„სოხუმი“ ის გუნდია, წინა 2 ჩემპიონატის მეოთხედფინალიდან
„შსს-აკადემია“ რომ გამოაგდო. ეს გუნდები მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხედფინალშიც შეხვდნენ,
მაგრამ ამჯერად ტრადიცია დაირღვა
– აკადემიელებმა „სოხუმს“ ორივე მატჩი მოუგეს და ნახევარფინალში
გავიდნენ. სოხუმელებმა რაც შეეძლოთ, იბრძოლეს და მეტოქეს სათანადო
წინააღმდეგობაც გაუწიეს, მაგრამ საბოლოოდ წარმატების მიღწევა ვერ მოახერხეს. „შსს-აკადემია“
რომ გაცილებით ძლიერი შემადგენლობისა და შესაბამისად, ამბიციისაა, ეს ყველას კარგად
მოეხსენება. ამიტომაც, გიორგის კეცელიდისის გუნდის გამარჯვება მოსალოდნელი იყო და ასეც
მოხდა.
აკადემიელებმა შეხვედრა მობილურად დაიწყეს და გააზრებული
კომბინაციების წყალობით ქულებს იოლად იხვეჭდნენ. შესაბამისად, ანგარიშიც მათ სასარგებლოდ
იზრდებოდა და საწყისი პერიოდიც კეცელიდისის გუნდის გამარჯვებით – 28:19 დასრულდა. აკადემიელებში
გამოირჩეოდა ამერიკელი გამთამაშებელი დენოტა ვონი, რომელიც საბოლოოდ 25 ქულით მატჩის
ბომბარდირი გახდა.
მეორე მეოთხედი იყო ერთადერთი გამონაკლისი, რომელშიც
სოხუმელებმა აშკარად აჯობეს მეტოქეს. სერგო ათუაშვილისა და ვახტანგ ქადარიას ტანდემი
წინა, ხოლო ბოშკო სტოიაკოვიჩისა და ირაკლი ჩლაიძის დუეტი უკანა ხაზში მეტოქეებს ჯაბნიდნენ,
რაც შედეგზეც აისახა: სოხუმელებმა მეორე პერიოდი 17:9 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის
აკადემიელებს 36:37 მიუახლოვდნენ.
მესამე მეოთხედიდან აკადემიელებმა ტემპს და სიზუსტეს
უმატეს, დაცვაშიც საიმედოდ მოქმედებდნენ და კეცელიდისის გუნდის უპირატესობა მალევე
გადასცდა 10-ქულიან ზღვარს. კირკ არჩიბექმა და ჩად პრევიტმა არაერთი ბურთი ჩააგდეს,
ვონი კი ჩვეული სიზუსტით აგრძელებდა სოხუმელთა კალათის შეტევას. შედეგად, „შსს-აკადემიამ“
მესამე ათწუთეული 14 ქულის სხვაობით (25:11) მოიგო და გადამწყვეტი მეოთხედის წინ საიმედო
უპირატესობა მოიპოვა – 62:47.
ბოლო პერიოდში სოხუმელებმა გაიბრძოლეს, მაგრამ მაქსიმუმი,
რაც მოახერხეს, ჩამორჩენის 9 ქულამდე შემცირება იყო.“შსს-აკადემია“ იოლად მივიდა გამარჯვებამდე
და არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა სუპერლიგის ნახევარფინალში. გამარჯვებულებს
25 ქულით დენოტა ვონმა ულიდერა, 15 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა კირკ არჩიბექს, 13 – პრევიტს,
ხოლო ბენჯამინ რეიმონდმა აკადემიელებს 10 ქულა შესძინა. სოხუმელთაგან 3 კალათბურთელი
ასცდა 10-ქულიან ზღვარს: სერგო ათუაშვილი (19), ირაკლი ჩლაიძე (14) და ბოშკო სტოიაკოვიჩი
(12).
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
გეორგის კეცელიდისი
(შსს აკადემია): ვულოცავ მეტოქე გუნდის მწვრთნელს , მე არაერთხელ აღმინიშნავს
რომ მომწონს მისი ტაქტიკა; დღევანდელი თამაშით
ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი, მეორე პერიოდში საკმაოდ ბევრი დაკარგვა გვქონდა; რაც არ
უნდა კარგი გუნდი იყოს სოხუმი, ჩვენ არ უნდა მიგვეცა 67 ქულის ჩაგდების უფლება. ჩვენ
გვმართებს უფრო მეტი კონცენტრაცია.
ვაჟა კვარაცხელია
(სოხუმი): ძალიან ძლიერი გუნდია შსს აკადემია, მივულოცავ მათ
მოგებას. მე ვფიქრობ შსს აუცილებლად ითამაშებს ფინალურ მატჩს და ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტია.
კირკ არჩიბეკი
(შსს აკადემია): მართალია მოვიგეთ, მაგრამ ისევე როგორც მწვრთნელი მეც
უკმაყოფილო ვარ თამაშით. გვქონდა შეცდომები. გამარჯვება მოვახერხეთ, მაგრამ შეგვეძლო
უფრო იოლად მიგვეღწია მოგებისთვის.
რატი ბააკაშვილი
(სოხუმი): მოვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. რაც შეგვეხება ჩვენ,
ალბათ გულშემატკივარიც დამეთანხმება, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენ ვიბრძოლეთ
ბოლომდე მიუხედავად მეტოქე გუნდის სიძლიერისა.
ვახტანგ ქადარია
(სოხუმი): მივულოცავ მოგებას შსს აკადემიას; ნამდვილად ძლიერი
გუნდია და წარმატებას ვუსურვებ მორიგ ეტაპზე. დღევანდელ თამაშზე კი ვიტყვი, რომ მსაჯობით
უკმაყოფილო ვარ.
სოხუმი – შსს აკადემია 67:80
თსუ – ოლიმპი 77:117