სანაძემ კობეშავიძეს მოაგებინა

სანაძემ კობეშავიძეს მოაგებინა

მორიგი ტური დღეს ბათუმში დაიწყო, სადაც საკმაოდ პრინციპული მატჩი
გაიმართა. ერთმანეთს სუპერლიგის საშუალო ძალის გუნდები შეხვდნენ: „ბათუმსაც“ და
სსაუ–საც ამ შეხვედრამდე 4–4 გამარჯვება ჰქონდათ, თუმცა მნიშვნელოვანი იყო
სამწვრთნელო დუელიც.

საქმე ისაა, რომ ზღვისპირველებს მიხეილ კობეშავიძე წვრთნის, რომელიც
პირველ წრეში სსაუ–ს თავკაცი გახლდათ. მას შემდეგ, რაც ბათუმელთა მწვრთნელი დავით
უსტიაშვილი შსს–ში გადავიდა, აჭარელებმა თავისთან მიხეილ კობეშავიძეს უხმეს.
სსაუ–ში გამოთავისუფლებული მთავარი მწვრთნელის ადგილი კი 16–წლამდელთა ნაკრების
თავკაცმა გია კაზანჯიანმა შეავსო. ასე რომ, კობეშავიძეს დღეს ყოფილი გუნდის
წინააღმდეგ უწევდა თამაში და, ცხადია, ორივე მწვრთნელს განსაკუთრებით სურდა
გამარჯვება.

მატჩიც საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. ყველაფერი ბოლო მეოთხედში
გადაწყდა, მანამდე კი შედარებით თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. პირველი მეოთხედი
მასპინძლებმა 20:18 მოიგეს, მეორე ათწუთეულში კი დაცვითი თამაშის ზეიმი იყო და
მთლიანობაში მხოლოდ 21 ქულა გაკეთდა – 11:10 მასპინძელთა სასარგებლოდ.

მესამე მეოთხედში გუნდებმა 15–15 ქულა გაცვალეს და ყველაფერი ბოლო
მეოთხედში უნდა გარკვეულიყო. ორივე გუნდი გაიხსნა და აქცენტი შეტევაზე გააკეთეს.
ეს ანგარიშშიც აისახა – მეოთხედი სსაუ–მ 36:32 მოიგო. თუმცა ეს არ აღმოჩნდა
საკმარისი და ბათუმელებმა 5 ქულით გამარჯვება შესძლეს.

მატჩის გმირი დუდა სანაძე გახდა, რომელმაც აგრარელებს 31 ქულა ჩაუგდო.
ფარქვეშ კარგად მოქმედებდა თსუ–დან აჭარულ გუნდში გადასული დავით ყველაშვილი,
რომელმაც 15 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. რაც შეეხებათ აგრარელებს, მათ გამოკვეთილი
ლიდერი არ ჰყოლიათ. 13 ქულა რევაზ ჩაჩანიძემ დააგროვა, ხოლო კახა მუმლაძემ 12–ს
მოუყარა თავი.

ამ გამარჯვებით ბათუმელებმა ცხრილში მე–7 ადგილზე აინაცვლეს, ხოლო
სსაუ მე–8–ზე განლაგდა.

მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=346