დღეს სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სუპერლიგის
2014-2015 წლების სეზონთან დაკავშირებით ფედერაციის ხელმღვანელობასა და კლუბების წარმომადგენლებს
შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
ლევან ყიფიანი დაესწრო, რომელიც სუპერლიგის მოთამაშეებს შეხვდა.
კალათბურთელებმა დღეს ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და მინისტრთან შეხვედრის
სურვილი გამოთქვეს და დაფინანსებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. მოთამაშეებმა
აღნიშნეს, რომ სახელწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა წინა წლებთან შედარებით არ უნდა შემცირდეს,
რადგან ამით ჩემპიონატის დონე არათუ იგივე
დარჩება, არამედ დაიწევს კიდეც.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და ფედერაციის
ხელმძღვანელობა მოთამაშეებს კალათბურთის განვითარების პროექტზე ესაუბრა, რომელიც 2015
წლის იანვრის თვიდან ამუშავდება.
აღნიშნული პროექტი
ხელს შუწყობს ქვეყანაში კალათბურთის წინსვლას, ინფრასტრუქტურის შექმნას, ასაკობრივი
ჩემპიონატების განვითარებას და მოაწესრიგებს ჩემპიონატში არსებულ სხვადასხვა პრობლემატურ
საკითხებს.
დღევანდელი შეხვედრიდან
გამომდინარე, აღმოჩნდა რომ მოთამაშეებსა და კლუბებს შორის არ იყო კომუნიკაცია და კალათბურთელებს
არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი კლუბები იღებდენ ჩემპიონატში მონაწილეობას.
შეხვედრამ
დაახლოებით ორ საათს გასტანა, რომლის დასრულების შემდგომ კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო
დეპარტამენტი სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბების
ხელმძღვანელებს შეხვდა და მომავალი სეზონის დებულებასთან დაკავშირებით იმსჯელა.
საშეჯიბრო დეპარტამენტი სუპერლიგის გუნდებთან მომდევნო შეხვედრას 17 სექტემბერს,
15:00 საათზე გამართავს და დებულებასთან დაკავშირებულ დღეს წამოჭრილ სხვადასხვა საკითხებს გადაწყვეტს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დარბაზში
დღეს 8 გუნდის წარმომადენელმა მოიყარა თავი
(სოხუმი,
არმია, შსს აკადემია, დინამო, ოლიმპი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი). მათგან წერილობითი თანხმობა ჩემპიონატში მონაწილეობის თაობაზე
მხოლოდ „დინამოს“ აქვს წარმოდგენილი. დანარჩენმა გუნდებმა კი ფედერაციას მონაწილეობის შესახებ ოფიციალური პასუხი
22 სექტემბრამდე უნდა შეატყობინონ, რის შემდეგადაც გუნდებთან ერთად გადაწყდება ჩემპიონატის ჩატარების
ზუსტი თარიღი.
მიხეილ გაბრიჩიძე:
ჩემპიონატი აუცილებლად ჩატარდება და სახელმწიფოს
მიერ გამოყოფილი თანხა ვიმედოვნებთ სოლიდური იქნება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის,
რომ მოთამაშეები კმაყოფილნი დარჩნენ. ამ ეტაპზე სუპერლიგაში ასპარეზობის მსურველი
8 გუნდია. მათთან სამუშაო შეხვედრები კიდევ
გაგრძელდება და ერთობლივად გადაწყდება ჩემპიონატის
დაწყების თარიღი. ასევე ხვალ დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა ასაკობრივი ლიგების გუნდებთან.
კოტე ტუღუში: კლუბის უშუალო ხელმძღვანელობისგან
დღეს, რამდენიმე საათის წინ მივიღე დაპირება, რომ
დაფინანსება იქნება, რათა კლუბმა იანვრამდე იარსებოს, შემდეგ კი ,,არმიაც’’
შემოთავაზებული პროგრამის მიხედვით გააგრძელებს არსებობას. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ძალიან კარგია,
რომ ყველა მხარე – სამინისტრო, ფედერაცია, კლუბები, მწვრთნელები, მოთამაშეები ერთად
შევიკრიბეთ და საკუთარი პოზიცია დავაფიქსირეთ. ამ 5-წლიან პროექტზე იმედები მყარდება,
რომ ის რეალურ შედეგს გამოიღებს და საქართველოში კალათბურთი წინ წავა. ამისთვის ყველაფერი
უნდა გაკეთდეს. თუმცა, აშკარად ჩანს და ფაქტია, რომ ეროვნული ჩემპიონატი საფრთხის წინაშე
დგას და მისი დონე ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე გასულ წლებში. ეს, რა თქმა უნდა, კარგ
შედეგს არ მოგვიტანს. მინისტრი დაგვპირდა, რომ მუშაობა გაგრძელდება და იმედია წლის
ბოლოს, როცა ახალი პროექტი უნდა ამუშავდეს, უკეთესი სიტუაცია იქნება.
ბესიკ ლეჟავა: როგორც დღევანდელი შეხვედრიდან გაირკვა,
წელს გუნდებს უფრო ნაკლები ბიუჯეტი ექნებათ. მინისტრის მიერ შემოთავაზებული გეგმა ითვალისწინებს
განვითარებას არა ამ სეზონში, არამედ უფრო შორეულ პერსპექტივაში. შესაბამისად, წელს
ჩემპიონატის დონე ნამდვილად დაიწევს, ამ გეგმის მიხედვით ეროვნული ჩემპიონატი სტაბილურ
სახეს შემდგომ წლებში მიიღებს და ნელ-ნელა უფრო წინ წავა. გასაგებია, რომ რთული სიტუაციია და უნდა მოვითმინოთ, თუმცა, ჩემი
აზრით, იმ თანხებზე, რაზეც ლაპარაკია, ძალიან ბევრ კალათბურთელს არ უღირს თამაშის გაგრძელება.
შესაბამისად, ბევრი უარს იტყვის თამაშზე, რაც სუპერლიგის დონეს ძალიან დაწევს, ხოლო
თუ ეროვნული ნაკრების წევრებიც არ გააგრძელებენ ასპარეზობას, ეს ნაკრებზეც ცუდად აისახება.