სუპერლიგაში ლიდერი შეიცვალა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ქუთაისთან წააგო და პირველობა დაკარგა. 13 ტურის შემდეგ თსუ-ს და ბათუმს 9-9 მოგება აქვთ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გათვალისწინებით პირველ ადგილზე აჭარული გუნდია.
თსუ-მ პირველი წრე სოლიდური – მდევარ ბათუმთან და დინამოსთან 2-ქულიანი უპირატესობით დახურა, თუმცა მიზეზთა გამო 2 ლეგიონერი დაკარგა და სანამ ახალწვეულები შეთამაშდებიან, გარკვეული პრობლემები აქვს. ახალმა ლეგიონერებმა დღეს საკმაოდ კარგად ითამაშეს და თსუ ბოლო პერიოდამდე ამარცხებდა ქუთაისს, თუმცა კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და გამარჯვებას მიაღწია.
მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე თსუ 69:65 იგებდა, რა დროსაც ქუთაისელებმა გაქცევა მოაწყვეს. ჯოვან მურინგის, გიორგი ბარბაქაძისა და ჯეიმს მილიკენის ქულებით სტუმრებმა 12:0 მოიგეს 4-წუთიანი მონაკვეთი და 77:69 გალიდერდნენ. მატჩის ბედიც აქ გაირკვა. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთი იყო და უნივერსიტეტელებს ვითარების შესაცვლელად არც დრო დარჩათ და არც ძალა. ქუთაისმა საბოლოოდ 84:73 (სტატისტიკა) იმარჯვა.
სტუმრებს 28 ქულით ჯოვან მურინგმა ულიდერა. 18 ქულა დააგროვა გიორგი ბარბაქაძემ, ხოლო ჯეიმს მილიკენის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. თსუ-ში 21 ქულით დევიდ მაკფარლანდი გამოირჩა. 16 ქულა ჰქონდა ჯიბრილ ფოლკნერს, ხოლო გიორგი კორსანტიამ შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.
მე-13 ტური დღეს რუსთავში დასრულდება, სადაც ადგილობრივი გუნდი კაკტუსს უმასპინძლებს. მატჩის ლაივ-სტატისტიკას თვალი ადევნეთ შემდეგ ბმულზე: http://gbf.ge/league/federation/live-game/5132149?whId=1504378