რევაზაშვილის 44 ქულა და ბათუმის იოლი გამარჯვება (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

რევაზაშვილის 44 ქულა და ბათუმის იოლი გამარჯვება (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკა
გალერეა
Video

სუპერლიგის მეორე
წრის მე-7 ტურს სპორტკომპლექსი “არენა” მასპინძლობს. ძიუდოში მსოფლიო გრან
პრის გამო სპორტის სასახლემ აღნიშნულ ტურს ვერ უმასპინძლა. პირველი მატჩი უკვე დასრულდა
და მასში რეკორდი დაფიქსირდა.

ერთმანეთს
“მაკაბი” და “ბათუმი” ხვდებოდნენ და მატჩის ბედი წინასწარ იყო
ცნობილი. ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდი სუპერლიგის გამოკვეთილი აუტსაიდერია და დიდი ამბიციების
მქონე “ბათუმს” რომ ვერ დაამარცხებდა, ყველამ კარგად იცოდა.

მარცხთან შეგუებულმა
მაკაბელებმა აქცენტი გიორგი რევაზაშვილის რეკორდზე აიღეს, რასაც ახალგაზრდა, პერსპექტიულმა
კალათბურთელმა თავი მშვენივრად გაართვა.მიმდინარე სეზონის რეკორდი 34 ქულა იყო, რომელიც
“ოლიმპის” ცენტრ რიჩარდ მათიაშვილს ეკუთვნოდა, რევაზაშვილმა კი “ბათუმთან”
დღევანდელ მატჩში 44 ქულა დააგროვა.

რაც შეეხება შედეგს,
მატჩი ბათუმელებმა იოლად, 130:74 მოიგეს. ზღვისპირელთაგან 6-მა კალათბურთელმა 10-ქულიან
ზღვარს გადააჭარბა, რომელთაგანაც 27 ქულით საუკეთესო ნიკა რამიშვილი იყო. 19 ქულა და
10 მოხსნა ჰქონდა ჯერემი სეფოლდს, ხოლო ლაშა კეშელავამ და ქემერონ მაკკეფრიმ 17-17
ქულა დააგროვეს. “მაკაბიში” გიორგი რევაზაშვილის 44 ქულის  კვალზე ორმაგი დუბლი მისმა უმცროსმა ძმამ, მაიზერმა
მოაგროვა – 10 ქულა, 13 მოხსნა.

მორიგ მატჩში
ერთმანეთს სუპერლიგის 2 ლიდერი – “დინამო” და “მაკაბი” შეხვდებიან
და გამარჯვებული ფაქტობრივად გაინაღდებს რეგულარული ჩემპიონატის პირველ ადგილს.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
,,მაქაბი’’ ძალიან პერსპექტიული კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, ერთ-ერთი ყველაზე
გამორჩეულია ლევან რევაზაშვილი, რომელსაც არაჩვეულებრივი მონაცემები აქვს. ეს ახალგაზრდული
გუნდი ბოლომდე იბრძვის, რაც მისასალმებელია. ჩვენთვის ეს რეგულარულის ბოლოსწინა შეხვედრა
იყო, 2 კვირაში გვაქვს თამაში ,,შსს აკადემიასთან’’ და პლეი ოფებამდე მეტი თამაში არ
გვაქვს. ამიტომ, მინდოდა ყველას ეთამაშა, გუნდს შეთამაშება აკლია და დღევანდელი შეხვედრა
ამის გასაუმჯობესებლად გამოვიყენეთ.

ჯამლეტ ხუხაშვილი(,,მაქაბის’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ ,,ბათუმს’’ გამარჯვებას, ძალიან ძლიერი გუნდია და მათი გამარჯვება მოულოდნელი
არ ყოფილა. ამ გუნდს სულ სხვა პერსპექტივა და მიზნები აქვთ და წარმატებას ვუსურვებ
მათ.  კეშელავას 5-მა 3-ქულიანმა სხვაობა საკმაოდ
სოლიდური გახადა, თუმცა ჩვენთვის ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. 14 3-ქულიანი
ჩაგვიგდეს და დიდი ანგარიშით დაგვამარცხეს. დღეს ფერიაშვილისგან მეტს ველოდით, რაც
შეეხებათ რევაზაშვილებს, გიორგი, რომელიც ნაოპერაციები იყო,  ნელ-ნელა შედის ფორმაში. სასიხარულოა, რომ სეზონის
რეკორდი დაამყარა და მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. სამაგიეროდ, ორმაგი
დუბლი შეასრულა მაიზერ რევაზაშვილმა, რომელიც ასევე სარეკორდო შედეგებს აჩვენებს
18-წლამდელთა ჩემპიონატში. მივულოცავ კიდევ ერთხელ მეტოქეს და წარმატებებს ვუსურვებ.

ნიკოლოზ რამიშვილი(,,ბათუმი’’): ანგარიშის მიუხედავად,
კარგი თამაში გამოვიდა, დღეს ახალი რეკორდი დამყარდა და მივულოცავ გიორგის წარმატებას.
ჩვენს ბიჭებსაც მივულოცავ გამარჯვებას, გარკვეული ჩავარდნა გვქონდა,  თუმცა ბოლო 3 შეხვედრაში გავიმარჯვეთ და ეს ჩვენთვის
საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო როგორც ფსიქოლოგიური, ისე სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით.
იმედია, გავაგრძელებთ წარმატებულ ასპარეზობას.

გიორგი რევაზაშვილი(,,მაქაბი’’): მართალია წავაგეთ,
თუმცა კარგი თამაში გამოვიდა. მადლობა მოწინააღმეგეს ამ შეხვედრისთვის. მივულოცავ მათ
გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ ერთი თამაში დაგვრჩა და შევეცდებით, მაქსიმალურად
გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები.