სოხუმელების გმირობა რეკორდების მატჩში (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სოხუმელების გმირობა რეკორდების მატჩში (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო მატჩს დღეს თბილისის
სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

 „სოხუმისა“ და „რუსთავის“ ერთი შეხედვით რიგითი დაპირისპირება
ისეთი დაძაბული, საინტერესო და დრამატული გამოდგა, რომ სუპერლიგის ნებისმიერ ფინალს
დაამშვენებდა. ამ შეხვედრაში რამდენიმე რეკორდი დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული
2 დამატებითი 5-წუთეულია, რომლის ანალოგი ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა. კიდევ უფრო
მოულოდნელი კი ის გახლავთ, რომ ეს დრამატული და ემოციური შეხვედრა სოხუმელებმა მოიგეს.

 „სოხუმი“ რომ ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი და შეუპოვარი
გუნდია, კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა კვარაცხელიას გუნდს მიმდინარე
ჩემპიონატში მხოლოდ 4 მოგება ჰქონდა მოპოვებული და მე-9 ადგილზე იმყოფებოდა. 12 გამარჯვების
მქონე „რუსთავი“ კი მე-3 ადგილზე იყო და ამ მატჩის მოგების უპირობო ფავორიტადაც ითვლებოდა.
ტრავმის გამო ქვემოქართლელებს ლევან ცეკვავა და მიხეილ ჭოჭუა აკლდნენ, თუმცა სოხუმელებს
არანაკლები ძალა აკლდათ – გუნდის ლიდერი ირაკლი ჩლაიძე.

თამაში ისე დაიწყო, რომ ალბათ არავინ იფიქრებდა, რომ
შეხვედრაში 2 ოვერტაიმი დაინიშნებოდა და ბოლოს გამარჯვებული „სოხუმი“ გამოვიდოდა. რუსთაველებმა
საწყისი მეოთხედი 17:14 ქულით მოიგეს, მეორე პერიოდის შუაწელში კი 9 ქულით დაწინაურდნენ
– 25:16. თუმცა „სოხუმი“ დანებებას არ აპირებდა და ანგარიში მალევეც გაათანაბრა, პირველი
ტაიმი კი 2 ქულით მოიგო – 40:38. ამ მომენტისთვის სოხუმელ სერგო ათუაშვილს უკვე ორმაგი
დუბლი (17 ქულა, 11 მოხსნა) ჰქონდა მოგროვებული, რუსთაველთაგან კი ამერიკელი ნეით ბოუი
გამოირჩა  22 ქულით. ბოუიმ საბოლოოდ 49 ქულით
მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა, მაგრამ ამ შესანიშნავ შედეგს ბრწყინვალება სოხუმელებმა
დაუკარგეს.

სოხუმელთა გამარჯვება ორმაგად დასაფასებელი იმიტომაა,
რომ ისინი მაშინაც კი არ გატყდნენ, როცა ბოლო მეოთხედში სოლიდური ლიდერობა ხელიდან
გამოეცალათ, მოგვიანებით კი, მეორე დამატებით პერიოდში, 5 ქულით ჩამორჩნენ და არც ამჯერად
შეეგუენ დამარცხებას. მესამე მეოთხედის მიწურულს „სოხუმი“ 59:49 იგებდა, მაგრამ ნეით
ბოუიმ შედეგიანი თამაშის წყალობით რუსთაველებმა დროის მონაკვეთი 12:0 მოიგეს და ბოლო
პერიოდის დასაწყისში 61:59 დაწინაურდნენ. სოხუმელები ვა-ბანკზე წავიდნენ და სამქულიანებით
სცადეს ფონს გასვლა, რაც გამოუვიდათ კიდეც – ბოშკო სტოიაკოვიჩმა 3 სამქულიანი ჩააგდო,
რასაც რატი ბააკაშვილმა 1 სამიანი და 2 საჯარიმო მოაყოლა.  „სოხუმმა“ 11:0 გაქცევა მოაწყო და 70:61 დაწინაურდა.

 ძირითადი დროის ბოლო წუთები ძალიან დაძაბული გამოდგა.
ათუაშვილის ორქულიანის შემდეგ კვარაცხელიას გუნდი 75:71 დაწინაურდა, თამაშის საფინალო
სირენამდე კი წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა. აქ კი თითქმის სასწაული მოახდინა ნეით ბოუიმ,
რომელმაც ჯერ სამიანი ჩააგდო, შემდეგ კი სოხუმელებს ჩაუჭრა და ორქულიანით „რუსთავი“
76:75 დააწინაურა. ძირითადი დროის დასრულებამდე 24 წამი რჩებოდა, რის შემდეგაც ათუაშვილმა
ორქულიანი ჩააგდო, ბოუის კი სტოიაკოვიჩმა ჩაუჭრა და ფარქვეშ დარჩენილ ათუაშვილზე რუსთაველები
დაჯარიმდნენ. სერგომ მხოლოდ 1 საჯარიმო სროლა გამოიყენა და „სოხუმი“ სირენამდე 8 წამით
ადრე 78:76 დაწინაურდა. ბოლო შეტევაში ძალიან ლამაზი ბურთი ჩააგდეს რუსთაველებმა. რევაზ
ათანელიშვილმა დრიბლინგი მოხდენილი ჩატენვით დააგვირგვინა და თამაშიც დამატებით დროში
გადავიდა.

პირველმა ოვერტაიმმა ვერაფერი გაარკვია, ხოლო მეორე
დამატებითი პერიოდის დებიუტში კაელ ნელსონმა ზედიზედ მითვლილი 5 ქულით რუსთაველები
85:80 დაწინაურა. ოვერტაიმის დასრულებამდე 3 წუთი რჩებოდა, რაც საკმარისი დრო იყო საიმისოდ,
რომ სოხუმელებს ანგარიში გაეთანაბრებინათ და დაწინაურებულიყვნენ. გრიგოლ შვანგირაძემ
უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო, რასაც ქადარიას 3 ქულაც მოყვა და ანგარიში გათანაბრდა
– 88:88.

 ბოლო წუთზე ყველაფერი სოხუმელთა ლატვიელმა ლეგიონერმა,
კარლ მუჟნიეკსის ნებისყოფამ გადაწყვიტა, რომელიც ჯერ 20 წლისაც არაა და ასეთ დაძაბულ
მომენტში ამხელა ფსიქოლოგიურ წნეხს გაუძლო. მუჟნიეკსმა მეორე ოვეტრაიმის ბოლო 40 წამში
6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, რითაც რუსთაველებს წარმატების შანსი გადაუწურა. არადა, ლატვიელმა
ახალგაზრდამ ამ შეხვედრაში მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, თუმცა ბოლო წუთზე მისი საჯარიმოები
სოხუმელთათვის უდიდესი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. საბოლოოდ ეს დრამატული შეხვედრა
კვარაცხელიას გუნდის 4-ქულიანი გამარჯვებით – 96:92 დამთავრდა.

კიდევ ერთი რეკორდი გააუმჯობესეს სოხუმელებმა. სერგო
ათუაშვილმა 26 ქულას მიმდინარე სეზონში სარეკორდო 26 მოხსნა მიამატა. ასევე 26 ქულა
ჰქონდა სტოიაკოვიჩს, რომელმაც პირად ანგარიშზე 9 პასიც ჩაიწერა. შვანგირაძე სოხუმელებს
17 ქულით შეეწია. რუსთაველების ბომბარდირზე უკვე ვთქვით: ბოუიმ სარეკორდო 49 ქულა მიითვალა,
ხოლო კაელ ნელსონმა  23 ქულა მიითვალა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

ვაჟა კვარაცხელია(სოხუმი):
მადლობა რუსთავის გუნდს ასეთი ბრწყინვალე თამაშისთვის.
მიუხედევად იმისა, რომ გვყავდა ორი ტრავმირებული მოთამაშე (ირაკლი ჩლაიძე, დავით დეკანოიძე)
ძლიერ გუნდთან გამარჯვების მოპოვება მოვახერხეთ. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა რეგულარული
ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილის დაკავებაა, შემდეგ კი ვნახოთ თუ როგორ
განვითარდება მოვლენები.

მიხეილ ბერუაშვილი(რუსთავი):  მივულოცავ მოწინააღმდეგეს დღევანდელ წარმატებას,
მათ ნამდვილად დამსახურებულად მოიგეს. რაც შეგვეხება ჩვენ, უკმაკოფილო ვარ მსაჯთა მაგიდის
მუშაობით, რომელმაც ორი მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა: ჯერ 24 წამის ამოწურვის შემდეგ
ჩავარდნილი სამქულიანი ჩათვალეს, შემდგე კი თამაშის ბოლოს დრო გაექცათ. ვფიქრობ, აღნიშნულმა
ფაქტმა დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს მარცხში.

ვახტანგ ქადარია(სოხუმი):
ჩვენი გამარჯვება ფარზე დიდმა უპირატესობამ და ზუსტმა პასებმა განაპირობა. რუსთავი
ფავორიტად იყო მიჩნეული, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მოვიგეთ, რაც ძალიან გვჭირდებოდა.

ნეით ბოუი(რუსთავი):
კარგი თამაში გამოვიდა. ვფიქრობ მოგება შეგვეძლო, თუმცა
გვაკლდნენ მოთამაშეები, რომლებიც როგორც დაცვაში, ისე შეტევაში დაგვეხმარებოდნენ. სოხუმი
ძლიერი გუნდია, რომელმაც დამსხაურებული გამარჯვება მოიპოვა.  
სოხუმი – რუსთავი 96:92

ქუთაისი – ოლიმპი 76:78
თსუ – ბათუმი 86:66 
შსს აკადემია – არმია  77:62
დინამო – თსსუ 90:62