რეგულარული ჩემპიონატის
ბოლო ტური დღეს ქუთაისსა და რუსთავში დაიწყო და ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდება.
რუსთაველებმა „ბათუმს“ უმასპინძლეს და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს – 84:73.
ბათუმელთათვის
ამ მატჩის შედეგი არაფერს ცვლიდა. მიხეილ კობეშავიძის გუნდი რეგულარულ ჩემპიონატს ნებისმიერ
შემთხვევაში მე-9 ადგილზე ასრულებდა. რუსთაველებს კი იმისთვის სჭირდებოდათ გამარჯვება,
რომ მესამე ადგილზე გასვლის შანსი შერჩენოდათ. ქვემოქართლელებმა თავისი საქმე გააკეთეს,
ბათუმელები დაამარცხეს და ახლა ხვალინდელი მატჩის შედეგზე არიან დამოკიდებულნი. თუკი
„ოლიმპი“ „არმიას“ დაამარცხებს, რუსთაველები მესამე ადგილზე გავლენ, თუ არადა, მესამე
ადგილი თავდაცვის სამინისტროს გუნდს დარჩება.
რეალურად კი რუსთაველთათვის
დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მესამეზე გავლენ თუ მეოთხეზე. პირველ შემთხვევაში „ქუთაისს“
ხვდებიან, მეორეში – „დინამოს“. ქვემოქართლელთა მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა ნამატჩევს
თქვა, თუ მობილიზებით არ ვითამაშებთ, „დინამოც“ მოგვიგებს და „ქუთაისიცო“.
ერთი სიტყვით,
„რუსთავმა“ მოიგო და რეგულარულის მე-3 ადგილზე დასრულების შანსი აქვს. თუ ვის შეხვდებიან
რუსთაველები, ხვალ, ბოლო ტურის დასრულების შემდეგ გაირკვევა, როცა პლეი ოფში გასული
8 გუნდი ადგილების მიხედვით საბოლოოდ დალაგდება.
რაც შეეხება დღევანდელ
მატჩს, რუთაველებში 22 ქულით საუკეთესო კაილ ნელსონი გახლდათ, ხოლო მეორე ამერიკელმა
– ნეით ბოუიმ 16 ქულა მიითვალა. ბათუმელებს 24 ქულით ნიკა რამიშვილმა ულიდერა, 17 ქულა
ჰქონდა ვანო მაისურაძეს, ხოლო დავით ყველაშვილმა შეხვედრა 14 ქულითა და 14 მოხსნით
დაასრულა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მიხეილ კობეშავიძე(ბათუმი): მივულოცავ რუსთაველებს
გამარჯვებას. ჩვენი გუნდების შემადგენლობებში სხვაობა დიდია. „რუსთავს“ გაცილებით ძლიერი
კალათბურთელები ჰყავს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.
მიხეილ ბერუაშვილი(რუსთავი): ვულოცავ რუსთაველ
გულშემარკივრებს. კარგია, რომ რეგულარული ჩემპიონატი მოგებით დავასრულეთ. „ბათუმი“
არაა ის გუნდი, რომელსაც ვერ დავამარცხებდით და აქედან გამომდინარე, მატჩის შედეგი
ლოგიკურია. ახლა ჩვენი საზრუნავი პლეი ოფისთვის მომზადებაა. მომავალ მეტოქეს ხვალ გავიგებთ,
როცა ბოლო ტური დასრულდება.
რუსთავი – ბათუმი 84:73