სამუშაო შეხვედრა სუპერლიგის გუნდებთან | სეზონი 29 სექტემბერს, დუდუს დადინის მემორიალით გაიხსნება

სამუშაო შეხვედრა სუპერლიგის გუნდებთან | სეზონი 29 სექტემბერს, დუდუს დადინის მემორიალით გაიხსნება

საქართველოში საკალათბურთო სეზონი 29 სექტემბერს, ტრადიციულად, დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირით გაიხსნება. ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით სუპერლიგის მონაწილე გუნდებთან ჩვეულებისამებრ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სუპერლიგის დირექტორი, გიორგი ჯაფარიძე, მისი მოადგილე, ვანო ლაცაბიძე და მრჩეველი, კობა კობიაშვილი მედიისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად უმაღლესი ლიგის გუნდების ხელმძღვანელობას შეხვდნენ და მომავალ სეზონთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

კობა კობიაშვილი კალათბურთის ფედერაციის ახალი თანამშრომელია, რომელსაც კალათბურთის სფეროს წარმომადგენლები კარგად იცნობენ. წლების მანძილზე იგი საკალათბურთო კლუბ “რუსთავის” პრეზიდენტი იყო. კობიაშვილი სუპერლიგის გუნდების ხელმძღვანელებს ვანო ლაცაბიძემ წარუდგინა.

შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდა სეზონის პირველი ტურნირის დაწყების თარიღი და ჩატარების ადგილი. ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი რუსთავის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება და მასში მონაწილეთა რაოდენობა უახლოეს დღეებში დადგინდება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს “რუსთავი”, რომელიც სუპერლიგიდან “ა” ლიგაში გასული სეზონის ბოლოს დაქვეითდა.

რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, სუპერლიგის 2024-2025 წლების სეზონი, მისი დაწყების წინასწარ შეთანხმებული თარიღი 11 ოქტომბერია. ახალი სეზონის დაწყებამდე, როგორც სუპერლიგის, ასევე “ა” და ასაკობრივი ლიგების გუნდებთან კიდევ იქნება სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც სხვა მნიშვნელოვან საკითხებსა და დეტალებზე იქნება მსჯელობა.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ფიბა-ს არბიტრი, მიხეილ ვართანოვი, რომელმაც სუპერლიგის გუნდების წარმომადგენლებს კალათბურთის ოფიციალურ წესებში შესული განახლებები გააცნო.