საკალათბურთო კლუბი ”აკადემია” საბონისის სკოლასთან მემორანდუმს გააფორმებს

საკალათბურთო კლუბი ”აკადემია” საბონისის სკოლასთან მემორანდუმს გააფორმებს

საკალათბურთო კლუბი ”აკადემია” ლეგენდარული ლიტველი კალათბურთელის, არვიდას
საბონისის კალათბურთის ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებს. საბონისის
სკოლა არამხოლოდ ლიტვაში, არამედ მთელს ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო
სკოლაა (www.saboniscentras.lt)

 12-დან 16 მაისამდე, სულ ოთხი დღით, თბილისს ეწვევა საბონისის საკალათბურთო
ცენტრის დირექტორი, არვიდას საბონისის ძმა ანდრიუს საბონისი და სკოლის ერთ-ერთი მწვრთნელი
აურიმას იასილიონისი.

 თბილისში ვიზიტისას ლიტველი სპეციალისტები გაიცნობენ კალათბურთის
”აკადემიის” ინფრასტრუქტურას, მუშაობის პრინციპს, დაესწრებიან სუპერლიგის მატჩებს.
ამავდროულად კლუბის ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს გაუწევენ კონსულტირებას,
გააცნობენ საკუთარ ხედვებსა და მიდგომებს. 15 მაისს 15:00 ჩაატარებენ საჩვენებელ
ღია ვარჯიშს, რომელსაც ”აკადემიის” აღსაზრდელებთან და მწვრთნელებთან ერთად სხვა
საკალათბურთო სკოლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

მემორანდუმი გაფორმდება 13 მაისს 11.30 საათზე სპორტკომპლექს ”არენას”
საკონფერენციო დარბაზში. მემორანდუმი მიზნად ისახავს ლიტვისა და საქართველოს
წამყვანი საკალათბურთო სკოლების ურთიერთთანამშრომლობას, რაც გამოიხატება თეორიული
და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებასა და გაცვლით პროგრამებში. პარტნიორობის საბოლოო
მიზანია, საკალათბურთო კლუბი ”აკადემია” ჩამოყალიბდეს როგორც გამართული ევროპული
დონის სპორტული ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს მეტი ბავშვის ჩართვას
საკალათბურთო აქტივობებში, ახალგაზრდა, ნიჭიერ კალათბურთელებს გზას გაუხსნის
ევროპულ ასპარეზზე, მოამზადებს პროფესიონალ კადრებს სუპერლიგისა და ქვეყნის
ნაკრები გუნდებისათვის. 
www.bcacademy.ge