გალერეა
სტატისტიკა LIVE!საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ქვეჯგუფში პირველ
ადგილზე გავიდა და ნახევარფინალში ანდორას დაუპირისპირდება. ლელა ცანავას, როლანდ გელოვანისა
და მანანა ბიჩინაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მალტას
დაძაბულ ბრძოლაში – 55:51 სძლია და პლეი ოფში დაუმარცხებლად გავიდა.
მალტაც და საქართველოც ამ მატჩამდე წაუგებლები იყვნენ
და მათ შორის გამარჯვებულს ჯგუფში პირველი ადგილი და ნახევარფინალურ მეტოქედ შედარებით
სუსტი ანდორა ელოდა. ანდორელებმა პირველ ტურში სომხეთთან 26 ქულით წააგეს, დღეს კი
„ბ“ ჯგუფის მესამე მონაწილე უელსს სძლიეს და მეორე ადგილზე გავიდნენ.
საქართველოს ნაკრებმა მალტასთან მატჩი შედარებით მძიმედ
დაიწყო, თუმცა ცანავას გუნდმა კუნძულელებს მალე მოუნახა სუსტი წერტილები. რამდენიმე
ტანმაღალი და მასიული მოთამაშის მყოლ მალტელებს ქართველებმა შორი სროლები დაუპირისპირეს.
ამან გაამართლა და ჩვენი ნაკრების ლიდერის, ნატალია ოთხმეზურის შორი სროლებით, რომელსაც
ხელს ელენე მანდარიაც აშველებდა, ქართველებმა მეტოქე მეორე პერიოდში გატეხეს.
პირველი მეოთხედი ფრედ – 12:12 დასრულდა, ხოლო 2-წუთიანი
შესვენების შემდეგ ქართველებს მეტოქის ფარისკენ გზა გაეხსნათ და სწრაფი თამაშით, რასაც
ზუსტ სროლებს უთავსებდნენ, ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. პირველი ნახევრის შემდეგ
ტაბლო საჩვენო ანგარიშს – 31:22 უჩვენებდა.
მესამე მეოთხედში ქართველებმა შედეგიანი თამაში განაგრძეს
და ბოლო მეოთხედს დამაჯერებელი ჰანდიკაპით შეხვდნენ – 46:33. შეხვედრის დასრულებამდე
8 წუთით ადრე ჩვენი გუნდი 52:40 იგებდა და თითქოს ყველაფერიც გადაწყვეტილი იყო, თუმცა
მალტელებმა ბოლოდე იბრძოლეს და მასპინძლები აანერვიულეს. კუნძულელთა გამთამაშებელმა
– ტანმორჩილმა და სხარტმა ჟასმინ აბელამ 2 სამქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც სხვაობა
3 ქულამდე შემცირდა. შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილ 1:13 წუთში ქართველებმა მოახერხეს
სიმტკიცის გამოჩენა და სტუმრებს წარმატების იმედი გადაუწურეს. საბოლოოდ ცანავას გუნდმა
4 ქულით – 55:51 იმარჯვა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ნატალია
ოთხმეზურმა დააფიქსირა, რომელმაც 22 წუთში 21 ქულა მოაგროვა. 8 ქულა დააგროვა ელენე
ილურიძემ, ხოლო ელენე მანდარიას ანგარიშზე 7 ქულა დაგროვდა. იუბილარმა ანა ქავთარაძემ
კი 6 ქულა მიითვალა.
საქართველოსა და ანდორას ნახევარფინალური მატჩი 12 ივლისს,
19:30 საათზე გაიმართება. მანამდე კი, 17:00-საათიან მატჩში, ფინალში გასასვლელად სომხეთი
და მალტა დაუპირისპირდებიან.
უელსი – სომხეთი 28:70
ჯეიმს მორგანსი
(უელსი, მთავარი მწვრთნელი): გუშინდელმა თამაშმა იმედები გაგვიცრუა,
ამიტომ დღეს უფრო შემართებით გამოვედით მოედანზე. სომხეთთან არ გველოდა ადვილი თამაში.
ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, გოგონებმა ბოლომდე ითამაშეს და არ წავიდნენ დათმობაზე,
იმისათვის რომ ეჩვენებინათ საუკეთესო შედეგი. ვულოცავ სომხეთის ნაკრებს გამარჯვებას.
სოფი ევასნი
(უელსის მოთამაშე): რთული თამაში იყო, ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო.
