საქართველოს 3X3 საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალი მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად

საქართველოს 3X3 საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალი მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად

24 ივლისს 3X3
კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირი გაიმართება. თბილისის აღმოსავლეთ
კარიბჭესთან – East Point-ის
ტერიტორიაზე საქართველოს 12 საუკეთესო გუნდი მოიყრის თავს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის
ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ.

ივნისსა და ივლისში საქართველოს დედაქალაქსა და 4 რეგიონში
ჩატარებული შესარჩევი ტურნირების შედეგად შემდეგი 12 გუნდი შეირჩა: dream team, geo3x3, ponto franco,
 hellohaters, კახეთი მიქს, მუხბე, სეუ,
სოხა, squad, west, AND1,
Old Eagles.  სწორედ ეს გუნდები შეიკრიბებიან
24 ივლისს East Point-ში და საუკეთესოს გამოავლენენ. ამ გუნდებში არიან თავმოყრილნი
საქართველოს საუკეთესო 3X3 კალათბურთის მოთამაშეები, რომელთაგან არაერთი სუპერლიგის
კლუბების წევრია.

შესარჩევი
ტურნირები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და რუსთავში.  დედაქალაქის შესარჩევი ტურიდან ფინალის საგზური
8 საუკეთესო გუნდმა მიიღო, ხოლო რეგიონის ქალაქებიდან საგზურები მხოლოდ გამარჯვებულებს ერგოთ.

East Point-ში ფინალურ ტურნირზე მისულ გულშემატკივარს სიურპრიზი ელოდება. თბილისში საგანგებოდ ფინალურ ტურნირზე დასასწრებად და სათამაშოდ ჩამოდიან 3X3 კალათბურთის მსოფლიო კორიფეები, „რედ ბულის“ ათლეტები სერბეთიდან – დუშან დომოვიჩი, დეიან მაისტოროვიჩი, მარკო ჟდერო და მარკო სავიჩი. სწორედ ამ თანმიმდევრობით ეს მოთამაშეები 3X3 კალათბურთის მსოფლიო რეიტინგში 1-დან მე-4 ადგილებს ინაწილებენ. ეს ოთხეული გახლავთ არაერთი სუპერტურნირის გამარჯვებულ გუნდ „ნოვი სადის“ წევრი, რომელსაც სპონსორობას კუვეიტური „ალ ვაჰდა“ უწევს. სერბი კალათბურთელები თბილისში კომპანია „რედ ბულმა“ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით ჩამოიყვანა. „ნოვი სადი“ საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მსვლელობისას საჩვენებელ მატჩს გამართავს წამყვანი ქართველი კალათბურთელებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან.

საქართველოს ჩემპიონ გუნდს აღნიშნულ ტიტულთან ერთად
3X3 კალათბურთის ერთ-ერთი ევროპული ტურნირის საგზური ერგება, რომელიც 15-16 აგვისტოს
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება.