საკალათბურთო სეზონი თბილისის ასაკობრივი ჩემპიონატებით გაიხსნება

 გალერეა

საქართველოში
საკალათბურთო სეზონი თბილისის ასაკობრივი ჩემპიონატებით გაიხსნება. 15 ოქტომბრიდან
სტარტს აიღებს დედაქალაქის 18-წლამდელთა პირველობა, რომელსაც რამდენიმე დღეში 16-წლამდელთა ჩემპიონატიც
მოჰყვება. ტურნირებს ორგანიზებას თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი გაუწევს.

გარდა იმისა,
რომ აღნიშნული ტურნირები დედაქალაქის ჩემპიონებს გამოავლენენ, თბილისის პირველობებს
ამავდროულად საქართველოს ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირების დატვირთვაც ექნებათ.
18-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო 8 გუნდი საქართველოს პირველობის საგზურს მოიპოვებს,
ხოლო 16-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატიდან ქვეყნის პირველობაზე საუკეთესო 9 გუნდი გადავა.

დღეს, სპორტისა
და ახალგაზრდობის სამინისტროში აღნიშნული ტურნირების კენჭისყრა გაიმართა, რომელიც თბილისის
კალათბურთის განვითარების კავშირისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო
დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ჩაატარეს.

კენჭისყრამდე
მწვრთნელებს კალათბურთის მსაჯთა კავშირის წარმომადგენლებიც შეხვდნენ და ის ცვლილებები
გააცნეს, რომლებიც თამაშის წესებში 2014-15 წლების სეზონიდან შევიდა.

თბილისის
2014 წლის 18-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობას 14 გუნდი მიიღებს, რომლებიც 3 ჯგუფში
გადანაწილდება. სწორედ ჯგუფების შემადგენლობები გაირკვა დღევანდელ კენჭისყრაზე. ჯგუფებში
ჩატარდება 1 წრე, ხოლო თითოეულიდან საუკეთესო 2-2 გუნდი მეოთხედფინალში პირდაპირ გავა.
მეოთხედფინალის დარჩენილი 2 საგზური საკვალიფიკაციო ეტაპზე გათამაშდება, რომლებშიც
მონაწილეობას ჯგუფებში მე-3 ადგილზე გასული გუნდები და საუკეთესო მეოთხეადგილოსანი
მიიღებენ.

მეოთხედფინალში
გასული გუნდები თბილისის ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ და ავტომატურად მიიღებენ
საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობის უფლებას.

16-წლამდელთა
თბილისის ჩემპიონატში 19 გუნდი ითამაშებს, რომლებიც კენჭისყრის შედეგად 4 ქვეჯგუფში
გადანაწილდნენ. გათამაშების ფორმატის თანახმად გუნდები 1 წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც
საუკეთესო 2-2 გუნდი მეოთხედფინალში გავა და გააგრძელებს თბილისის ჩემპიონობისთვის
ბრძოლას.

2014-15 წლების
საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში თბილისის პირველობიდან საუკეთესო 9 გუნდი გადავა.
მეოთხედფინალში გასული 8 გუნდი აღნიშნულ საგზურებს პირდაპირ მოიპოვებს, ხოლო მე-9 საგზურს
ჯგუფებში მე-3 ადგილზე გასული 4 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე გაითამაშებს.

აქვე გეტყვით,
რომ 2014-15 წლების სეზონის საქართველოს 16 და 18 წლამდელთა ჩემპიონატები ერთი სისტემით
ჩატარდება და მასში მონაწილეობას 14-14 გუნდი მიიღებს. თბილისის ჩემპიონატის საუკეთესო
გუნდებს რეგიონის წამომადგენლები დაემატებიან და სავარაუდოდ ნოემბრის დასაწყისიდან
აღნიშნულ ასაკებში სტარტს საქართველოს ჩემპიონატები აიღებენ.
 
იხილეთ: 16-წლამდელთა
თბილისის ჩემპიონატის დებულება 
18-წლამდელთა
თბილისის ჩემპიონატის დებულება 
16-წლამდელთა
ჯგუფები 

18-წლამდელთა ჯგუფები