სუპერლიგის მორიგი ტური დღეს ქუთაისში ლიდერების ჯახით დაიწყო. მეორეადგილოსანმა “ქუთაისმა” ლიდერი “რუსთავი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში – 76:81 (სტატისტიკა) დამარცხდა.
არადა, შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მასპინძლები 7 ქულით – 73:66 იგებდნენ და გამარჯვების უკეთესი შანსიც ჰქონდათ, თუმცა ქვემოქართლელებმა არ დათმეს. ჯილან ვაშინგტონმა, მალიქ უაითმა და გეგი ბაქრაძემ ზედიზედ მითვლილი ქულებით რუსთაველები 2 წუთში გაალიდერეს – 74:73.
ქუთაისელთა პორტუგალიელმა ლეგიონერმა საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე სამქულიანით ქუთაისელები ისევ დააწინარა, თუმცა დარჩენილ დროში კოტე ტუღუშის გაწვრთნილ მასპინძლებს ბურთი აღარ ჩაუგდიათ. ქვემოქართლელთა იმავე ტრიომ – ვაშინგტონმა, ბაქრაძემ და უაითმა ისევ ჩააგდეს ბურთები, რუსთაველები 81:76 დააწინაურეს და მატჩიც ასე დასრულდა.
ამ გამარჯვებით ქვემოქართლელები სუპერლიგაში ერთპიროვნულად და სოლიდური უპირატესობით გალიდერდნენ. ანატოლი ბოისას გაწვრთნილ რუსთავს მთელი 3 წაგებით ნაკლები აქვს, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისს.
ქვემოქართლურ გუნდს 17 ქულით, 9 მოხსნითა და 4 პასით მალიქ უაითმა ულიდერა. 15 ქულა მაიკ დევისმა, ხოლო 12 ქულა და 7 მოხსნა ჯილან ვაშინგტონმა მოიპოვეს. ქუთაისელთაგან 15 ქულით ლუკ მეიერი გამოირჩა, ჟოელ ალმეიდას ანგარიშზე კი 13 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.
სუპერლიგის მიმდინარე ტურის 3 მატჩი 6 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება:
თსუ – ოლიმპი 13:00, მგზავრები – ტიტები 15:30, დინამო – ვერა 18:00