რუსთაველების 104–პროცენტიანი

რუსთაველების 104–პროცენტიანი

რუსთაველებმა ფინალური სერიის მეორე მატჩშიც ისევე იოლად დაამარცხეს სსაუ, როგორც პირველში და ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში არიან. დავით უსტიაშვილის გუნდმა თავიდანვე რომ მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია.

ფინალური სერიის პირველი მატჩის მსგავსად რუსთაველებმა ამჯერადაც 104 ქულა დააგროვეს, ხოლო აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა პირველ შეხვედრაში ჩაგდებული 59 ქულის ნაცვლად 70 ჩააგდო, თუმცა ამით რა შეღავათი?! თუკი თბილისელებმა გუსინ 45 ქულით წააგეს, დღეს 34–ით დამარცხდნენ და ჩემპიონობის შანსები მინიმუმამდე შეიმცირეს. მიხეილ კობეშავიძის გუნდი საწყისი მატჩებიდან გამომდინარე 3 შეხვედრის ზედიზედ მომგებს არ ჰგავს, თუმც აგრარელები თავისას მაინც ეცდებიან, ამაში ეჭვი არაა შესატანი.დღევანდელი მატჩი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა პირველს. მასპინძელმა რუსთაველებმა საწყის წუთებში 21:4 დაწინაურდნენ და ამაში ლომის წილი ბესიკ ლეჟავას მიუძღვის, რომელმაც საწყის მეოთხედში 3 სამიანი ჩააგდო, მთლიანობაში კი ხსენებულ ათწუთეულში 13 ქულა დააგროვა და რუსთავგელთა დაწინაურებაში ლომის წილი დაიდო.ერთადერთი ეპიზოდი, როცა აგრარული უნივერსიტეტის გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იყო, პირველი მეოთხედის ბოლოსკენ დადგა. მიხეილ ბერიშვილმა, ბექა წივწივაძემ და სხვა აგრარელები ცოტა გამოცოცხლდნენ, რამდენიმე შეტევა შედეგიანად დააგვირგვინეს და მეორე მეოთხედის ახალდაწყებულზე „აგრარულმა უნივერსიტეტმა“ ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა – 20:29.ეს იყო ის მაქსიმუმი, რაც მიხეილ კობეშავიძის გუნდმა შესძლო. დავით უსტიაშვილმა წუთშესვენება აიღო, რუსთაველებს დავალებები მისცა და მოედანზე დაბრუნებული მასპინძლები საოცარი შედეგიანობით ათამაშდნენ. გიორგი გამყრელიძე, ზვიად ბაბიაშვილი და კოტე ტუღუში შეუჩერებლები გახდნენ აგრარელებისთვის, ეს ბიჭები ქულას ქულაზე იხვეჭდნენ და მომდევნო 5–წუთეული რუსთაველებმა 28:5 მოიგეს, 57:25 დაწინაურდნენ და ამ მატჩში გამარჯვებულის ვინაობა საბოლოოდ გადაწყვიტეს.თამაშმა მესამე მეოთხედშივე დაკარგა აზრი და ბოლო ათწუთეულში მოედანზე ღრმა სათადარიგოებიც ვიხილეთ. რუსთაველებმა საბოლოოდ 104:70 გაიმარჯვეს, სერიაში 2:0 დაწინაურდნენ და თუკი 16 მაისს თბილისის სპორტის სასახლეშიც იმარჯვებენ, ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებენ. არადა, მეოთხე მატჩი თბილისშივე, 17 მაისს გაიმართება