როცა გუნდი ერთ მატჩში 25 სამქულიანს აგდებს, იმ თამაშს არ აგებს. ესეთი რამ არსად არ მომხდარა და შესაბამისად, არც “რუსთავს” გასჭირვებია დღეს “‘მგზავრების” დამარცხება. სწორედ 25 სამქულიანი ჩააგდეს რუსთაველებმა დღევანდელ შეხვედრაში, რომელშიც “მგზავრებს” უმასპინძლეს და ანგარიშით 117:97 დაამარცხეს.
აქამდე მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგი მატჩში 20 სამქულიანი იყო, რომელიც “კაკტუსს” და “რუსთავს” ჩაეგდო. ქვემოქართლელებმა საკუთარი რეკორდი ერთბაშად 5 ერთეულით გააუმჯობესეს.
შესაბამისად, მატჩიც არ ყოფილა დაძაბული. რუსთაველებმა პირველი პერიოდი 32:24 მოიგეს, ხოლო მეორეშიი 37:23 იმარჯვეს და მატჩის ბედიც დიდ შესვენებამდე გადაწყვიტეს – 69:47. მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვლილა. “მგზავრებმა” მასპინძელთა შორ სროლებს ვერაფერი დაუპირისპირეს და 20 ქულის სხვაობით – 97:117 დამარცხდნენ.
რუსთაველებს 29 ქულით რეზო ჩაჩანიძემ ულიდერა. 16 ქულა ადამ ბლეიზეკმა მოაგროვა, ხოლო 13 ქულა ლევან ცეკვავას ანგარიშზე დაგროვდა. სუპერლიგის მორიგი მატჩები 28 და 29 აპრილს გაიმართება.
რუსთავი – მგზავრები
სტატსისტიკა: 117:97
ფოტო: მირიან ჩხეიძე