რუსთავმა ბათუმში წააგო

რუსთავმა ბათუმში წააგო

სტატისტიკასაკალათბურთო სუპერლიგის მე-18 ტური დღეს ბათუმში დაიწყო, სადაც სათამაშოდ „რუსთავი“ ჩავიდა. აჭარულმა გუნდმა გასულ 2 ტურში განცდილი წაგებების შემდეგ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის სტატუსი დაკარგა და ცხრილის სათავეში „დინამოსთან“ ერთად იმყოფებოდა, ხოლო „რუსთავი“  17 მატჩიდან 7 მოგებით ბოლოსწინა – მე-9 ადგილზე იყო.
მიუხედავად ცხრილში საკმაოდ დიდი დაშორებისა, რუსთაველებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ბათუმელებს და შეხვედრის უმეტეს ნაწილში ლიდერობდნენ. მეორე მეოთხედის დასასრულისკენ ქვემო ქართლური გუნდის უპირატესობამ 18 ქულა შეადგინა (56:38), თუმცა მასპინლებმა ბოლომდე იბრძოლეს და თავიდან ზედიზედ მესამე მარცხი აიცილეს. 
მეორე მეოთხედის დარჩენილ ორწუთნახევარში ბათუმელებმა ჩამორჩენა 13 ქულამდე შეამცირეს, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ წარმატებული თამაში გააგრძელეს და ბოლო ათწუთეულის დაწყებამდე მხოლოდ 8 ქულას აგებდნენ. მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელმაც ბათუმელთა გააზრებული და შედეგიანი თამაშით ჩაიარა. ლეონიდ სტეპანიშინის, ბესო ლეჟავას და იგორ კრივცოვის შედეგიანობით აჭარულმა კლუბმა დასკვნითი ათწუთეული 22:9 მოიგო. მატჩის ბოლო ბურთი ირაკლი მიქელაძემ ჩააგდო, რომლის ბოლო წუთზე შესრულებული ზუსტი სამქულიანის შემდეგ ანგარიში 91:86 გახდა და მატჩიც ამ ანგარიშით დასრულდა.
29 ქულით ბათუმელებს ბესო ლეჟავამ ულიდერა. აკაკი დვალიშვილმა 18 ქულა მიითვალა, ლეონიდ სტეპანიშინმა  კი 16. რუსთაველთაგან 23 ქულით და 15 მოხსნით საუკეთესო გახლდათ კაელ ტურპინი, გიორგი გამყრელიძის ანგარიშზე 19 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა დაგროვდა.
სუპერლიგის მე-18 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ, 20 თებერვალს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. 

მატჩისშემდგომი კომენტარები

დავით უსტიაშვილი (“ბათუმის”მთავარი მწვრთნელი):ძალიან დაძაბული მატჩი იყო.”რუსთავი” ძლიერი მოწინააღმდეგეა, რომელიც როგორც დავინახეთ, მე-3 წრიდან  დიდ წინააღმდეგობას უწევს სუპერლიგაში მონაწილე გუნდებს. შეხვედრა თანაბარი უპირატესობით დაიწყო, მეორე პერიოდში მეტოქემ გაგვისწრო კიდეც, თუმცა შევძელით და შედეგიანი დაცვის ხარჯზე  მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. წარმატებებს  ვუსურვებ  რუსთავის გუნდს. 
რამაზ გოგობერიშვილი (“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ “ბათუმს”დღევანდელ გამარჯვებას. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, ვერც დაცვაში ვიასპარეზეთ და ვერც თავდასხმაში გამოვიჩინეთ თავი, რამაც ლოგიკურად ჩვენი მარცხი განაპირობა.