შინაგან საქმეთა აკადემიის გუნდმა ნახევარფინალური სერიის
მესამე მატჩში ქუთაისში იმარჯვა და საერთო ანგარიშით – 2:1 დაწინაურდა. მასპინძელთა
გუნდი აღნიშნულ მატჩს დიდი ტკივილით შეხვდა
– დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა „ქუთაისის“
ერთ-ერთი მწვრთნელი, წარსულში ცნობილი და სახელიანი კალათბურთელი გელა დარსაძე.
მატჩის შემდეგ თამაშის შესახებ კომენტარი ვერც ერთი
გუნდის წევრმა ვერ გააკეთა. როგორც „ქუთაისის“, ისე „შსს-აკადემიას“ ხელმძღვანელებმა
უდიდესი მწუხარება გამოთქვეს დარსაძის გარდაცვალების გამო.
შეხვერდას რაც შეეხება, ის აკადემიელთა აქტიურობით დაიწყო
და გიორგის კეცელიდისის გუნდმა უპირატესობა მალევე მოიპოვა. პირველი მეოთხედის აკადემიელებმა
6 ქულით მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდეს – 48:32.
მესამე პერიოდში მასპინძლებმა თამაში ოდნავ გამოაკეთეს
და გადამწყვეტი მეოთხედის წინ მცირე იმედი ჩაესახათ. ქუთაისელებმა ათწუთეული 23:19
მოიგეს და ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირეს. დიდი მცდელობის მიუხედავად, მასპინძლებმა
თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხეს. მაქსიმუმი რაც შეძლეს, ჩამორჩენა 10 ქულამდე
– 71:81 შეამცირეს. საბოლოოდ აკადემიელებმა დამაჯერებლად – 89:73 იმარჯვეს და სერიაში
2:1 დაწინაურდნენ. მომდევნო შეხვედრა ხვალ, 12 მაისს, კვლავ ქუთაისში გაიმართება და
გამარჯვების შემთხვევაში „შსს-აკადემია“ ფინალში გავა.
გამარჯვებულთაგან ოთხივე ლეგიონერი გამოირჩა – დენოტა
ვონმა 20 ქულა მოაგროვა, ბენჯამინ რეიმონდმა – 16, კირკ არჩიბექმა – 13 და ჩად პრევიტმა
– 12. მასპინძელთაგან ყველაზე მეტი – 19 ქულა ჰქონდა გიორგი ბარბაქაძეს, ხოლო ზაურ
ფაშაევმა, რომელმაც 2 დღის წინ წელი დაიზიანა და საავადმყოფოში აღმოჩნდა, გამოჯანმრთელება
მოასწრო და ქუთაისელებს 12 ქულით შეეშველა.
ქუთაისი – შსს აკადემია 73:89