საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა დონეცკის საერთაშორისო ტურნირი მოიგო

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები
დონეცკში დასრულებული ალექსანდრ შვედჩენკოს მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გახდა. 

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ზურა ტომარაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ხუთივე მატჩი მოიგო
და პირველი ადგილი დაიკავა.
ტურნირში უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის გუნდები მონაწილეობდნენ,
რომლებსაც ქართველებმა დამაჯერებლად სძლიეს.  
გადამწყვეტ მატჩში ქართველებმა დონეცკის
გუნდს მოუგეს, რომელიც  ფაქტობრივად უკრაინის ნაკრებს წარმოადგენდა…

 – გადამწყვეტ მატჩში დონეცკის გუნდს
მოვუგეთ, რომელსაც მოთამაშეები ხარკოვიდან, ლვოვიდან და სხვადასხვა კლუბებიდან
ჰყავდა დამატებული – გვითხრა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა, რომელსაც
დონეცკში დავუკავშირდით – შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი გამარჯვება უკრაინის
ნაკრებთან მოვიპოვეთ.

– ფინალურ მატჩში გამარჯვება
გაგიჭირდათ?

 – ოფიციალურად ეს ფინალი არ ყოფილა,
რადგან ტურნირი ჯგუფური სისტემით, ერთ წრედ ჩატარდა. უბრალოდ, ისე დაემთხვა, რომ
ბოლო ტურში ერთმანეთს მანამდე წაუგებელი გუნდები შევხვდით. გამარჯვებას იოლს ვერ
დავარქმევ, მაგრამ ზედმეტი გართულების გარეშე მოვიგეთ. საბოლოო ანგარიშია 58:49.
ყველა კალათბურთელმა კარგად ითამაშა, ნაკრების ყველა წევრი ქების ღირსია. ბოლო ორ
მატჩში ვერ ითამაშა ალექსანდრე კაკუბერმა, რომელიც მანამდე ძალიან სასარგებლო იყო.
მის ნაცვლად ბერდია ქავთარაზეს მივანდეთ გამთამაშებლობა, რომელმაც თავი ძალიან
კარგად წარმოაჩინა.

– მთლიანობაში ტურნირზე ჩვენი ნაკრების
გამოსვლას როგორ შეაფასებთ?

 – თავიდან ცოტა მძიმედ დავიწყეთ,
მაგრამ მერე შევთამაშდით, ბიჭებმა საკუთარი ძალები ირწმუნეს და შედეგიც სახეზეა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ნიკა ყირიმელმა მიიღო, რომელმაც გადამწყვეტ
მატჩში მასპინძლებს 24 ქულა ჩაუგდო. საუკეთესო ცენტრის პრიზი გოგა ბითაძეს
გადაეცა, ხოლო ყველაზე ტექნიკური მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი გახდა. გამოვარჩევ
ასევე ჩვენი ნაკრების მეფარეებს – ზაურ ჯანელიძეს და გოგა ბითაძეს. ერთი სიტყვით,
ნაკრების ყველა წევრის კმაყოფილი ვარ.