რუსთავის პირველი მოგება სუპერლიგაში | ქუთაისმა და ვსა-მ რთული გასვლითი მატჩები მოიგეს

რუსთავის პირველი მოგება სუპერლიგაში | ქუთაისმა და ვსა-მ რთული გასვლითი მატჩები მოიგეს

სუპერლიგის მე-5 ტური, რომელიც ბათუმში პარასკევს დაიწყო, შაბათს თბილისსა და გორში საინტერესო მატჩებით გაგრძელდა. თბილისი არენაზე დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველში აუტსაიდერები – რაში და რუსთავი ხვდებოდნენ. არც ერთ მათგანს, მიმდინარე სუპერლიგაში მოგება არ ჰქონდა და რომელიმე აუცილებლად გატეხდა უიღბლო სერიას.

რუსთაველები სოლიდური დანაკლისით შეხვდნენ აღნიშნულ მატჩს. დისკვალიფიკაციის ბოლო მატჩს ითვლიდნენ ვახტანგ გაფრინდაშვილი და დავით ლორია, თუმცა რუსთაველებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და პირველი გამარჯვება მოიპოვეს. გიორგი ცეკვავას გაწვრთნილმა ქვემოქართლელებმა მცირე უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და დიდ შესვენებაზეც 4 ქულას იგებდნენ.

თანაბრად გაგრძელდა შეხვედრა ბოლო წუთებამდე, როცა რაშმა დაწინაურებაც კი მოახერხა, თუმცა გუნდური თამაშის წყალობით რუსთავმა კრიზისი დალია და ბოლო წუთებზე გამარჯვებას მიაღწია, რაშიც დიდი წვლილი ვილი ისიანს მიუძღვის, ვის ანგარიშზეც 26 ქულა, 10 მოხსნა და 3 დაფარება დაგროვდა. მატჩი საბოლოოდ 77:71 (სტატისტიკა) დასრულდა – რუსთავმა სამმატჩიანი უიღბლო სერია შეწყვიტა, რაში კი გურჯაანის დელტასთან ერთად ჩემპიონატის მოუგებელ გუნდად რჩება.

ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა კსუ-სა და ვსა-ბასკეტბოლის შეხვედრა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა სეზონი მძლავრად დაიწყო, თუმცა ბათუმთან წააგო და ვსა-ს ძლევით ლიდერებში ბრუნდებოდა. თავის მხრივ, ვსა-ც სოლიდური გუნდია, რომელმაც წინა ტურში ბათუმს პირველი მარცხი აგემა და ცხადია, კავკასიელთა ძლევასაც ეშურებოდა. 

ვსა-მ მოახერხა გამარჯვება და ეს უპირველესად ანზორ ნადირაძის დამსახურებაა, რომელსაც კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჰქონდა. მან შეხვედრა 32 ქულით, 13 მოხსნით და 2 დაფარებით დაასრულა. ვსა-მ ბოლო წუთებზე მახსრხა თანაბარ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება და სუპერლიგის ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. 

შაბათის ბოლო შეხვედრაში ივერიონმა ქუთაისს გორში უმასპინძლა. ქუთაისი წინა ტურში თსუ-სთან  წინა ტურის მსგავსად 18 ქულით აგებდა და ის მატჩი მოიგო. ასე მოხდა ახლაც. პირველი ნახევრის შემდეგ ივერიონი 54:36 იგებდა და სანერვიულო არაფერი ჰქონდა. მეორე ნახევარში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა სულ სხვა კალათბურთი ითამაშეს, ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს და ამ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად 10 წუთი ჰქონდათ.

ბოლო პერიოდში ქუთაისელებმა გააგრძელეს შედეგიანი თამაში და ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი დაწინაურდნენ კიდეც. დაცვის და მას მოყოლილი სწრაფი, შედეგიანი გარღვევების შედეგად ქუთაისმა ბოლო წუთზე 4-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა და მეტოქისთვის მიუწვდომელი გახდა. საბოლოოდ ქუთაისმა 73:69 (სტატისტიკა) იმარჯვა. 

სუპერლიგის მე-5 ტურის ბოლო მატჩი კვირას, გურჯაანში გაიმართება, სადაც დელტა ტყიბულის ორბს უმასპინძლებს.