საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისლანდიაც დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისლანდიაც დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მორიგი წარმატება.
გია კაზანჯიანის, არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა საქართველოს ჭაბუკთა
ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ ობერვარტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში
მორიგი მატჩი მოიგო. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასული ქართველების მეტოქე ნაკლებად საკალათბურთო
ქვეყნის, თუმც ისლანდიის მძლავრი ნაკრები იყო. ამ ასაკში კუნძულელებს მართლაც სამაგალითო
გუნდი ჰყავთ და პირველი ჯგუფური ეტაპიც იოლად დაძლიეს.

ქართველებმა კი პირველ ჯგუფურ ეტაპზე დიდი ბრძოლები
გადაიტანეს და ბოლო წამებზე მოახერხეს პორტუგალიისთვის გამსვლელი მეორე ადგილის წართმევა.
კიდევ უფრო დაძაბული ჯახი ჰქონდათ ქართველებს მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ზემოთხსენებულ ისლანდიასთან.
მატჩი ძალიან დაძაბული და დრამატიზმით სავსე აღმოჩნდა. მაყურებელმა 4 ერთმანეთისგან
განსვავებული მეოთხედი იხილა, რომლებშიც გუნდები მონაცვლეობით აქტიურობდნენ.

საქართველოს ნაკრებმა სარეკორდოდ ბევრი – 17 სამქულიანი
ჩააგდო. შორი სროლების ეს რაოდენობა ნებისმიერი გუნდისთვის საოცნებოა. თანაც, კაზანჯიანის
შეგირდებმა 17 სამიანის ჩაგდება 35 ცდიდან მოახერხეს – ანუ სროლათა 49 პროცენტი გამოიყენეს,
რაც ასევე დიდებული შედეგია და მსოფლიო კალათბურთში იშვიათად ფიქსირდება.

თავი ისახელა ყველა ქართველმა, ვინც მოედანზე გავიდა,
თუ სათადარიგოთა შორის დარჩა. სამქულიანების სეტყვა ისლანდიელებს დაატეხეს – დავით
ლომიძემ (9-დან 6 სამიანი ჩააგდო), გიგი გოგობერისვილმა (10-დან 5), ლუკა ბულაშვილმა
(8-დან 3), ტანმაღალმა ვილი ისიანმა (2-დან 2) და ლევან გოგალაძემ (4-დან 1). უმნიშვნელოვანესი
იყო ყველა ჩაგდებული სროლა, თუმცა ლომიძის მიჯრით მითვლილი 2 სამიანი, რომლებმაც მატჩის
დასრულებამდე 2,30 წუთით ადრე 80:84 ჩამორჩენილი საქართველო 30 წამში 86:84 გაალიდერა.
ამან ისლანდიელები ვერ გატეხა, მაგრამ ბოლო 2 წუთში გამოჩენილი თავდადების დაფასება
ქართველების 87:85 გამარჯვება იყო.

აღსანიშნავია, რომ პირველი მეოთხედი ისლანდიამ 7 ქულით
მოგვიგო. მეორე პერიოდში ქართველებმა 12 ქულით იძალეს და დიდ შესვენებაზე 48:43 დაწინაურდნენ.
ისლანდიამ კვლავ ხურდა დააბრუნა და მესამე მეოთხედის 24:12 მოგებით ბოლო ათწუთეულს
7-ქულიანი ლიდერობით შეეგება. ქართველებმა გმირულად ჩატარებული და 27:18 მოგებული მეოთხე
პერიოდის შემდეგ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გამოჭედეს.

3 მოთამაშეს დაუგროვდა 18-18 ქულა: გიგი გოგობერიშვილს,
დავით ლომიძეს და ლადო ფურცხვანიძეს. 12 ქულა მიითვალა ტანმაღალმა ვილი ისიანმა, რომელმაც
ისლანდიელებს გვარიანი სიურპრიზი მიართვა ზუსტად შესრულებული 2 სამქულიანით. სამქულიანიებით
შეგროვებული 9 ქულაა ლუკა ბულაშვილის ანგარიშზე. ისლანდიელებს კი, თუ ეს გვარი რამეს
გეუბნებათ, კრისტინ პალსონმა ულიდერა, რომელმაც თავი 32 ქულას მოუყარა. 1 ქულით და
6 მოხსნით დაასრულა შეხვედრა 216-სანტიმეტრიანმა ტრიგვი ჰლირსონმა, რომელსაც ქართველები
მატჩის წინ უფრთხოდნენ, მაგრამ მისი განეიტრალება სულ იოლად მოახერხეს.

საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფში მოგებ-წაგებები გაითანაბრა
(ქართველებს მეორე ჯგუფში პირველ ეტაპზე შვედეთთან განცდილი მარცხი გადაჰყვათ). გამარჯვების
მიუხედავად, ქართველებს ნახევარფინალში გასასვლელად დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს.
შვედეთმა თუ ისლანდიას მოუგო, ქართველებს ისრაელის 18 ქულით დამარცხება დასჭირდებათ.
ეს იმის ბრალია, რომ შედებს ქართველებთან პირველ ეტაპზე მოპოვებული 32-ქულიანი გამარჯვება
ანგარიშში ეთვლებათ. თუ შვედები ისლანდიასთან წააგებენ, მაშინ საქართველოს ისრაელის
ნებისმიერი ანგარიშით დამარცხება აძლევს ხელს. ყველაფერ კი ის ართულებს, რომ ჯერ საქართველო
– ისრაელის მატჩია, ხოლო შემდეგ შვედეთი – ისლანდია გაიმართება.

ასეა თუ ისე, ქართველებმა ისლანდიის მოგებით ნახევარფინალში
გასვლის შანსი შეინარჩუნეს და ყველაფერი 30 ივლისის გვიან ღამით გადაწყდება. საქართველოს
ნაკრები ისრაელს ხუთშაბათს, თბილისის დროით 20 საათზე დაუპირისპირდება. 
ეცროპის U18 ჩემპიონატი. მეორე ეტაპი.
ობერვარტი. ავსტრია, 29 ივლისი
საქართველო 87:85 ისლანდია

23:30, 25:13, 12:24, 27:18