დღეს ქუთაისში პლეი ოფის ბოლო მეოთხედფინალური სერია
დაიწყო, რომელშიც ერთმანეთს „ქუთაისი“ და „რუსთავი“ ხვდებიან.
მოედნის უპირატესობა
ქვემოქართლელებს აქვთ, თუმცა სერიის პირველი მატჩი იმერეთში გაიმართა. ამის მიზეზი 2 დღის წინ რუსთავის დარბაზში ელექტროენერგიის
მიწოდების შეწყვეტის გამო ჩაშლილი მატჩია. გუნდების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე
სერიის პირველი მატჩი ქუთაისში დღეს დაინიშნა, ხოლო მომდევნო 2 შეხვედრას (თუკი მეორე
საჭირო გახდა) რუსთავი უმასპინძლებს.
ქუთაისში დღეს გამართული მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო
გამოდგა. თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში მასპინძლები ლიდერობდნენ. მეორე მეოთხედის
შუაწელში ქუთაისელთა უპირატესობა 12 ქულამდეც (36:24) კი გაიზარდა, მაგრამ რუსთაველები
არ ტყდებოდნენ და მასპინძლებს შორს არ უშვებდნენ. ამერიკელი ნეით ბოუი ქუთაისელებს
ბევრ პრობლემას უქმნიდა, სწორედ მისი და კაილი ნელსონის დამსახურებაა, რუსთაველებმა
ბოლო მეოთხედში ანგარიში რომ გაათანაბდეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.
ბოლო მეოთხედის წი ქუთაისელები 3 ქულით იგებდნენ, მაგრამ
ბოუიმ თანაგუნდელებთან ერთად იმდენი მოახერხა, რომ მატჩის დასრულებამდე 4,30 წუთით
ადრე ანგარიში გათანაბრდა – 67:67. დარჩენილ დროში სტუმრებმა გამარჯვებისთვის მაქსიმუმი
გაიღეს – გოგა ცეკვავამ და ჟოლივეტ ტუჯანიმ საჭირო სამქულიანები მიითვალეს და „რუსთავმა“
შეხვედრა 77:73 მოიგო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე და გმირი ნეით ბოუი გახდა,
რომელმაც 31 ქულა მიითვალა. 12 ქულა ჰქონდა რუსთაველთა მეორე ამერიკელ კაელ ნელსონს,
ხოლო ცეკვავას ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. ქუთაისელთა შორის 18 ქულით გიორგი ბარბაქაძე
გამოირჩა, ხოლო მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი რიჩარდ მათიაშვილმა გაიფორმა – 16 ქულა,
10 მოხსნა.
სერიის მომდევნო მატჩი 28 აპრილს, რუსთავში გაიმართება.
თუკი მასპინძლები იმარჯვებენ, ნახევარფინალში გავლენ, არადა, მესამე, გადამწყვეტ შეხვედრას
კვლავ რუსთავი უმასპინძლებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მიხეილ ბერუაშვილი(რუსთავი):
ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო, მთელი თამაში
ქულა-ქულაში მიდიოდა, იყო მომეტი როცა12 ქულასაც ვაგებდით, მაგრამ ჩემმა გუნდმა ყველაფერი
გააკეთა და გამარჯვების მოპოვება შეძლო. დიდი მადლობა ბიჭებს და მოწინააღმდეგე გუნდს,
რომელმაც ბრწყინვალე თამაში აჩვენა. მიუხედავად მოგებისა, ჯერ ყველაფერი წინაა, ქუთაისი
ბოლომდე იბრძოლებს, ასე რომ წინ ურთულესი მატჩები გველოდება. კმაყოფილი ვარ დაცვაში
ჩვენი ასპარეზობით, მომავალ შეხვედრებშიც დაცვაზე გავამახვილებთ ყურადღებას, ასევე
ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ თავდასხმაშიც.
დავით უსტიაშვილი
(ქუთაისი): რთული შეხვედრა
იყო, თავიდან მატჩი კარგად დავიწყეთ და 1-ელი ტაიმიც მოვიგეთ. ძირითადად თამაშს ჩვენ
ვაკონტროლებდით, თუმცა გადამწყევტ მომენტში სამწუხარო მარცხი განვიცადეთ. უნდა აღვნიშნო
რომ დიდი პრობლემები შეგვიქმნა რუსთავის უკანახაზელმა ლეგიონერმა ნეოთ ბოუიმ, რომელმაც
31 ქულა ჩაგვიგდო. სასწაული ბურთი ჩააგდო კაელ ნელსონმაც, რის შედეგადაც მცირე უპირატესობა
დავკარგეთ. ვეცდებით რუსთვაში გამარჯვება ჩვენ მოვიპოოთ და სერიაში ანაგარიში გავათანაბროთ.