სუპერლიგის მე-13 ტური დასრულდა. ბოლო მატჩი რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზში გაიმართა, რომელიც, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც სავსე იყო. რუსთაველები საკუთარი გუნდის საქომაგოდ მივიდნენ, რომელსაც გვარიანად მოღონიერებული კაკტუსის სახით სერიოზული გამოცდა ელოდა. ანატოლი ბოისამ, რომელმაც ბერძენი გიორგიოს კეცელიდისი მთავარი მწვრთნელის პოსტზე გასულ დეკემბერს შეცვალა, მორიგი გამოცდა წარმატებით ჩააბარა. რუსთავმა მოიგო და მოგებ-წაგებები გაითანაბრა, ხოლო კაკტუსმა წარმატებული სერია შეწყვიტა და ამის მიუხედავად, წინა წრესთან შედარებით ცხრილში საკმაოდ დაწინაურებულია.
მასპინძლებმა მეტოქე მესამე პერიოდში გატეხეს, მანამდე კი კაკტუსი საკმაოდ დალაგებულად თამაშობდა და ქომაგებით შეგულიანებულ მასპინძლებს წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდა. პირველი პერიოდი რუსთავმა 1 ქულით მოიგო, დიდი შესვენებისთვის კი ლიდერობას 3 ქულაც შეამატა. მესამე პერიოდში კაკტუსმა გაქცევა მოაწყო და 4-ქულიანი დეფიციტი ხომ აღმოფხვრა, 5 ქულით დაწინაურდა – 44:39.
რუსთაველთა მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო და ტაქტიკა შეცვალა. მოედანზე დაბრუნებულმა მასპინძლებმა ჩამორჩენა მალევე გააბათილეს, მესამე პერიოდის ბოლო 4 წუთი კი 15:4 მოიგეს და ბოლო 2-წუთიან შესვენებაზე 10-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 62:52. ეს იყო და, მასპინძლებს ახლოს აღარ მიუკარებით მეტოქე და გამარჯვებამდე ყოველგვარი გართულების გარეშე მივიდნენ. საბოლოოდ რუსთავმა 78:67 (სტატისტიკა) მოიგო, რაშიც ლომის წილი 15 ქულით, 12 მოხსნით, 4 პასითა და 2 დაფარებით აკაკი დვალიშვილმა დაიდო. 23 ქულით გამოირჩა ამერიკელი დენზელ ლივინგსტონი, ხოლო 18 – ილია ლონდარიძემ. კაკტუსში 24 ქულით ბრაიან უილიამსი გამოირჩა, 22 ქულა კი მაიკ დევისის ანგარიშზე დაგროვდა.
სუპერლიგაში სანაკრებო ფანჯრის გამო მცირე შესვენება გამოცხადდა და თამაშები 28 თებერვლიდან გაგრძელდება.
მირიან ჩხეიძის ფოტოები