რუსთავი სუპერლიგის მესამე ადგილის მფლობელია

რუსთავი სუპერლიგის მესამე ადგილის მფლობელია

 სტატისტიკა  გალერეასუპერლიგის ბრინჯაოს მედლების
მფლობელი საკალათბურთო კლუბი „რუსთავი 1991“ გახდა. რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა
ქვემოქართლურმა გუნდმა მესამე ადგილისთის მატჩში თბილისური „კაკტუსი“ 93:85 დაამარცხა
და სუპერლიგის საპრიზო ადგილი დაიკავა.

მატჩის ბედი ბოლო პერიოდში
გადაწყდა, მანამდე კი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი
ფრედ – 20:20 დასრულდა, ხოლო მეორეში კაკტუსელებმა იძალეს და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი
უპირატესობით გავიდნენ – 45:39.

მესამე მეოთხედში რუსთაველებმა
მოახერხეს ჩამორჩნის მინიმუმამდე შემცირება, თუმცა დასკვნით ათწუთულში არჩილ ჟღენტის
გაწვრთნილმა „კაკტუსმა“ ისევ მოახერხა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვება და შეხვედრის
დასრულებამდე 7 წუთით ადრე 73:65 დაწინაურდა.

ეს სერიოზული განაცხადი
იყო გამარჯვებაზე, რასაც რუსთაველებმა მწყობრი დაცვა და შეტევაში შედეგიანი თამაში
დაუპირისპირეს. შედეგმაც არ დააყოვნა და მორის ბრიგსის, ჩარლი ლის, სერგო ათუაშვილისა
და რეზო ჩაჩანიძის ქულებით რუსთაველებმა 13:0 გაქცევა მოაწყვეს, 78:73 დაწინაურდნენ
და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს.

გამარჯვებულებს 31 ქულით
მორის ბრიგსმა ულიდერა. 22 ქულა მოაგროვა ჩარლი ლიმ, რეზო ჩაჩანიძის ანგარიშზე კი
17 ქულა დაგროვდა. „კაკტუსში“ 19 ქულითა და 13 მოხსნით ჯონ ფლოვიესი გამოირჩა,
15-15 ქულა კი ირაკლი ჩლაიძისა და დავით ლომიძის ანგარიშზე იყო.

მატჩის შემდეგ გაიმართა
დაჯილდოვების ცერემონიალი. „რუსთავის“ მოთამაშეები და მწვრთნელები სუპერლიგის ბრინჯაოს
მედლებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ
დააჯილდოვა.  
რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი): ძალიან ძნელი იყო ამ ყველაფრის მიღწევა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, მიეღწია წარმატებისათვის და მაქსიმუმი გაეკეთებინა წლევანდელ სეზონში. ვულოცავ ყველას – გულშემატკივრებს, გუნდის ხელმძღვანელობას, გუნდს და ყველას ვინც მთელი სეზონის განმავლობაში გვერდით გვედგა. დიდი მადლობა!