სომხეთი ჩვენზე ძლიერი გუნდია და კმაყოფილები ვართ იმ თამაშით, რაც შევძელით.
ალბერტ არუთინიანი
(სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელი): ვერ ვიტყოდი
რომ ადვილი თამაში იყო. თავიდან ვცდილობდით წინ წავსულიყავით ანგარიშით და ოდნავ გაგვიჭირდა.
ვფიქრობ ჩვენმა გოგონებმა თამაშის კარგი რიტმი
მოძებნეს, თუმცა მერე ცოტა დაიბნენ. მადლობა კარგი თამაშისთვის უელსის გუნდს.
ანა ასლანიანი(სომხეთის
მოთამაშე): კარგი მატჩი იყო. განსაკუთრებით მოვემზადეთ ამ თამაშისთვის.
დაცვაში კარგად გავუგეთ ერთმანეთს და ამის ხარჯზე მოვიგეთ თამაში. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ უელსის მოთამაშეები ძალიან
საყვარელი გოგონები არიან.
გიბრალტარი – კოსოვო 31:79
კიარა სენე (გიბრალტარი,
მთავარი მწვრთნელი): დღეს გუშინდელზე გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. სამშაბათს
უელსს ვეთამაშებით და მაქსიმალურად მოვემზადებით მასთან შესახვედრად. კოსოვო ძლიერი
და კარგად მსროლელი გუნდია და წარმატებას ვუსურვებ შემდეგ შეხვედრაში.
ემა მასქუერა
(გიბრალტარის მოთამაშე): როდესაც თამაშს ვიწყებდით, ვიცოდით
რომ რთული მატჩი გველოდა წინ, მაგრამ ვფიქრობ რომ ამ შეხვედრაში უკეთესი დაცვა ვითამაშეთ,
ვიდრე მანამდე. დღეს უფრო გუნდურად ვითამაშეთ და საერთო ჯამში უფრო დიდი სულისკვეთება
იგრძნობოდა.
ქიმეტე ჰალიტი
(კოსოვო, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): მადლობას გადავუხდი
გიბრალტარს კარგი თამაშისთვის. ეს ჩვენი პირველი გამარჯვებაა და ნამდვილად მნიშვნელოვანია
ჩვენთვის. ვიმედოვნებ რომ აღარ გავიმეორებთ
წინა ორ თამაშში დაშვებულ შეცდომებს.
ყველაფერი გავაკეთეთ დღეს იმისათვის რომ უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია. მოვაგროვეთ
კიდეც 79 ქულა და შედეგი სახეზეა.
ადეა კასტრატი (კოსოვოს მოთამაშე):
ვფიქრობ, რომ გიბრალტარი კარგად პროგრესირებადი გუნდია და მსოფლიოსთვის კიდევ ბევრი
აქვს საჩვენებელი. ჩვენ ძალიან გვინდოდა მოგება და ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო.
საქართველო – მალტა 55:51
სანდრო ფარუჯია
(მალტა, მთავარი მწვრთნელი): ძალიან რთული და დაძაბული შეხვედრა
იყო. საქართველოს გუნდს კარგი სათადარიგო მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც ხუთეულის მსგავსად
დიდ სამუშაოს ასრულებენ. ტურნირის პირველივე დღიდან ორი ფავორიტი გამოიკვეთა – საქართველო
და სომხეთი. სომხეთთანაც საქართველოს მსგავსად რთული თამაში გველოდება.
ჟასმინ აბელა
(მალტას მოთამაშე): ვფიქრობ უკეთ შეგვეძლო თამაში და 3-ქულიანები არ უნდა
აგვეცილებინა. გავაანალიზებთ ამ შეცდომებს და მომავალში აღარ გავიმეორებთ.
ლელა ცანავა
(საქართველო, მთავარი მწვრთნელი): ძალიან დიდი
მადლობა გულშემატკივრებს. მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს ასეთი კარგი თამაშისთვის. ჩვენ
არ ძლიერ გუნდებთან თამაშის გამოცდილება და
ეს მატჩი უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენთვის.
ნატალია ოთხმეზური
(საქართველოს მოთამაშე): დიდი მადლობა მწვრთნელებს, გულშემატკვირებს, ყველას
ვინც გვერდით გვიდგას. ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის, ყველა მოთამაშე ბოლომდე
დაიხარჯა და ასე გავაგრძელებთ მომდევნო შეხვედრებზეც.