რუსთავის რეკორდები და გამარჯვება (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

რუსთავის რეკორდები და გამარჯვება (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სამედიცინო უნივერსიტეტისა და რუსთავის გუნდების შეხვედრა
საინტერესო რეკორდების თვალსაზრისით გამოდგა. მატჩში იმდენი ბურთი ჩავარდა, რომ ერთბაშად
რამდენიმე რეკორდი გაუმჯობესდა.

 ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა აუტსაიდერი თსსუ 126:74
დაამარცხა და თავად ეს შედეგი მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდია.

200 ქულა მიმდინარე სუპერლიგის არც ერთ შეხვედრაში არ
ჩავარდნილა. ერთი გუნდის მიერ მოგროვებული 126 ქულაც რეკორდია. რუსთაველთა მიერ ჯამში
ჩაგდებული 20 სამქულიანი კი მართლაც გამორჩეული რეკორდია. 4 დღის წინ სამქულიანების
რეკორდი ნბა-ში დამყარდა, როცა „ჰიუსტონმა“ „გოლდენ სტეიტს“ 23 შორი ტყორცნა ჩაუგდო.
მოგეხსენებათ, ამერიკის პროფესიულ ლიგაში მატჩების ხანგრძლივობა 48 წუთია – ანუ ჩვეულებრივზე
8 წუთით მეტი. რუსთაველებმა კი 40 წუთში ნბა-ს რეკორდზე 3-ით ნაკლები სამიანი ჩააგდეს,
რაც თავისთავად გამორჩეული შედეგია.

ქვემოქართლურ გუნდში შორი სროლებით ამერიკელი ლეგიონერები
– ნეით ბოუი და ომარ ვატადი გამოირჩნენ. ბოუიმ სულაც 6-დან 6 სამიანი ჩააგდო, ხოლო
ვატადმა ამდენივეს ჩაგდებას 9 ტყორცნა დააჭირვა. სროლათა გამორჩეული პროცენტულობა ჰქონდა
კიდევ ერთ ამერიკელ კაილ ნელსონს, რომელმაც 8-დან 8 ორქულიანი ჩააგდო. საბოლოოდ სამივე
ამერიკელმა 20-ქულიან ზღვარს მიაღწია – ბოუი 26, ნელსონი 25, ვატადი 20.  ქართველთაგან კი საუკეთესო დავით გუგავა გახლდათ,
რომელიც სარეზერვო ცენტრია, მაგრამ მეტოქის სისუსტიდან გამომდინარე თავის გამოჩენის
შანსი მიეცა. გუგავას ანგარიშზე 14 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. რაც შეეხებათ დამარცხებულებს,
17 ქულით საუკეთესო ზურა მაისურაძე გახლდათ, ხოლო დავით არწივიძემ 12 დააგროვა.

დღევანდელი ტური სტუდენტური დერბით დასრულდება: ერთმანეთს
სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები შეხვდებიან.

მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი): გავიგე, რომ სამედიცინოს
პრობლემები აქვს და ვუსურვებ მოგვარებას. ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელია, მათ პრაქტიკა
სჭირდებათ  და კარგი იქნება რომ ბოლომდე შენარჩუნდეს
ეს გუნდი.

თენგიზ ფიცხელაური (სამედიცინო): მივულოცავ გამარჯვებას
რუსთავს, ძალიან კარგად იასპარეზეს.რაც შეეხება ჩვენს გუნდს, სუსტად ვითამაშეთ და მეტოქეს
ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ. ჩვენს გუნდში ფინანსებთან დაკავშირებით არის
გაურკვეველი სიტუაცია, იმედი გვაქვს ეს საკითხი უახლოეს მომავალში ჩვენს სასიკეთოდ
გადაწყდება.

გოგა ცეკვავა
(რუსთავი): ვულოცავ რუსთავის გულშემატკივარს დღევანდელ გამარჯვებას.
ჩვენთვის იოლი მატჩი გამოდგა და მეტოქე დიდი ანგარიშით დავამარცხეთ.  იმედია მომავალში სამედიცინო პრობლემებს მოაგვარებს
და გაძლიერდება.  

ილია შიოლაშვილი
(თსსუ):  ვულოცავ რუსთავის
გუნდს  გამარჯვებას, რაც შეგვეხება ჩვენ   გუნდში შექმნილი პრობლემების გამო სათანადოდ ვერ
ვასპარეზობთ და იმედია არსებული სიტუაცია უახლოეს მომავალში გამოსწორდება. 
თსსუ – რუსთავი  74:126

სოხუმი – შსს 56:59