სამედიცინო უნივერსიტეტისა და „ქუთაისის“ მატჩს დაძაბულობა
აკლდა. იმერულმა კლუბმა თსსუ-ს ზედმეტი გართულებების გარეშე მოუგო. მატჩის ბედი პირველივე
მეოთხედში გადაწყდა,
რომელიც დავით უსტიაშვილის გუნდმა 32:9 მოიგო. ქუთაისელებმა ჩვეულ სტილში, შორი სროლებით მოიპოვეს
უპირატესობა, თუმცა არც გარღვევების განხორციელება უჭირდათ. მედიკოსთა დაცვა ვერ იყო
მოწოდების სიმაღლეზე და იმერლები ქულებს იოლად იხვეჭდნენ. „ქუთაისს“ ტრავმის გამო აკლდა
რევაზ დიდია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმერული კლუბისთვის, იოლი გამარჯვება მოეპოვებინა.
პირველი მეოთხედის 23 ქულით მოგების შემდეგ ქუთაისელებმა
მეორე 23:21 მოიგეს და დიდ შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდნენ. მესამე მეოთხედში
დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა თავს მოდუინების საშუალება მისცეს და თსსუ-მაც
ჩამორჩენა ნაწილობრივ შეამცირა. დანარჩენზე მედიკოსებს ძალები აღარ გასწვდათ. იმერულმა
კლუბმა მატჩი გამარჯვებამდე მიყვანა – საბოლოო ანგარიშია 91:70.
გამარჯვებულებში 19 ქულით გიორგი ბარბაქაძე გამოირჩა,
ხოლო რიჩარდ მათიაშვილმა 18 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. 1 მოხსნა
დააკლდა სამმაგ დუბლამდე აზერბაიჯანელ ზაურ ფაშაევს, რომელმაც 15 ქულა, 12 პასი და
9 მოხსნა მოაგროვა. თსსუ-ში 19 ქულა ჰქონდა გიორგი ფერიაშვილს, ხოლო ლევან რევაზაშვილმა
მედიკოსებს 17 ქულა შესძინა.
შემდეგ მატჩში ერთმანეთის პირისპირ „ოლიმპი“ და „სოხუმი“
წარსდგებიან.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
დავით უსტიაშვილი
(ქუთაისი): დასაწყისშივე გადაწყდა მატჩის ბედი. შეხვედრა თავიდანვე
კარგად დავიწყეთ. სამედიცინო ახალგაზრდული გუნდია, მეორე ტაიმი კარგად ითამაშეს, მორიგ
ტურში სერიოზული შეხვედრა გვაქვს არმიას წინააღმდეგ და ვემზადებით. თუმცა გუნდში პრობლემებია,
ადრე ტრავმიანობა იყო, ახლა კი ვირუსი შემოგვეპარა, თუმცა იმედი მაქვს ჯანმრთელად ვიქნებით.
კახა შენგელია
(სამედიცინო): მივულოცავ გამარჯვებას მოწინააღმდეგეს და წარმატებას
ვუსურვებთ. ჩვენ ძალიან ცუდად დავიწყეთ. ეს თამაში გამოგვადგება ჩვენს უშუალო კონკურენების
წინააღმდეგ.
რიჩარდ მათიაშვილი
(ქუთაისი): თავიდანვე უპირატესობით დავიწყეთ. ვემზადებით მორიგი
შეხვედრისთვის, რომ აღარ გვქონდეს ასეთი მეორე ტაიმი არმიასთან.
გიორგი ფერიაშვილი
(სამედიცინო): თავიდან ძალიან ცუდად დავიწყეთ, მეორე ტაიმში ცოტა
გამოვფხიზლდით, მაგრამ არ იყო საკმარისი.