე-4 მატჩს უმასპინძლებს.
გულშემატკივარი
ვახსენეთ და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისელებმა მხურვალე ქომაგობის პარალელურად
კინაღამ ცუდი საქმე გაუკეთეს საკუთარ გუნდს. რიგ მომენტებში მსაჯობით უკმაყოფილო გულშემატკივარი
მოედანზე სხვადასხვა საგნებს ისროდა. დიქტორს ორჯერ დასჭირდა მაყურებელთა ინფორმირება,
რომ თავი შეეკავებინათ მოედანზე საგნების სროლისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაში
შეწყდებოდა.
თამაში ისედაც
შეწყდა, ოღონდ არა გულშემატკივართა ზღვარსგადასული საქციელის გამო. პირველი მეოთხედის
დასასრულს დარბაზში ელექტროენერგია გამოირთო და 20 წუთის შემდეგ მოვიდა. მატჩი ქუთაისელი
კალათბურთელების სიზუსტით დაიწყო და მასპინძლებმა საბოლოოდ რომ მოახერხეს გამარჯვების
მოპოვება, სწორეთ მათი ზუსტი თამაშის დამსახურება იყო.
სერიის საწყისმა
ორმა შეხვედრამ გამოაჩინა, რომ “დინამოს” ფარქვეშ უდიდესი უპირატესობა ჰქონდა.
ირაკლი ხოშტარიას გუნდმა თბილისში გამართული მატჩები 49 და 31-ქულიანი უპირატესობით
მოიგო და იმ შეხვედრებში საუკეთესონი ძირითადად მეფარეები – სტევან მილოშევიჩი და ქიან
კარტერი გახლდნენ. ქუთაისელებმა იცოდნენ, რომ მეტოქესთან ფარქვეშ ჭიდილში გამარჯვებულები
ვერ გამოვიდოდნენ და თბილისელებს პერიმეტრიდან სროლებზე, სწრაფ შეტევებზე აწყობილი
ტაქტიკა დაუპირისპირეს.
ამ ტაქტიკამ გაამართლა.
სამქულიანებს სანაქებოდ ესროდა დავით ბარბაქაძე, რეზო დიდია, ხოლო ქუთაისელთა ერთადერთმა
გამოკვეთილმა ცენტრმა – მატჩის საუკეთესო მოთამაშე აკაკი დვალიშვილმა ქულათა უმეტესობა
სამწამიანს გარედან ნასროლი ბურთებით მიითვალა. დვალიშვილმა სამქულიანიც ჩააგდო, ის
არც ფარქვეშ შესვლას ერიდებოდა, თუმცა ამას იშვიათად და ძალზედ ხელსაყრელ მომენტებში
აკეთებდა – შესაბამისად მიზანსაც აღწევდა და თავისი გუნდის წარმატების ძირითადი დასაყრდენიც
გახდა.
ბოლო მეოთხედში
დინამოელებმა 1 ქულით დაწინაურება მოახერხეს, თან მოედნიდან 5 პერსონალურის გამო გასული
იყო დავით ბარბაქაძე, თუმცა მასპინძლებს ახალგაზრდა თაობამ უშველა – ლევან გრძელიძემ
უზუსტესი პასები მიითვალა, სამქულიანიც ჩააგდო. შორი სროლა მიითვალა 21 წლის გიორგი ცირეკიძემაც,
ხოლო გიორგი ბარბაქაძემ საჭირო მომენტში ლიდერის ფუნქციები იკისრა და არაერთი ჰაერივით
საჭირო ორქულიანი ჩააგდო. როცა დინამოელებმა ქუთაისელთა სწრაფ და ზუსტ თამაშს ვერაფერი
დაუპირისპირეს, მატჩის ბედი გადაწყდა.
დვალიშვილმა შეხვედრა
25 ქულით, 11 მოხსნით და 4 პასით დაასრულა. 21 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა გიორგი ბარბაქაძეს
, ხოლო ზაურ ფაშაევის ანგარიშზე 15 ქულა და
9 პასი დაგროვდა. დავით ბარბაქაძემ შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. “დინამოში”
ყველაზე მეტი – 21 ქულა ბესო ლეჟავამ დააგროვა, 14 ქულა ჰქონდა ქიან კარტერს, ხოლო
სტევან მილოშევიჩმა თავისი წილი ორმაგი დუბლი მაინც მიითვალა – 13 ქულა, 10 მოხსნა.
ფინალური სერიის
მორიგი შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში 25 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მედეა მხეიძე
(ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): ეს მოგება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი
იყო, რათა დაგვემტკიცებინა რომ ჩვენ ვართ გუნდი,
რომელსაც შეუძლია ფინალში ბრძოლა და უმაღლესი ჯილდოს მოპოვება. თბილისში ორი წარუმატებელი თამაშის შემდეგ, დღეს აუცილებლად უნდა
გვებრძოლა და თამაში ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორიც ფინალს შეეფერება. თავისი ხიბლი
უნდა ჰქონოდა მატჩს და როგორც
ეს დარბაზი იყო დღეს ემოციებით და დაძაბულობით
სავსე, ასე უნდა ყოფილიყო თბილისშიც. ვიცოდი, რომ ბიჭები მაქსიმალურად დაიხარჯებოდნენ
და ყველაფერს გააკეთებდენ, მაგრამ გუნდი დაღლილი
იყო, ფაქტიურად ექვსი კაცით ვიასპარეზეთ და
მაინც ეჭვი მეპარებოდა გამარჯვებაში, მაგრამ საბედნიეროდ, დღეს ეს შევძელით და ჩვენმა მაყურებელმაც უდიდესი სიამოვნება მიიღო.
ირაკლი ხოშტარია
(„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): ძალიან რთული თამაში იყო. კარგი
იქნებოდა, რომ დღეს დაგვესრულებინა სერია და ჩვენი საქმე ბოლომდე მიგვეყვანა, მაგრამ
ფინალია და ყველაფერი ხდება. ვეცდებით ხვალ მაქსიმალურად გამოვასწოროთ ჩვენი ხარვეზები
და სასურველი შედეგი ვაჩვენოთ.
აკაკი დვალიშვილი(,,ქუთაისი’’): დღეს მოსულმა
მაყურებელმა ძალიან ლამაზი და კარგი თამაში იხილა. ჩვენ უბრალოდ სხვა გზა არ გვქონდა,
უნდა გვებრძოლა. ძალიან გადაღლილები ვიყავით, თუმცა უკანასკნელი ძალები მოვიკრიბეთ
და გავიმარჯვეთ. ხვალ რა იქნება არ ვიცი, დღეს ძალიან გახარებულები ვართ და მადლობას
ვეტყვი ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც ასეთი კარგი თამაშის ჩატარებაში დაგვეხმარა.