შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა თსუ-ს ცენტრალური მოუგო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა თსუ-ს ცენტრალური მოუგო

შსს-ს ცენტრალურ მატჩში თსუ დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობა იმდენად
დაძაბული არ ყოფილა, რამდენადაც მისი ბოლო წუთები. დრამატულ ფინალში შსს-მ
უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

არადა, ცხრილის მიხედვით ეს გუნდები საკმაოდ განსხვავდებოდნენ. თსუ–ს
მხოლოდ 1 მარცხი ჰქონდა მიმდინარე სეზონში, შსს–ს კი წაგების სიმწარე 5–ჯერ
განეცადა. ისიც სათქმელია, რომ „ძალოვნებს“ ახლა სხვა მწვრთნელი ჰყავს და გუნდიც ახლებურად,
უფრო მობილურად თამაშობს.

არჩილ ჟღენტის დებიუტი სუპერლიგაში წარმატებული გამოდგა. მისმა
დამოძღვრილმა შსს–მ გააზრებული, ტაქტიკურად გამართული კალათბურთი ითამაშა და
სუპერლიგის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდი დამსახურებულად დაამარცხა.

„ძალოვნებმა“ თავიდანვე რომ დაიწყეს, მთელი მატჩის განმავლობაში
კომბინაციებით თამაშობდნენ. უმეტეს შემთხვევაში შსს–ს გათამაშებული კომბინაციები
შედეგიანად მთავრდებოდა და ჟღენტის გუნდიც სულ ლიდერობდა. თუმცა თსუ მეტოქეს არ
რჩებოდა და ბოლო წუთებამდეც შანსს ინარჩუნებდა.

სწორედ ბოლო მომენტში მოუმატეს სტუდენტებმა და რომ არა შინაგან
საქმეთა სამინისტროელების მაქსიმალური მობილიზება, თსუ გაიმარჯვებდა.

საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე გიორგი ნიკოლაძის შედეგიანი
გარღვევის შემდეგ შსს 71:63 დაწინაურდა, თუმცა მომდევნო წუთებში თსუ–მ დაცვა
გაამაგრა და წარმატებული შეტევების წყალობით მომდევნო 4–წუთეული 10:0 მოიგო. შესაბამისად
თსუ მატჩის დასრულებამდე 80 წამით ადრე 73:71 დაწინაურდა და შსს–ს მთელი ჯაფა
წყალში ეყრებოდა, მაგრამ… გიორგი მარკოიშვილმა, რომელმაც ფეხის ტრავმის გამო წუნა
7 მატჩი გამოტოვა და მოედანს დღეს დაუბრუნდა, უმნიშვნელოვანესი ორქულიანი ჩააგდო
და ანგარიში გაათანაბრა. მარკოიშვილმა მომდევნო შეტევაში 2 საჯარიმო ჩააგდო, თსუ–ს
მანამდელი შეტევა კი გაფრინდაშვილმა გაანიავა. მას ლექსო ლაფანაშვილმა ჩაუჭრა. მარკოიშვილის
საჯარიმოების შემდეგ სირენამდე ნახევარი წუთით ადრე 75:73 დაწინაურებულმა შსს–მ
თავი კარგად დაიცვა, სტუდენტებს ბურთი ირაკლი ბერიშვილმა აართვა და საჯარიმოს
ხაზზე აღმოჩნდა. მან მხოლოდ 1 ჩააგდო და თსუ–ს ანგარიშის გათანაბრების შანსი
მიეცა, მაგრამ მიხეილ ფანჩულიძემ სამიანი ააცილა, თუმცა ეს უკანასკნელი და
დანარჩენი მისი გუნდელები ამტკიცებდნენ, რომ შსს–სგან ადგილი ჰქონდა წესების
დარღვევას. მსაჯებმა, ცხადია, არ შეცვალეს გადაწყვეტილება და მატჩიც შსს–ს
გამარჯვებით დასრულდა.

მომდევნო მატჩში კინაღამ სენსაცია ვიხილეთ. მთელი პირველი ტაიმი და
მესამე მეოთხედის დიდი ნაწილით „სამედიცინო–აკადემია“ სსაუ–ს უგებდა. გელა წულაძის
ახალგაზრდა გუნდი ტოლს არაფერში უდებდა სუპერლიგის ერთ–ერთ ლიდერს, მაგრამ ბოლომდე
ძალები არ ეყო, რომ ხმაურიანი გამარჯვება მოეპოვებინა.

სხვათა შორის, სუპერლიგის პირველ ტურშიც ანალოგიური სცენარით
წარიმართა ამ გუნდების დაპირისპირება. მედიკოს–აკადემიელებმა ყოჩაღი თამაშით
ბოლომდე შეინარჩუნეს შანსი, მაგრამ მოგება ვეღარ შეძლეს.

დღევანდელი დღის ბოლო მატჩში სუპერლიგის ლიდერმა „ენერჯი–ინვესტმა“
103:47 დაამარცხა აუტსაიდერი „ჭიათურა“. ამ ტურში ისვენებდა „სოხუმი“, რომელიც „ავიამშენს“
უნდა შეხვედრილიყო, მაგრამ ეს უკანასკნელი დაიშალა და სოხუმელებს ტექნიკური მოგება
(20:0) ჩაეთვალათ.