მე-6 ტური დღეს ბათუმსა და რუსთავში დაიწყო. ზღვისპირეთში
წარმატებული შეხვედრა ჩაატარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც
„ბათუმი“ 74:61 დაამარცხა,
ხოლო რუსთავში მასპინძლებმა „სოხუმს“ 87:65 აჯობეს. რუსთავში გამართული შეხვედრა 2 განსხვავებულ ნაწილად
შეიძლება დავყოთ. პირველ ტაიმში მოედანზე თანაბარი და დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა,
ხოლო მეორე ნახევარში მასპინძლებმა სოხუმელთა წინააღმდეგობა გატეხეს და საბოლოოდ სოლიდური
სხვაობით გაიმარჯვეს.
პირველი ტაიმის შემდეგ რუსთაველები 40:35 იგებდნენ.
მესამე მეოთხედი ახალი დაწყებული იყო, როცა სოხუმელებმა ზედიზედ 2 შეტევა წარმატებით
დააგვირგვინეს და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 39:40. ამის შემდეგ მასპინძლებმა
წუთშესვენება აიღეს და მოედანზე დაბრუნებულები სულ სხვანაირად ათამაშდნენ. სწრაფი გარღვევებითა
და ზუსტი შორი სროლებით მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა ათწუთეული 23:13 მოიგო და ბოლო მეოთხედის
წინ 15 ქულით დაწინაურდა.
ბოლო პერიოდში სოხუმელებს მოწადინება არ აკლდათ, მაგრამ
გამართულად მოთამაშე რუსთაველებისთვის რამე პრობლემების შექმნა ვერ მოახერხეს. საბოლოოდ
მასპინძლებმა 22 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს და სუპერლიგის ცხრილს ხვალამდე, სანამ მე-6
ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართებოდეს, სათავეში ჩაუდგნენ.
გამარჯვებულთაგან 22 ქულით საუკეთესო იყო ნეით ბოუი,13
ქულა ჰქონდა კაილი ნელსონს, ხოლო გოგა ცეკვავას ანგარიშზე 12 დაგროვდა. „სოხუმში“
20-ქულიანი ზღვარი ორმა მოთამაშემ გადალახა – ვახტანგ ქადარიამ (21 ქულა, 13 მოხსნა)
და დავით დეკანოიძემ (20).
მატჩის შემდეგ გუნდების მწვრთნელებმა შემდეგი კომენტარები
გააკეთეს:
ვაჟა კვარაცხელია, „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი
„ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ჩვენი გუნდის კალათბურთელების
გარჯით უკმაყოფილო ვარ. რუსთაველები თავიდანვე ფავორიტებად ითვლებოდნენ და ეს უპირატესობა
ბოლომდე გამოიყენეს. ბევრი შეცდომები დავუშვით, რაც იმის მანიშნებელია, რომ საკუთარ
თავზე საკმაო სამუშაო გვაქვს. ვეცდებით, მომავალში უკეთესი თამაში ვაჩვენოთ“.
მიხეილ ბერუაშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი
„პირველ რიგში
რუსთაველებს გიორგობას მივულოცავ. რაც შეეხება თამაშს, კმაყოფილი ვარ ჩემი ბიჭებით.
ყველამ მაქსიმალური მობილიზებით ითამაშა და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. „რუსთავი“
თამაშის ხარისხს აუმჯობესებს. ვცდილობთ, მომავალზე ვიფიქროთ. შემდეგი მატჩი ქუთაისში
გველის, სადაც ძალიან რთული ბრძოლა იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას
მივაღწიოთ“.
სუპერლიგა მე-6 ტური
ბათუმი – თსუ 61:74